დრო თავისი გზით წავიდა ისევ,
დატოვა ხსოვნა დღისა და ღამის...
მეც გავიზარდე და მერე ვიგრძენ
შეშფოთებული თვალები მამის.
ასე შფოთავენ წყვდიადში ტბები,
ქარიშხალი რომ უნახავთ ბევრი.
ასე ცახცახებს ფრინველთა ფრთები,
ძლივს რომ გააპო წვიმების ტევრი.
მეც ამ შფოთვით და ცახცახით ვცხოვრობ,
თუმცა, ჯერ თითქოს არავინ მერჩის:
ეს _ალუბლების ჩრდილია მხოლოდ,
ეს_გაზაფხული ჩურჩულებს ბნელში...
1955