თენდება, სტოვებს სიბნელე
ჭიუხებს შურთხებიანსა,
მტერსამც ნუ გაუთენდება,
დილას ნუ ნახავს მზიანსა.
რა კარგი სანახავია
ჩემი მთა-ბარი დილათა,
იმოსებიან მწვერვალნი
მზის სხივთა ოქროს შიბითა.
ქვემოთ მღერიან ჩანჩქერნი,
მორთულნი ბროლის სირმითა,
ცას სწვდება გუნდი ფრინველთა,
მაცოცხლებელის ჰიმნითა.
რა გააჩერებს ნიავსა,
სასტუმროდ წაუსვლელადა,
რო არა ჰკითხოს ამბავი
ყვავილთ, გადაშლილთ ველადა,
მორთულებს საპატარძლოდა,
სატრფოსთვის საკოცნელადა.
ნეტა, ამ ტურფა მხარეში
დიდხანს სიცოცხლით გვეხარა,
ვაი მას, ვინაც მზის მოსვლას
ხვალ ეღირსება ვეღარა,
ვისაც მუხთალმა სოფელმა
დასდვა სიკვდილის ბეგარა.
ღმერთსა ვთხოვ, ხელსანთლიანი,
ოცნება ამიხდებოდეს:
რო კაცი კაცის ხელითა
აღარასოდეს კვდებოდეს.
ეს მოკლე წუთისოფელი
უფრო არ დამოკლდებოდეს
გონება კაცთა მოდგმისა
სიცოცხლის აზრსასწვდებოდეს,
შურის და მტრობის ნაცვლადა
სიყვარულს ემონებოდეს,
ხარობდეს ია და ვარდი,
ნარ-ეკალ-ბარდი ხმებოდეს,
სამყაროს კიდით-კიდემდე
სიკეთე გამეფდებოდეს.