მართლმორწმუნეთა მტრები ალაგმა
და შეცბა როცა თვალი შენ გკიდა
- იქნებ ცეცხლიდან შექმნა ალაჰმა
არა ნეკნიდან
გამოქცეული ღამით შინიდან
ცხენით შენს კოშკთან ბალახს ბეკნიდა
- იქნებ ფიქრიდან, იქნებ ჟინიდან
არა ნეკნიდან
შენ ეძახოდი ვით ზღვა კაპიტანს
სარკმლის სუროდან და ნარ – ეკლიდან
- იქნებ ქარიდან ან ზღვის ქაფიდან
არა ნეკნიდან
და ყოველ დილას შაჰთან შენიდან
ის ბრუნდებოდა როგორც მექიდან
- იქნებ ქარვიდან ან გიშერიდან
არა ნეკნიდან
მეჯლისებიდან შენსკენ მოქროდა
მისი ცეცხლი და ცოდვა გეკიდა
- იქნებ ვერცხლიდან, იქნებ ოქროდან
არა ნეკნიდან
სულ შხამს ელოდა შენს ბადაგში და
ეჭვით თითები უნდა ეკვნიტა
- იქნებ ბროლიდან და ბადახშიდან
არა ნეკნიდან
კიდეც გატარნა, კიდეც დაფლითა
მისმა კერტებმა შენი მკერდი და
- იქნებ ღვინიდან, იქნებ თაფლიდან
არა ნეკნიდან
ვნების საფასურს ვნებით იხდიდა
ბეჭედიც დაგრჩა მისი ნეკიდან
- იქნებ მიწიდან, იქნებ თიხიდან
არა ნეკნიდან