ნისლში გახვეულ მწვერვალებს
გადასწვდა თვალთა ისარი,
იქა ბუდობენ არწივნი,
ჯიხვტა სამშბლოც იქ არის.
სალის კლდის თავზე გადმოდგა
ჯიხვი, ქარაფზე ნაწოლი,
ნამი უბრწყინავს რქებზედა
შურთხების სტვენას აყოლილს.
დალანდა მონადირემა,
შუბლზე დაადვა ნიშანი,
ესროლა, მაგრამ დაუცდა,
გუმან გაცუდდა ყმისანი.
მიზანს ვერ მისწვდა ნასროლი,
ნება არ იყო ღვთისანი.
ვაი, შენ, მონადირეო,
ვერ მოჰკალ ჯიხვი რქიანი.
ვერ აიხდინე წადილი,
ვერ შასწვი მწვადი ცვრიანი.
რა გინდა, კაცო, რას დამსდევ,
სიკვდილ რად გინდა ჯიხვისა?
ღვთისგან შობილა ეგეცა,
მთელმა სამყარომ იცისა.
მაგათაც უყვართ სიცოცხლე,
ტრფობა მაგათაც იციან,
არ გინახავა კლდის თავსა
ხარ-ჯიხვნი როგორ იბრძვიან?
სატრფოს გულისთვის ომობენ,
ერთურთს რქით ეჯახებიან,
სანამ ერთ-ერთი არ გასტეხს,
იბრძვიან, არ დადგებიან,
მდედრი დადგება, მამაცსა
სუსტნი უკანა დგებიან.
არ გინდა, კაცო, არ მაჰკლა
ჯიხვი, მშვენება მთებისა,
გულსუწადინოდ სიკვდილი
დუშმანსამც მიერგებისა.