მოგონება მაკო დოლიძე
მინიატურა
11,11,2014
4/0

30 დეკემბრის საღამო...
სოფლის სახლი, ირგვლივ ყველაფერი დათოვლილი.
ფუმფულა, ხრაშუნა თოვლი.
თეთრად გაბუმბლულ ტოტებში ერთი-ორი კარალიოკი შერჩენილი.
თოვლი გაკვალული მარტო წინ - ჭიშკრისკენ და უკან - ფარდულისკენ.
სახლში უფროსები ფუსფუსებენ, გოზინაყს ხალავენ.
ბუხართან ზიხარ და შეშის ტკაცუნისას ავარდნილ ნაპერწკლებს თვალს ვერ აშორებ.
თან თხილს ამტვრევ, ვითომ უფროსებს ეხმარები.
ერთადერთი, შავ-თეთრი და ოცი წლის წინათ გაფუჭებული ტელევიზორი კუთხეში დგას, რაღაც ნაქსოვი აქვს გადაფარებული და ზედ კენტავრის ქანდაკება ადგას.
შალის წინდები გაცვია და ლოყები ბუხრის სიმხურვალისგან გაქვს აწითლებული.
თხილის ნაჭუჭებს შორის მოპარული და უკვე შეჭმული ჩურჩხელის ძაფი მოჩანს.
იქვე აულაგებელი, ფიჭვის სუნიანი ლოტოს კოჭები ყრია.
ქუთუთოები გიმძიმდება. რა დროს ძილია, ჯერ თერთმეტი საათია,-ფიქრობ და თვალები გეხუჭება...

"რა გემრიელად ძინავს, საცოდაობა არაა ამის გაღვიძება?" - ჩაგესმის ხმადაბლა ნათქვამი.
ოდნავ ახელ მარცხენა თვალს - პირველი საათი გამხდარა.
ეჰ, რა შეწვება ეხლა იმ გაყინულ ლოგინში...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •