გასაბერი კაცი (ეძღვნება "კაზანტიპით" იმედგაცრუებულ ქართველ მამრებს) მე-კალ-მე
იუმორისტული
14,09,2014
641/0

მარტო ძილს ვერ იტანდა. ცალ ფეხს აუცილებლად წელზე შემოჰხვევდა ქმარს, თავს მხარზე დაადებდა და იძინებდა მშვიდად. "წელი" უკვე პირობითად ერქვა იმ ადგილს, სადაც ფეხს ჰხვევდა, რადგან წლობით ნაგროვები ქონის სქელი ფენის ქვეშ ძნელი მისახვედრი იყო, წელი იმალებოდა, თუ სხვა რამ... დიდი ხანია ქმარს მხოლოდ ეგ ფუნქცია შერჩა, სხვა მდგომარეობაში ფაქტიურად ვერც ნახულობდა, დღე ის მუშაობდა, ქმარი კი ან ტოტალიზატორებში იჯდა, ან - ინტერნეტ-კაფეში, ან ძმაკაცებთან ქეიფობდა, ან... ან... მოკლედ არ უჭირდა "საქმის" გამონახვა. შუალედებში კი სახლის საფუძვლიანად არევასაც ახერხებდა, მისი მომზადებული კერძების ათვისებასაც და იმაზე წუწუნსაც , რომ "ეს შობელძაღლი სუროსავით შემოეხვეოდა ღამე და სანამ არ გაახმობდა, არ მოშორდებოდა"...
ერთ დილას (აქ მინდოდა დამეწერა "ერთ მშვენიერ დილას", მაგრამ მშვენიერი დილა აღარც ახსოვდა ბოლოს როდის იყო მის ცხოვრებაში) ის ჩვეულებრივ სამსახურში მიდიოდა. სულ სამი გაჩერება ჰქონდა გასავლელი და ძირითადად ფეხით დადიოდა. ასე გზის ფულსაც ზოგავდა და სხეულის ლამაზ ფორმებსაც ინარჩუნებდა. აი, სხეული კი უდაოდ გასაოცარი ჰქონდა: მაღალი, მუდმივად რუჯისფერი, მკვრივი კანით, მწვანე თვალები, ბუნებრივად ქერა თმა, საჭირო ადგილებში მადისაღმძვრელად მომრგვალებული ფორმები, ლამაზი მუცლის პრესი... მოკლედ ყველაფერი, რაც ორმოც წელს გადაცილებული ქალებისთვის (და არა მხოლოდ) შორეული და მიუღწეველი ოცნებაა...
"მაღაზია მხოლოდ დიდებისთვის" - წაიკითხა წარწერა ახლადგახსნილი მაღაზიის კედელზე. დაინტერესდა. დროც საკმარისად ჰქონდა და გადაწყვიტა, შეეხედა. "სათამაშოები დიდებისთვის", "სპეც ტანსაცმელი", "გასაბერი თოჯინები"... იუწყებოდნენ პატარა აბრები, რომლებიც მაღაზიის სხვადასხვა განყოფილებებს ერთმანეთისგან ტიხრავდნენ.
თავდაპირველად "სპეც ტანსაცმელ"-ში შეიხედა. მანეკენები სხვადასხვაგვარი სექსუალური სამოსით იწონებდნენ თავს. მისი ყურადღება დიდმკერდა "ექთანმა" მიიქცია, რომელსაც თეთრი ხალათი ვერ უფარავდა აბრეშუმის ბიკინში გამოკვართულ პლასტმასის ქათქათა უკანალს, მკერდი კი, ასევე პლასტმასისა რომ არ ყოფილიყო, აუცილებლად ეცდებოდა სიარულისას ღრმა დეკოლტიდან ამოხტომას... "ოო, დღეს რომ ამ ფორმით გამოვეცხადო ჩემს პაციენტებს" - გაიფიქრა და ჩაეღიმა...
-რით შემიძლია გემსახუროთ? - მიმართა ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომლის სხეულიც ვიზუალურად მხოლოდ მოძრაობის უნარით განსხვავდებოდა იქვე მდგარი, მეხანძრის ფორმაში გამოწყობილი კუნთმაგარი მანეკენისგან.
- ააა... არაფერი, მე გასვლას ვაპირებდი - დაიბნა ქალი.
- ოოო! აქეთ წამობრძანდით, აქეთ! თქვენ ჩვენი მაღაზიის მთავარი ღირსშესანიშნაობები არ გინახავთ - ამ სიტყვებით მკლავში ხელი ჩაავლო და ლამის ძალით წაიყვანა იმ განყოფილებისკენ, სადაც თეთრ აბრაზე ვარდისფერი ასოებით ეწერა: "გასაბერი თოჯინები".
-აი, ნახეთ! ეს არის ჯააადოსნური კაცი! ნამდვილისგან ვერაფრით განასხვავებთ. კანი? კანი ნახეთ! ინოვაციური ტექნოლოგიების წყალობით, ის მაქსიმალურად არის მიახლოებული ადამიანის კანთან. სხეულის ტემპერატურა და კიდურების მდგომარეობა შეგიძლიათ დაარეგულიროთ სპეციალური მართვის პულტით. ააახლა კი მთავარი: ოთხი ცალი სხვადასხვა ზომის ფალოსი, რომელთა შეცვლაც დიდი ძალისხმევის გარეშე შეგიძლიათ. აი, ნახეთ, ძალიან მარტივია. თან არანაირი ელემენტების ცვლა წარამარა, ამ დამტენის საშუალებით ასევე მარტივად აავსებთ მათ ენერგიით... და კიდევ ერთი, ყოველდღე, მაღაზიის პირველი კლიენტისთვის გვაქვს საჩუქარი; თუ თქვენ ამ "კაცს" იყიდით, საჩუქრად გადმოგეცემათ ეს ელექტრო-ნასოსი, რომლის დახმარებითაც ზუსტად 40 წამში გაბერავთ დაჩუტულ "კაცს"... დაჩუტვა კი ნამდვილად უიოლესი საქმეა, აი, ნახეთ... - ამ სიტყვებით გამყიდველმა "კაცს" "ჭიპი" გამოაძრო და ჩვენი "კაცი" მართლაც წამებში იქცა რეზინის უფორმო სხეულად - ახლა ამას დაკეცავთ და სადაც გინდათ, იქ შეინახავთ, ძალიან ცოტა ადგილს იკავებს...
- განვადება თუ გაქვთ? - იკითხა ქალმა.
- დიახ, რა თქმა უნდა. განვადებაც გვაქვს და ორწლიანი გარანტიაც! ჩვენი მაღაზია თქვენს კომფორტსა და სიამოვნებაზეა გათვლილი.
- ძალიან კარგი. ერთი ცალი "კაცი" ჩამიდეთ ყუთში, თუ შეიძლება და განვადება გამიფორმეთ.
- ისე, ქალბატონო, ცოტა კი მშურს ამ "კაცის"... სიამოვნებით ვიქნებოდი მის ადგილზე. თან არცერთი ფუნქციით არ ჩამოვუვარდები მას... ამასთან შეგიძლიათ უფასოდ გახდეთ ჩემი მფლობელი. ერთი ეგაა, რომ არ ვიკეცები... - მაცდურად გაიღიმა კაცმა და ქალს თვალი ჩაუკრა.
ქალმა ერთი კი ჩაათვალიერა მისი საოცრად მამაკაცური და სასურველი სხეული, მოზრდილი ნერწყვიც გადაყლაპა, მაგრამ მაინც მტკიცედ ჩაილაპარაკა:
-არა, არა! ნამდვილი კაცი აუცილებლად უნდა იკეცებოდეს!!!

რამოდენიმე საათში ამ ამბიდან, ქალი ლამაზად შეფუთული ყუთით ხელში სასამართლოს ეზოდან გამოდიოდა, სადაც განქორწინებაზე სარჩელი უკვე შეტანილი იყო.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •