მთელი წელია, რაც მე ვწევარ ამ კალაპოტში
მდინარის ნაცვლად... მთელი წელია!
მიწის ლაჯებში მოფართხალე წყალი ჰგონიათ
ჩემი სიცოცხლე. მთელი წელია!
ცას და ქვეყანას, როგორც ხიდზე მიმავალ გოგოს,
სუნთქვაშეკრული ამოვყურებ. მთელი წელია!
მთელი წელია, მოლოდინის ხორკლიან კედელს
ნასროლ ბოთლივით ზედ ვემსხვრევი. მთელი წელია!
მთელი წელია, შეეზარდა თმა წყალმცენარეს,
სხეული ლოდებს, თვალი სივრცეს. მთელი წელია!
მოდი, ფეხები ჩამოყავი ჩემს გრილ ზვირთებში,
პირზე შემისხი, მდინარე ვარ, მთელი წელია!
გული კი ფეთქავს, ვით აბგაში ცოცხალი მწყერი,
ანდა საათი ბალიშის ქვეშ... მთელი წელია!
1970