ღმერთი _ გროსმაისტერი
(ირონიული)
ატარებს ღმერთი ერთდროული თამაშის სეანსს
ექვსნახევარ მილიარდ დაფაზე:
«გროსმაისტერმა გაიმარჯვა
ყველა შეხვედრაში!»
მეზობლები
(ცუდი ვარიანტი)
ბავშვები _ თოვლის გუნდას ესვრიან ერთმანეთს
მოზრდილები _ ტალახისას
«ხმელი ფოთოლი»
კოპლებიანი ბურთი ცხვირწინ გამომიგორდა.
დავარტყი ჩვენი ბავშვებისაკენ!
მაგრამ მოიჭრა ჰაერში ბურთი:
წავიდა ჩვენი ბავშვობისაკენ!
მასწავლებელი
ოცდათერთმეტ წელზე მეტია,
რაც შენს ხსოვნაში ინახება
გაკვეთილისთვის აწეული ჩვენი თითების
უნაზესი ანაბეჭდები...
მოხუცი ცოლ-ქმარი
ჯერ _ აუწევენ ერთმანეთს წნევას,
მერე _ ერთმანეთს წნევას უზომავენ!
მეორე დღე წარღვნის შემდეგ,
ანუ ბიბლიური საუზმე
შიშხინებს ცეცხლზე ტრედი, რომელმაც
შტო ზეთისხილის მოიტანა:
წითელ ღვინოსთან ბატონ ნოეს
ფრინველის ხორცი ჰყვარებია!..