შენი თვალები - ტბებიანებია -
შიგნით მარილის კვნიტებიც ტკბებიან
და მეც კენჭივით ვისროლე მოწყენა.
სიტყვები - თავნება და ვნებიანი -
ახლა გრძნობებზე ბევრად ნაკლებია,
მე კი ჯიუტად მინდა, რომ მოგწერო -
ვიღაცას ვუყვარვართ, თან ისე ძალიან,
რომ ძილის ნება მივეცი ჩემს თავს -
სიფხიზლეს ვივიწყებ. ვიძინებ შენთან.
უშენოდ - უშნოა - რაც ადრე ბრწყინავდა -
გზები და მზეები - ყველა წინა დღის -
ამ ძილისათვის მეთმობა.
ვარსკვლავიც დაეწყო - თავისით - კრამიტად -
ხედები - ტბებია - სარკმლიდან, კარიდან -
ეს გავს უთხოვნელ შენდობას.
ვიღაცას ვუყვარვართ, თან ისე ძალიან,
რომ ძილის ნება მივეცი ჩემს თავს -
ლექსებსაც ვივიწყებ. ვიძინებ შენთან.
14/08/2012
14/08/2012