გაიყვანა თუ არა დათა თუთაშხია და მუშნი ზარანდია სხვადასხვა ასპარეზზე ზნეობამ ანანია ბროველი
პუბლიცისტიკა
16,02,2015
2/0

რომან ,,დათა თუთაშხიას” მთავარი მთხრობელი - გრაფი სეგედი ნაწარმოების დასაწყისში სხვა დასკვნებთან ერთად ამგვარ დასკვნასაც აკეთებს: ,,განგებამ ისინი (დათა თუთაშხია და მუშნი ზარანდია – ა.ბ.) თანაბრად მდიდარი შესაძლებლობებით მოუვლინა ქვეყანას, მაგრამ ზნეობამ სხვადასხვა ასპარეზზე გაიყვანა.”
აღნიშნული დასკვნა ცხადია, ზოგადია, ამიტომ იგი გარკვეულ დაზუსტებებს მოითხოვს, განსაკუთრებით კი მისი მეორე ნაწილი – გაიყვანა თუ არა დათა თუთაშხია და მუშნი ზარანდია სხვადასხვა ასპარეზზე ზნეობამ? ეს იყო სხვადასხვა (ზოგადად) თუ ურთიერთსაპირისპირო (კონკრეტულად) ასპარეზი? აშკარაა, რომ ასპარეზი ურთიერთსაპირისპირო იყო. შესაბამისად თავიდანვე დასმული კითხვა, ამ დაზუსტების შემდეგ, ასეთ სახეს იღებს: გაიყვანა თუ არა აღნიშნულ ურთიერთსაპირისპირო ასპარეზზე ბიძაშვილ-მამიდაშვილი ზნეობამ?
თავიდან გავარკვიოთ, თუ რა პირობებში მოხდა თუთაშხიასა და ზარანდიას მიერ ცხოვრების გზების არჩევა, შემდეგ კი ზნეობრივი კუთხითაც შევხედოთ საკითს.
ნაწარმოებიდან ცნობილია, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების საწყის ეტაპზე დათა თუთაშხია მეჯოგე იყო და აბრაგად ათას რვაას ოთხმოცდახუთ წელს გავიდა, როცა იგი ცხრამეტი წლისა იყო. ხაზგასმით უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ დათა თუთაშხიამ მეჯოგეობა იძულებით, შემთხვევის გამო (პორუჩიკ ანდრიევსკის გრძნობისმიერი ნაბიჯი) მიატოვა. ამ მომენტისთვის მუშნი ზარანდია აქციზის მოხელედ მუშაობდა და დამატებითი შემოსავლის მისაღებად ზემოხსენებულ ანდრიევსკის (რომელიც მოსკოვის გუბერნიის ტახტის აზნაური და გადამდგარი პორუჩიკი იყო) დაწესებულებაში გადამწერად მუშაობდა.
ათას რვაას ოთხმოცდაათ წელს, ანუ თუთაშხიას გააბრაგებიდან ხუთი წლის შემდეგ, მუშნი ზარანდია აქციზიდან ჟანდარმერიაში გადადის (საკუთარი ნება-სურვილით) და იქ აგრძელებს კარიერას უმცროსი ჟანდარმის რანგში.
რატომ შეიცვალა ზარანდიამ სამსახური? რატომ გადავიდა იგი იმ სიბრტყის (ასპარეზის) საპირისპირო სიბრტყეში, რომელშიაც თუთაშხია თავიდან უნებლიეთ, საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ აღმოჩნდა? რატომ დასჭირდა მას ამისთვის ხუთი წელი? ლოგიკის ძალით, თუთაშხიას რეაქციას ანდრიევსკის გრძნობისმიერ ნაბიჯზე ზარანდიას მხრიდან მხარდაჭერა თუ არა, სიმპათია მაინც უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ამგვარი რამ ნაწარმოებში არსად არ გვხდება. ნაცვლად ამისა, გვხდება მისი დასაბუთებული წერილი არსებული იმპერიული სახელმწიფო წყობილების, როგორც გარკვეული სოციალური სისტემის დაცვის თაობაზე, მასში განსახორციელებელი აუცილებელი ცვლილებების და საერთოდ ყოველგვარი სიახლის მიუღებლობაზე, რომლითაც იგი წარსდგა ჯერ ნათლიის – გრიგოლ ფაღავას, ხოლო შემდეგ, ამ უკანასკნელის მეშვეობით, გრაფი სეგედის წინაშე.
აქვე საჭიროა ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხში გარკვეული სიცხადის შეტანა: რატომ გავიდა დათა თუთაშხია აბრაგად? რატომ არ დაკმაყოფილდა იგი პორუჩიკ ანდრიევსკისთან გამართული დუელის შემდეგ მიმალვაში ყოფნით? სეგედის ერთ შეფასებას კითხვად თუ ვაქცევთ, იგი ასეთ სახეს მიიღებს: რატომ ეხუმრებოდა და ეთამაშებოდა აბრაგი გაუგებარი თავგამოდებით სახრჩობელას თუ არა, კატორღას მაინც?
გრაფი სეგედი იქვე იძლევა ამ კითხვის ერთ სავარაუდო პასუხს: ,,თუთაშხიას, ეტყობა, ეხალისებოდა პოლიციასთან და ჟანდარმერიასთან ამგვარ დამოკიდებულებაში ყოფნა, რაც, იქნებ, იმითაც აიხსნებოდეს, რომ ხალხში ყოველი მისი პატარა წარმატებაც კი დიდ გამოხმაურებას პოულობდა, ამაღლებდა მის ავტორიტეტს, აკმაყოფილებდა მის პატივმოყვარეობას.”
შეიძლება ითქვას იმის შესახებაც, რომ ახალგაზრდა თუთაშხიას უარი სასამართლოს წინაშე წარსდგომისა და მისი გადაწყვეტილება აბრაგად გასვლისა, არა მხოლოდ საკუთრივ მისი, ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, არამედ ოჯახის (მამა) და საზოგადოების მხრიდან ჩაგონებული და მხარდაჭერილი. ცხადია, იგი ამ ფასეულობებით (ეროვნული) იყო აღზრდილი. აქ ასევე შეიძლება მოვიგონოთ მაგალი ზარანდიას შენიშვნა, რომელიც მან მეუღლის, თამარ ზარანდიას მისამართით გააკეთა, გააბრაგებული შვილის ერთ-ერთი სტუმრობის დროს მათსავე ოჯახში: ,,...არც მამა-პაპა ჰყოლია მაგას, გარემოებას რომ ურიგდებოდა, ისეთი, და არც ჩვენ გაგვიზრდია ეს კაცი დაშოშმინებული და მშვიდი ცხოვრებისთვის.”
ამგვარად, დათა თუთაშხია უნებლიეთ, საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ აღმოჩნდა ჩათრეული დუელში, თუმცა აბრაგად გასვლა მისი შეგნებული, გაცნობიერებული ნაბიჯი იყო. შეიძლება ითქვას, რომ დუელი თუთაშხიასთვის ერთგვარი საბაბი იყო აბრაგად გასასვლელად; შესაბამისად დუელიამდელი მისი ცხოვრება ესაა მოსამზადებლი პერიოდი, არსებული წყობილების (იმპერიული) წინააღმდეგ მიმართული.
რამდენად ზნეობრივი იყო დათა თუთაშხიას ცხოვრების გზა მეჯოგეობიდან აბრაგად გასვლამდე და რა ძირითადი მომენტები შეიძლება გამოიყოს ამ გზის დასახასიათებლად?
ა) ანდრიევსკის დუელში გამოწვევა (არა შურისძიება, ან სხვა რამ): ,,მკადრა რაღაც, არც მე, არც ჩემს ოჯახს და არც თვითონ რომ არ ეკადრებოდა, ისეთი. ვერც მე ვაპატიე, არც მან დაუწყო ძებნა შერიგებას.” ბ) თუთაშხიას პირველი გასროლის უფლება ჰქონდა, მაგრამ მან ამ შესაძლებლობით არ ისარგებლა – განგებ ააცილა მეტოქეს. გ) პორუჩიკ ანდრიევსკისგან მკლავში დაჭრილმა მეტოქეს მარჯვენა თვალში დაუმიზნა. იგრძნო რა გადამდგარმა ოფიცერმა, რომ უეჭველი ხვდებოდა ტყვია, თვალი გაარიდა ლულას. ამის შემდეგ, თუთაშხიამაც მკლავში ესროლა, მაგრამ ვერ ივარაუდა საკუთარი დაჭრილი მკლავის სისუსტე და მუცელში მოახვედრა, რითაც სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ტახტის აზნაურს. შეიძლება ითქვას, რომ თუთაშხიას ანდრიევსკი შემოაკვდა. რამდენად ზნეობრივი იყო თუთაშხიასაგან პასუხისმგებლობაზე თავის არიდება? მის ამ საქციელს ერთადერთი გამართლება აქვს - იგი არ დაემორჩილა კანონებს, რომლებიც დამპყრობელ სახელმწიფოს ეკუთვნოდა. შესაბამისად დათა თუთაშხიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბრაგად გასვლისა იყო საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ გადადგმული შეგნებული, თუმცა პირად ასპექტში დიდი საფრთხის შემცველი გადაწყვეტილება, რაც უდავოდ ზნეობრივი საქციელი იყო მისი მხრიდან.
ახლა დავუბრუნდეთ მუშნი ზარანდიას და გავარკვიოთ, თუ რამდენად ზნეობრივი იყო მისი ცხოვრების გზა, აქციზის მოხელეობიდან უმცროსი ჟანდარმის ჩინამდე და რატომ აირჩია მან იმ ასპარეზის საპირისპირო ასპარეზი, რომელზეც მისი ბიძაშვილი ხუთი წლის გასული იყო?
ზოგადად შესაძლებელია იმის თქმა, რომ ასპარეზი საზოგადოებაში მრავალია. ერთ-ერთზე მუშნი ზარანდია უკვე იყო თუთაშხიას გააბრაგების მომენტისთვის - აქციზის მოხელე. უნდა ითქვას იმის თაობაზეც, რომ ზარანდიას გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული და პორუჩიკ ანდრიევსკის დღიურების მიხედვით, მას ჰუმანიტარული მეცნიერებები, განსაკუთრებით კი სამართალი აინტერესებდა და ეხერხებოდა კიდეც. თუმცა აქვე იმაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ სამართლის სფეროც ზოგადია და იქაც მრავალი მიმართულება შეიძლება აირჩიოს ასპარეზად დაინტერესებულმა პირმა. მიუხედავად ამისა, ზარანდია ირჩევს იმ ასპარეზის საპირისპირო ასპარეზს, რომელზედაც მისი ბიძაშვილი უკვე ხუთი წლის გასული იყო. ცხადია, მას ამის უფლება ჰქონდა, თუმცა მისი ასეთი გადაწყვეტილება სათანადო ანალიზს და შესაბამის შეფასებას საჭიროებს.
როგორც უკვე აღინიშნა, პორუჩიკ ანდრიევსკისთან გამართული დუელის შემდეგ თუთაშხიამ უარი თქვა იმპერიული სახელმწიფოს სასამართლო წესებზე, რაც ამ კანონების და მათი დამდგენელი ინსტიტუტის უარყოფას ნიშნავდა. ამ ფონზე კი ზარანდია სწორედ აღნიშნული კანონების და მისი შემომღები სახელმწიფოს იდეურ დამცველად გვევლინება და იღებს გადაწყვეტილებას პრაქტიკულად განახორციელოს ის აზრები, რომლებიც მან ნათლიისადმი გაგზავნილ წერილში ჩამოაყალიბა.
ზემოაღნიშნული ხუთწლიანი პერიოდის შესახებ (1885-1890წწ.) ნაწარმოებში მწირი ცნობები მოიპოვება, თუმცა რაც არის, ისიც გარკვეულ სამსახურს გაგვიწევს დასახული მიზნის მიღწევაში. მთავარი ინფორმაცია კი ნაწარმოების დანარჩენ, ძირითად ნაწილშია, რომლის ექსტრაპოლაციაც ასევე უნდა დაგვეხმაროს აღნიშნული მიზნის მიღწევაში.
მუშნი ზარანდია თავის ნათლიას, თავად გრიგოლ ფაღავას ზემოხსენებულ წერილში სწერდა, რომ მის შექმნას მან სრული ერთი წელი მოანდომა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზარანდიამ ჟანდარმად 1890 წელს დაიწყო მუშაობა, მაშინ გამოვა, რომ წერილის წერას იგი 1889 წელს უნდა შესდგომოდა. სეგედის ცნობითვე, 1889 წელს აბრაგი თუთაშხია უკვალოდ (ჟანდარმებისთვის) გაქრა – ანუ, მან დაასრულა საქართველოში აბრაგობის ოთხწლიანი პერიოდი და გაუჩინარდა. სეგედის შეფასებით - თუთაშხიას ჟანდარმებთან თამაში მობეზრდა, ვინაიდან ისინი სუსტ მოწინააღმდეგებად მიიჩნია.
შეიძლება თუ არა ვივარაუდოდ, რომ მუშნი ზარანდიას კალამი ხელში სწორედ თუთაშხიას გაუჩინარებამ ააღებინა? ამ ფაქტმა ხომ არ აღუვსო მას ,,მოთმინების” ფიალა, ხომ არ იქცა იგი მისთვის იმ ბოლო წერტილად, რომლის შემდეგაც ხელი მიჰყო ზემოაღნიშნული წერილის წერას, ანუ იმას, რისი მეშვეობითაც ჟანდარმერიაში საკუთარი გადაბარგების იდეოლოგიური უზრუნველყოფა მოახდინა?
ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა რთულია, ვინაიდან მასთან დაკავშირებით ნაწარმოებში მხოლოდ წლებზეა საუბარი და არა თვეებზე, თუმცა, ვარაუდის დონეზე, სწორედ აბრაგის გაუჩინარება უნდა ქცეულიყო წერილის შექმნის ერთ-ერთ უპირველეს საბაბად. ზოგადად შეიძლება იმის თქმაც, რომ თუთაშხიას მოუხელთებლობამ და იმპერიული სახელმწიფოს, როგორც მდევნელის უძლურებამ უზარმაზარი თავისუფალი (ცარიელი) სივრცე გააჩინა (შექმნა), რომელიც ვიღაცას უნდა შეევსო, დაეკავებინა. ასეთი ვინმე კი აღმოჩნდა მუშნი ზარანდია – აბრაგის მამიდაშვილი, პატარაობიდანვე მასთან თანაშეზრდილი და შეიძლება ითქვას, მისი პიროვნების ყველაზე დიდი მცოდნე.
როგორ შეიძლება გავიგოთ ზარანდიას მიერ ზემოაღნიშნული წერილის შექმნის ფაქტი? უპირველეს ყოვლისა, ესაა სახელმწიფოს (იმპერიულის) სასარგებლოდ, მის მხარდასაჭერად გადადგმული კონკრეტული, დასაბუთებული ნაბიჯი. რას უნდა გამოეწვია მისი მხრიდან ასეთი საქციელი? უპირველეს ყოვლისა, იმ რეაქციას და შედეგებს, რაც მოჰყვა თუთაშხიას გააბრაგებას:
ა) მშობლების (განსაკუთრებით მამის) ღია თუ ფარული სიმპათია, რომელიც აბრაგის მხარეს იყო;
ბ) საზოგადოების დიდი ნაწილიც აბრაგს თანაუგრძნობდა;
გ) სახელმწიფოს მხრიდან აბრაგის ხანგრძლივვადიანი მოუხელთებლობა;
გ) ამ ფონზე დასაცავი და მხარდასაჭერი თავად სახელმწიფო (იმპერიული) იყო, რომლის ჟანდარმებთან ურთიერთობას თუთაშხია (ზარანდიას გამოჩენამდე) ,,საუკეთესო გასართობს” ეძახდა.
აქ კი ისმის სხვა კითხვა: რატომ თავადაც არ იქცა ზარანდია ძმის, ოჯახის, იმ საზოგადოების ფასეულობების გამზიარებლად, რომელსაც თავადაც ეკუთვნოდა? რატომ გამოვიდა იგი თავის წერილში არსებული მდგომარეობის (რომელიც მისსავე ქვეყანაში უცხო იმპერიამ შექმნა) დამცველად და მისი შეცვლის მოწინააღმდეგედ? ამ კითხვას მოგვიანებით ვუპასუხებთ, ახლა კი სხვა კითხვას შევეცდებით გავცეთ პასუხი: რისთვის (ან ვისთვის) უნდა დასჭირვებოდა ზარანდიას აღნიშნული წერილის შექმნა?
უპირველეს ყოვლისა, მან დასაბუთებული, წერილობითი (ანუ ფაქტობრივი) პასუხი გასცა (გაემიჯნა) იმ ფასეულობებს, რომლებიც მამის, მაგალი ზარანდიას ოჯახში იყო გაბატონებული და რომლებითაც აღიზარდნენ ,,სახლი სათნოებისა და სახლი სიყვარულის” შვილები. უფრო ზუსტად: მაგალი ზარანდიას ოჯახში ეროვნული და ზოგადკაცობრიული ფასეულობები ისე ძლიერი იყო, რომ სხვაგვარი ქცევა (მათგან გაქცევა) ღრმა დასაბუთებას მოითხოვდა. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ მოანდომა ზარანდიამ წერილის შექმნას სრული ერთი წელი. მეორე, მუშნი ზარანდიას აღნიშნული წერილი ერთი რიგითი (თუ არარიგითი) თანამდებობის დასაკავებლად, ან განსხვავებული ხელფასის მისაღებად არ სჭირდებოდა. მან ამ წერილით თავიდანვე ამცნო იმპერიულ სახელმწიფოს მასთან სულიერი წილნაყარობის ამბავი და იმასაც გაუსვა ხაზი, რომ სხვა გზას (იმპერიის ერთგულქვეშევრდომობა) სამომავლოდ აღარ (და ვეღარ) აირჩევდა. მესამე, ზარანდიამ აღნიშნული წერილით წინდაწინ გაითვალისწინა ის სიტუაცია, რომ ჟანდარმერიაში სამსახურის დაწყებისას და მით უმეტეს, კარიერული ზრდის გზაზე მას ალალი ბიძაშვილის უკანონო ცხოვრება შემაბრკოლებელ გარემოებად ამოუტივტივდებოდა (პრევენცია).
რატომ აირჩია მუშნი ზარანდიამ იმ ასპარეზის საპირისპირო ასპარეზი, რომელზეც მისი ბიძაშვილი უკვე ხუთი წლის გასული იყო? რა უნდა ქცეულიყო მისთვის მამოძრვებელ ძალად? კავკასიის მეფისნაცვალთან გამართული ერთი მნიშვნელოვანი თათბირის დამთავრების შემდეგ, ზარანდია ამ შეხვედრის მასპინძლის დასმულ კითხვას: ,, ...თქვენს უფლებებსა და მოვალეობებს თქვენს ბიძაშვილზე, ყაჩაღ თუთაშხიაზედაც გაავრცელებთ? მშვიდად პასუხობს: ,, ... დიახ, თქვენო მაღალაღმატებულებავ! გამოგიტყდებით, ერთგვარი აზარტითაც, რადგან იგი ღირსეული მოწინააღმდეგეა...”
ვფიქრობთ, რომ სწორედ აზარტი იქცა იმ მთავარ ძალად, რომელმაც ზარანდიას წერილის შექმნა გადააწყვეტინა და იმპერიულ სახელმწიფოსთან ერთად თუთაშხიას მადევრად აქცია. ჟანდარმერიაში გადაბარგებამდე და თუთაშხიას უშუალო დევნამდე ზარანდიასთვის ძნელად აღსაქმელი უნდა ყოფილიყო აბრაგის მრავალწლიანი მოუხელთებლობა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი იმპერიის მხრიდან. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ დევნილს იგი პატარაობიდანვე იცნობდა. შესაბამისად, ზარანდიას აქციზიდან ჟანდარმერიაში გადაბარგების საფუძველი უფრო აზარტი იყო, ვიდრე სხვა რამ ფასეულობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზარანდიას ზნეობას ამ პერიოდში აზარტი განსაზღვრავდა, რომელიც კარიერული ზრდის კვალობაზე პატივმოყვარეობაში გადაეზარდა.
მიუხედავად აღნიშნულისა, მუშნი ზარანდიას ცხოვრებაში ადგილი უნდა ჰქონოდა რაღაც სხვა გარემოებებსაც, რომლებიც მის მიერ გადადგმული რადიკალური ნაბიჯის საფუძვლად უნდა ქცეულიყვნენ. ზარანდიას ნაბიჯი სწორედ რომ რადიკალური იყო და ჩვენი ვალია გავარკვიოთ: მისი მხრიდან ეს იყო სულიერი მდგომარეობის ბუნებრივი გამოვლინება თუ ეს იყო რეაქცია იმ გარემო პირობებზე, რომლებშიაც მოხდა მისი აღზრდა-ფორმირება? ავჩქარდებით და ვიტყვით, რომ აქ უადგილოა შეფასება, რომელიც საყოველთაოდაა ცნობილი აკაკის ,,გამზრდელიდან:” ,,...განა მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა.”
ნაწარმოების დასაწყისში გრაფი სეგედი მკითხველს წინდაწინ ამცნობს იმ მიღწევებს, რომლებიც ჰქონდა თავისი ჟანდარმერული კარიერის გზაზე მუშნი ზარანდიას. იგი ამბობს: ,,მუშნი ზარანდიამ ჟანდარმერიაში ოცდასამი წელი იმსახურა და ამ ხნის განმავლობაში არც ერთი ფიასცო, ხუთი ორდენი, სამი რიგსგარეშე ჩინი, პეტერბურგში სამსახურის პერიოდში მისი უდიდებულესობის აუდიენცია პირადი საჩუქრითა და ჟანდარმერიის პოლკოვნიკის წოდება. თუნდ რიგიანად განათლებული, მაგრამ მდაბიო წარმოშობის კაცისთვის ეს უპრეცენდენტო მოვლენა იყო.”
ამრიგად, დათა თუთაშხიას უკანონო ცხოვრების მიუხედავად, მისი მამიდაშვილი მუშნი ზარანდია ჟანდარმერული კარიერის ოცდასამწლიანი პერიოდის მანძილზე აღწევს ამ სფეროსთვის და მისი წარმომავლობის მქონე ადამიანისთვის უპრეცედენტო წარმატებებს, ანუ აბრაგის კანონგარეშე ცხოვრება მისთვის კარიერული წინსვლის გზაზე დაბრკოლებად ვერ იქცა. მიუხედავად ამისა, ზარანდია იღებს გადაწყვეტილებას დათა თუთაშხიას ფიზიკური განადგურების შესახებ, რის თაობაზეც იგი გაკვრით ამცნობს გრაფ სეგედს მასთან სახლში სტუმრობის დროს. სეგედიმ ვერ შესძლო დაემალა გაოცება იმის გამო, რომ ,, - დათა თუთაშხიას საქმეს ზარანდიასთვის სადღეისოდაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა...” უფრო მეტიც, მან სტუმრად მყოფ ჟანდარმთან საუბარში გამოთქვა ,, ...გაკვირვება იმით, რომ ზარანდიას საგანგებოდ მოუცლია თუთაშხიას საქმისთვის, და ეჭვიც, თუ რამდენად გამართლებული იყო დათა თუთაშხიას ესოდენ დაჟინებული დევნა და ისიც საკუთარი მამიდაშვილის მხრივ.” ამ საუბრისას სეგედიმ ზარანდიას ახალი განზრახვა გამოარკვია-დააზუსტა, რომელიც ჟანდარმს აბრაგის მიმართ გასჩენოდა - კარიერული წარმატებების გამდიდრება საკუთარი ბიძაშვილის მოკვლით და მისგან ზნეობრივი გმირის შექმნით.
უნდა ითქვას იმის თაობაზეც, რომ მუშნი ზარანდიას გადაწყვეტილება დათა თუთაშხიასაგან ზნეობრივი გმირის შექმნის შესახებ (მისი მოკვლის გზით) არ გახლდათ იმპერიულ სახელმწიფოსთან, მის ორგანოებთან შეთანხმებული ოპერაცია, ან მათგან წამოსული ინიციატივა, როგორც ამას ჰქონდა ადგილი ,,კილიკიის,” აბრაგის ციხეში ჩასმის, თუ სხვა შემთხვევებში. ეს გახლდათ ზარანდიას არსებაში გაჩენილი, საკუთრივ მისგან წამოსული იდეა-გეგმა. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ უნდა აერჩია მას სეგედისთან შეხვედრისას საუბრის მინიშნებითი ფორმა.
დავუბრუნდეთ პასუხგაუცემელ კითხვებს. რატომ არ იქცა თავად მუშნი ზარანდია ძმის, ოჯახის, იმ საზოგადოების ფასეულობების გამზიარებლად, რომელსაც თავადაც ეკუთვნოდა? რატომ გამოვიდა იგი თავის წერილში არსებული მდგომარეობის (რომელიც უცხო სახელმწიფომ მის ქვეყანაში შექმნა) დამცველად და მისი შეცვლის მოწინააღმდეგედ?
რატომ უნდა შესდგომოდა ,,სახლი სათნოებისა და სახლი სიყვარულის” ღვიძლი შვილი მამის და საერთოდ ოჯახის საპირისპირო გზას? რას უნდა გამოეწვია მუშნი ზარანდიას ,,გაქცევა”? ნაწარმოების დასაწყისში გრაფი სეგედი მკითხველს მოუთხრობს ელე თუთაშხიას ისტორიას და ამბობს: ,,...თუმც ღმერთმა მშვენიერება ყოველგვარი სიკეთისა და სათნოების წყაროდ დასახა, მაგრამ წესს გამონაკლისიც უნდა ჰქონდეს, და ამჯერად მშვენიერებამ (ელე თუთაშხიას - ა.ბ.) უბედურება შვა.” რა მოხდა მუშნი ზარანდიას შემთხვევაში, რა გამონაკლისს ჰქონდა ადგილი, რატომ უარყო მან ახალგაზრდობაშივე მამის (საერთოდ მშობლის), ოჯახის, საზოგადოების ფასეულობები და რატომ ჩადგა იგი დამპყრობლის სამსახურში, ანუ რატომ იშვა ,,სახლი სათნოებისა და სახლი სიყვარულის” გარემოში ძმის (შესაბამისად მამის) მკვლელი?
ხომ არ დაედო მუშნი ზარანდიას საქციელს (მოუხელთებელი ძმის მოხელთების მიზნით იმპერიის სამსახურში ჩადგომა) საფუძვლად ის გარემოება, რომ მას დათა თუთაშხიას სახით ბავშვობაშივე (პატარაობიდანვე) გამოუჩნდა მშობლის სიყვარულის მოცილე? ხომ არ იქცა მოზარდი თუთაშხია იმ ფასეულობების უკეთ ამთვისებელ-გამზიარებლად, რასაც ოჯახი (განსაკუთრებით მამა) ქადაგებდა, ვიდრე ღვიძლი შვილი - მუშნი ზარანდია? ნაწარმოებში ამის შესახებ პირდაპირი ცნობები არ მოიპოვება, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, როცა თუთაშხია და ზარანდია მამის ოჯახში ხვდებიან ერთმანეთს, სადაც ჟანდარმი აბრაგ ძმას და საკუთარ მშობლებს ციხის ვარიანტს გაუხმოვანებს. ამ შეხვედრაზე თამარ და მაგალი ზარანდიები აშკარად დაუპირისპირდებიან მეფის სამსახურში მყოფ შვილს და პირდაპირი ფორმით გამოხატავენ სიმპათიას აბრაგი შვილის მიმართ. დათა თუთაშხიასადმი განსაკუთრებული მოპყრობის ფაქტებს აღმზრდელი მშობლების მხრიდან ნაწარმოებში სხვაგანაც ვხდებით, თუმცა აქ უფრო უპრიანია მოვიგონოთ ნაწარმოების ერთ-ერთი მთხრობლის, ზარანდიების ოჯახის შვილობილის შალვა ზარანდიას (გოგნიაშვილი) ნაამბობი, როცა იგი მკითხველს იმ წესის შესახებ ამცნობს, რომელიც მაშინდელ სამეგრელოში არსებობდა: ,,აყვანილი შვილი ამყვანს საკუთარი შვილებისგან არ უნდა გამოერჩია, სირცხვილად ითვლებოდა-”ო. შესაძლებელია, სწორედ ამ წესმა იქონია გარკვეული ტიპის გავლენა (გამონაკლისი) მოზარდი ზარანდიას აღზრდა-ფორმირებაზე.
დათა თუთაშხიასთან მიმართებაში ბავშვობიდან გამოყოლილი წყენის გამო ანგარიშსწორების მცდელობის სხვა მაგალითი გახლავთ ძობა ძიგუა (მისი საქციელი), რომელიც მთელი შეგნებული ცხოვრება ემზადებოდა (იარაღით) აბრაგთან შესახვედრად. აქ საჭიროა იმის აღნიშვნა, რომ შეიარაღებული დაპირისპირების მომენტამდე დათა თუთაშხია ძიგუასთვის პირადი მტერი იყო. ძიგუას მხრიდან ეს გახლდათ პირადი წყენის საფუძველზე განხორციელებული ანგარიშსწორების მცდელობა (რაზეც მან მოგვიანებით უარი თქვა), მაშინ როცა მუშნი ზარანდიასთვის თუთაშხიასთან დაპირისპირებამ პირადულობის და პიროვნულობის საზღვრები გადალახა და ოჯახთან და საკუთარ ხალხთან, მათ ფასეულობებთან დაპირისპირების ფორმა მიიღო.
ნაწარმოებიდან ცნობილია, რომ როგორც დათა თუთაშხია, ისე მუშნი ზარანდია მათი ცხოვრების ბოლო ეტაპზე ბოროტების სიკეთედ გარდაქმნის იდეამდე მიდიან (ზარანდია, სავარაუდოდ, ამ იდეამდე თუთაშხიასგან უნდა მისულიყო, ვინაიდან მან აბრაგის შესახებ ყველაფერი იცოდა, მათ შორის ისიც, თუ ვისთან როდის რა თქვა ან რა აზრი გაახმოვანა). აღზევებული ჟანდარმი ბოროტების სიკეთედ გარდაქმნას დათა თუთაშხიას მოკვლასა და მისგან ზნეობრივი გმირის შექმნასთან აკავშირებს, მაშინ როცა აბრაგი თავის ბალყარელ ძმადნაფიცთან, ბილალ ზანკშისთან შეხვედრისას ასე აყალიბებს ამ იდეის არსს: ,,ბოროტის ნამოქმედარს უნდა ხედავდესო აბრაგი და სიკეთედ უნდა აქცევდესო მას.”
ბოროტების სიკეთედ გარდაქმნის ზარანდიასეული გაგება, რომელიც მან სეგედისთან საუბრისას გაახმოვანა, უნაყოფოა და ლოგიკას მოკლებული. ჟანდარმმა თავისი კარიერის საწყის ეტაპზე ძლიერ შეარყია აბრაგის რეპუტაცია ხალხის თვალში, შემდეგ ხუთი წლით გადაუმალა იგი მას და მხოლოდ ამის შემდეგ დააყენა აბრაგისგან ზნეობრივი გმირის შექმნის იდეა. ზარანდიას ქცევის ალოგიკურობა სწორედ იმაშია, რომ სახელგატეხილი და საკუთარი ფეხით ციხეში მისული აბრაგისგან ზნეობრივი გმირის შექმნა ძალზე რთულია. ამიტომ ამ ფორმალური განცხადებების უკან შურისძიებას მოწყურებული ჟანდარმი იკვეთება, - არა ზნეობრივი იდეის ავტორი და მისი შესაძლო განმახორციელებელი. სწორედ ამიტომ იყო, რომ სეგედიმ პოლკოვნიკის აღნიშნული იდეა, როგორც ულოგიკო, დაუფარავი გაბრაზებით გახმოვანება-მოსმენისთანავე გაანადგურა: ,,შეშკოვსკის ეტყობა ეს რწმენა (ბოროტების სიკეთედ გარდაქმნის ზარანდიასეული გაგება - ა.ბ.) არ გააჩნდა, თორემ პუგაჩოვს და რადიშევს ჯერ ოცდაათ ვერცხლად გაჰყიდდა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძიებდა მათ საქმეებს.”
აი, ზოგი რამ მოსაზრება იმ ,,ზნეობის” შესახებ, რომელმაც მუშნი ზარანდია გააბრაგებული ოჯახიშვილის საპირისპირო ასპარეზზე გაიყვანა, იმპერიულ სახელმწიფოსთან ერთად მის მადევრად და საბოლოო ჯამში, მკვლელად აქცია



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •