* * * ქალაქის თავში
ქალაქის თავში, ქალაქის ბოლოს
მაღალი წვიმა დგას და შრიალებს.
ისიც იმიტომ მოვიდა მხოლოდ,
რომ მოგვეხმაროს ადამიანებს.
ოჰ, ღმერთო, თუმცა არ არის ღმერთი,
არ არის. ანდა არ იყო მაშინ,
როცა პირველი კოცონი ენთო
შენს დიდ თვალებში, ხმასა და თმაში.
სახურავებზე გადარბის ქარი
და თან გადააქვს ქარხნების ბოლი....
ჩვენ, აღტაცებულ ბავშვების დარად,
ერთმანეთს ვერ კი ვამჩნევდით, მგონი.
და მხოლოდ ვგრძნობდით, რომ შიგნით სულში
თრთოდა სრულიად ახალი სიმი
და არიგებდა ცრემლსა დაღიმილს
უბრალოდ, როგორც ყვაოდა ნუში.
მაგრამ შენ სადღაც ქრებოდი უცებ
და ჩაღდებოდა ირგვლივ კოცონი,
და ბიჭებივით წამომხტარქუჩებს
ზედიზედ ნთქავდა მკაცრი კოცონი.
და ფერშეცვლილი ფერფლით და ბოლით,
გაწამებული და გარუჯული,
ვით უნებურად შემცდარი ცოლი,
შენ პატიებს მთხოვდი ჩურჩულით.
ქალაქის თავში, ქალაქის ბოლოს
მაღალი წვიმა დგას და შრიელებს.
ისიც იმიტომ მოვიდა მხოლოდ,
რომ მოგვეხმაროს ადამიანებს.
და ალბათ დიდხანს იქნება გარეთ
ფერმკრთალი კვალი დამხდალი ჭორი....
სახურავებზე გადარბის ქარი
და თან გადააქვს ქარხნების ბოლი.
1960