რობერტ შეკლი ფიქრის სურნელი გივი ჯამბურია
თარგმანი
29,09,2016
0/0

რობერტ შეკლი


ფიქრის სურნელი

ლეროი კლივის საფოსტო ხომალდი ნომერი 243 სიაგონის სივრცის დაუსახლებელ მონაკვეთში მიფრინავდა, როდესაც ნამდვილი სირთულეები დაიწყო. მას მანამდეც აწუხებდა კოსმოფოსტალიონისთვის ჩვეული პრობლემები: ძველი ხომალდი, დაზიანებული მილები, მოშლილი ასტრონავიგაციური ხელსაწყოები მაგრამ ახლა, კურსის მაჩვენებლების კითხვისას, მან იგრძნო, რომ კაბინაში აუტანლად დაცხა.
კლივიმ მძიმედ ამოისუნთქა, ჩართო ვენტილაცია და ბაზაზე ფოსტის უფროსს დაუკავშირდა. იგი რადიოტალღების გავრცელების კრიტიკულ ზღვარზე იმყოფებოდა და ამიტომ უფროსის ხმა სივრცეში იკარგებოდა.
 ისევ პრობლემები გაქვს, კლივი?  ბოროტად იკითხა ფოსტის უფროსმა ისეთი ადამიანის ხმით, რომელიც გრაფიკებს ადგენს და მათი შესრულების ურყევი რწმენით სულდგუმობს.
 რა ვიცი აბა,  ირონიულად უპასუხა კლივიმ,  მილები, ასტრონავიგაცია და გაყვანილობა რომ არ ჩავთვალოთ, ყველაფერი რიგზეა. ჰო, მართალა, კიდევ იზოლაციისა და ვენტილაციის გარდა.
 მართლაც სირცხვილია!  თქვა ფოსტის უფროსმა მოულოდნელი სიმპათიით,  წარმომიდგენია, როგორ გრძნობთ თავს.
კლივიმ ვენტილაციის მარეგულირებელი გაცივების მაქსიმალურ დონეზე გადაიყვანა, თვალებთან მომდგარი ოფლი მოიწმინდა და გაიფიქრა, რომ უფროსს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რას გრძნობდა ახლა იგი.
 განა გამუდმებით არ ვთხოვ მთავრობას ახალ ხომალდებს?  ჩაეცინა მწუხარედ ფოსტის უფროსს,  ისინი ალბათ ფიქრობენ, რომ მე ნებისმიერი ძველი გოდრით შემიძლია ფოსტის ტარება.
ამ დროს კლივის ფოსტის უფროსის პრობლემები აღარ აინტერესებდა. ვენტილაცია სრული დატვირთვით მუშაობდა, ხომალდი კი კვლავაც ხურდებოდა.
 ერთი წუთი დამელოდეთ,  თქვა მან და ხომალდის ბოლოსკენ წავიდა. სიცხე სწორედ იქიდან ვრცელდებოდა. მან აღმოაჩინა, რომ მისი სამი ავზი საწვავით კი არა, სითეთრემდე გავარვარებული წიდით იყო სავსე. მეოთხე ავზშიც მის თვალწინ ანალოგიური ცვლილება მიმდინარეობდა.
კლივი წამით გაშტერდა, შემობრუნდა და რადიოსკენ Gგაიქცა.
 საწვავი აღარაა,  განაცხადა მან,  მე მგონი კატალიტიკური რეაქცია დაიწყო. ხომ ვამბობდი, ახალი ავზები გვჭირდება-მეთქი. პირველივე ჟანგბადიან პლანეტაზე დავჯდები.
მან ჩამოიღო ავარიული ცნობარი და სიაგონის პლანეტების ჯგუფი მოძებნა. ამ ჯგუფში კოლონიები არ აღმოჩნდა, მაგრამ ჟანგბადიანი პლანეტები აღნიშნული იყო. რა იყო იქ ჟანგბადის გარდა, არავინ იცოდა. კლივი ამის გარკვევას აპირებდა, თუკი, რა თქმა უნდა, ხომალდი მანამდე არ დაიშლებოდა.
 3_M_22-ს ვსინჯავ,  დაიყვირა მან რადიომუხტების მზარდ ტკაცუნში.
 ფოსტას კარგად მიხედე,  ამოიკვნესა უფროსმა,  მაშველ ხომალდს გიგზავნი.
კლივიმ მკვახედ უპასუხა, ფოსტას რასაც უზამდა, ოცივე ფუნტ ფოსტას, მაგრამ ეს უფროსმა ვეღარ გაიგო – კავშირი გაწყდა.
კლივი კარგად დაეშვა 3_M_22-ზე. განსაკუთრებით კარგად, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გახურებული ხელსაწყოებისთვის ხელის მოკიდება შეუძლებელი იყო, მილები სიცხისგან დაიღუნა, ზურგზე გადაკიდებული ჩანთა კი მოძრაობას ართულებდა. საფოსტო ხომალდი 243 გედივით შეცურდა ატმოსფეროში. პლანეტამდე ოციოდე ფუტი იქნებოდა დარჩენილი, როდესაც ხომალდმა მიზიდულობის ძალასთან ბრძოლა შეწყვიტა და ქვასავით დაეცა ზედაპირზე.
კლივიმ ცნობიერების შენარჩუნება მოახერხა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მის სხეულში მთელი ძვალი აღარ დარჩა. ხომალდის კედლებს ნელ-ნელა მხურვალე წითელი ელფერი ეკიდებოდა, როდესაც კლივიმ გასასვლელიდან გამოძრომა მოახერხა. საფოსტო ჩანთა კვლავაც მაგრად ჰქონდა ზურგზე მორგებული.
ასიოდე იარდი თვალდახუჭულმა კლივიმ ბარბაცით გაიარა. ხომალდის აფეთქებამ იგი მიწაზე დააგდო. მან კვლავ წამოდგომა მოახერხა, ორი ნაბიჯი გადადგა და საბოლოოდ უგრძნობლად დაეცა.
როდესაც კლივი გამოფხიზლდა, აღმოჩნდა, რომ იგი პატარა ბორცვის ფერდობზე იწვა სახე კი მაღალ ბალახში ჩაერგო. იგი შოკის საკვირველ მდგომარეობაში იმყოფებოდა: გრძნობდა, რომ სხეულს მოწყდა; წმინდა ინტელექტი ჰაერში ფარფატებდა; დარდი, ემოციები, შიში სხეულთან დარჩა  იგი თავისუფალი იყო.
მან მიმოიხედა და იქვე ახლოს მიმავალი პატარა ცხოველი შენიშნა. ციყვის ოდენა იქნებოდა, მაგრამ მისი ბეწვი მკრთალი მწვანე ფერის იყო. ცხოველი მიუახლოვდა და აღმოჩნდა, რომ მას არც თვალები ჰქონდა და არც ყურები.
ამას კლივი არ გაუკვირვებია. პირიქით, სავსებით ნორმალურად მოეჩვენა. რა უაცილებელია, ციყვს თვალები ან ყურები ჰქონდეს? არ აჯობებს, მსოფლიო ტანჯვას ვერ ხედავდეს და ტკივილის ხმა არ
კიდევ ერთი ცხოველი გამოჩნდა. ზომით და აღნაგობით მგელს წააგავდა, მაგრამ ტყავი მასაც მწვანე ჰქონდა. პარალელური ევოლუცია? ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, გადაწყვიტა მან. არც ამ მხეცს გააჩნდა თვალები და ყურები, მაგრამ, სამაგიეროდ, არაჩვეულებრივი კბილები ამშვენებდა.
კლივი უინტერესოდ შესცქეროდა ცხოველებს. რა საქმე აქვს წმინდა ინტელექტს უთვალო ან თუნდაც ნებისმიერ მგლებთან და ციყვებთან? მან შეამჩნია, რომ ციყვი მგლისგან დაახლოებით ხუთ ფუტში გაშეშდა. მგელი ნელა უახლოვდებოდა. სამი ფუტის მოშორებით მგელმა უეცრად თითქოს კვალი დაკარგა, თავი გაიქნია და ფრთხილად წრეზე შემობრუნდა. როდესაც ამის შემდეგ იგი კვლავ წინ დაიძრა, სწორი მიმართულებით აღარ მოძრაობდა.
ბრმა ბრმაზე ნადირობს,  თქვა თავისთვის კლივიმ და მოეჩვენა, რომ ეს ღრმა და უცვლელი ჭეშმარიტება იყო. უეცრად ციყვმა კანკალი დაიწყო. მგელი ადგილზე დატრიალდა, ისკუპა და სამ ლუკმაში გადაყლაპა იგი.
რამდენი კბილები აქვთ მგლებს!  გაიფიქრა კლივიმ. უთვალო მგელი მაშინვე მისკენ შეტრიალდა.
ახლა ჩემ შეჭმას აპირებს,  გაიფიქრა მან კვლავ. იგი დააინტერესა აზრმა, რომ ამ პლანეტაზე შეჭმული პირველი ადამიანი იქნებოდა.
მგელი უკვე სახეში უღრენდა, როდესაც მან ისევ დაკარგა გონება.
საღამო იყო. მიწა გრძელმა ჩრდილებმა მოხატეს, მზე ცის კიდეს მიახლოვებოდა. კლივი წამოჯდა და საცდელად მოხარა ხელები, შემდეგ ფეხები. მოტეხილობა არ ჰქონდა.
დასუსტებული, მაგრამ სრულ ცნობაზე მყოფი კლივი ცალ მუხლზე წამოიწია. რა მოხდა?  მან გაიხსენა კატასტროფა, თუმცა ის ათასი წლის წინ იყო. ხომალდი დაიწვა, თვითონ კი გამოაღწია და გაითიშა. ამის შემდეგ იგი მგელსა და ციყვს შეხვდა.
იგი გაჭირვებით წამოდგა და მიმოიხედა. ეს ბოლო ნაწილი ალბათ დაესიზმრა. მგელი ნამდვილი რომ ყოფილიყო, მას ცოცხალს არ დატოვებდა. კლივიმ დაბლა ფეხებზე დაიხედა და თვალი მოჰკრა ციყვის კუდს, ცოტა მოშორებით კი თავს.
კლივი შეეცადა სერიოზულად დაფიქრებულიყო. ე.ი. მგელი მართლაც ყოფილა და თანაც მშიერი. თუ მას მაშველი ხომალდის მოსვლამდე სიცოცხლის შენარჩუნება სურდა, ზუსტად უნდა გაერკვია, რა მოხდა და რატომ.
ორიდან არც ერთ ცხოველს არ ჰქონდა თვალები და ყურები. მაშ, როგორ ამჩნევდნენ ერთმანეთს? სუნით? თუ ასეა, რატომ გაუჭირდა მგელს ციყვის პოვნა?
ყრუ ღრენა გაისმა. კლივი შემობრუნდა. იქ, თითქმის ორმოცდაათი ფუტის მოშორებით, რაღაც იყო, რაც ავაზას წააგავდა, მოყვითალო-მოყავისფრო, უთვალო და უყურო ავაზას.
წყეული ზოოპარკი,  გაიფიქრა კლივიმ და მაღალ ბალახში ჩაიმალა. ეს პლანეტა მას მოსვენებას არ აძლევდა. ფიქრისთვის კი დრო იყო საჭირო. რის მიხედვით მოქმედებენ ეს ცხოველები? მხედველობის მაგივრად თუ აქვთ ორიენტაციის რაიმე სხვა გრძნობა?
ავაზა ნელ-ნელა მიდიოდა.
კლივიმ თავისუფლად ამოისუნთქა. თუ გამიმართლა და ამ ავაზას სადმე არ გადავეყარე
როგორც კი მან ავაზაზე იფიქრა, ცხოველი მისკენ მობრუნდა.
რა ვქენი?  რიტორიკულად იკითხა კლივიმ და კიდევ უფრო ღრმად ჩაწვა ბალახში. არ შეიძლება ჩემ სუნს გრძნობდეს, მხედავდეს ან ჩემი ხმა ესმოდეს. მე ხომ მხოლოდ ის გავიფიქრე, სადმე არ გადავეყარო-მეთქი.
თავაწეული ავაზა მისკენ დაიძრა.
თვალების და ყურების გარეშე ერთადერთი საშუალება არსებობდა, რომლითაც მხეცს შეიძლებოდა იგი დაეფიქსირებინა.
ტელეპატია!
ამ თეორიის შესამოწმებლად მან გაიფიქრა სიტყვა `ავაზა~, რომელიც მისკენ მომავალ ცხოველთან გააიგივა. ავაზამ მძვინვარედ დაიღრიალა და მანძილი შეამცირა. წამის მეათედში კლივი ბევრ რამეს მიხვდა. მგელი ციყვს ტელეპატიის მეშვეობით გრძნობდა. ციყვი გაშეშდა  შეიძლება მან ფიქრიც კი შეწყვიტა! მგელმა კვალი დაკარგა, მაგრამ ციყვმა დიდ ხანს ვერ შეიკავა ფიქრი და მის ლუკმად იქცა.
თუ ასეა, მასაც რატომ არ დაესხა თავს მგელი სანამ უგრძნობლად იწვა? შეიძლება მანაც შეწყვიტა ფიქრი ან, ყოველ შემთხვევაში, მისი ტვინი იმ სიხშირეზე აღარ მოქმედებდა, რომელსაც მგელი აღიქვამდა. ალბათ ასეთი ახსნა უფრო სწორი იყო.
ახლა კი მას ავაზის პრობლემა უნდა გადაეწყვიტა.
მხეცმა კვლავ დაიღრიალა. მათ შორის ოცდაათი ფუტიღა დარჩა და ეს მანძილი სწრაფად მცირდებოდა.
მთავარი იყო, მსჯელობდა კლივი, არ ეფიქრა რაიმე სხვაზე ეფიქრა. ამ შემთხვევაში შეიძლებოდა შეიძლებოდა მას კვალი დაეკარგა. მან ქალებზე ფიქრი დაიწყო და გულმოდგინედ ცდილობდა ყველა წვრილმანის გახსენებას.
ავაზა გაჩერდა და დაეჭვებით მოთხარა თათით მიწა.
კლივიმ ფიქრი განაგრძო: ქალებზე, ხომალდებზე და პლანეტებზე, ქალებზე, ხომალდებზე და ყველაფერზე, მაგრამ ეს ავაზა
ავაზამ კიდევ ხუთი ფუტით წინ წაიწია.
როგორ შეიძლება ძალით არ იფიქრო რამეზე?! თავგამოდებით ცდილობ იფიქრო ქვებზე, კლდეებზე, ხალხზე და ადგილებზე, მაგრამ გონება ისევ _ უბრუნდება. ყურადღებას არ აქცევ და ცდილობ ბებია გაიხსენო ან მთვრალი მოხუცი ბაბუა, ნატკენები მარჯვენა ფეხზე (დაითვალე  რვა, ერთხელაც დაითვალე  მაინც რვა). ახლა შეიძლება შემთხვევით მაღლაც ამოიხედო. ხედავ, მაგრამ ვერ ცნობ როგორღაც ისევ წინ მოიწევს.
კლივი მიხვდა, რომ რაიმეზე არფიქრის და ზვავის ხელით შეჩერების მცდელობა ერთი და იგივე იყო. ადამიანის გონებას ასე პირდაპირ, შეგნებულად, ვერაფერს დაუშლი. ამისთვის დრო და პრაქტიკაა აუცილებელი.
მას დაახლოებით თხუთმეტი ფუტი დარჩა, რომ ესწავლა, როგორ არ ეფიქრა
კარგი, კარტზე რომ ვიფიქრო ან ქეიფზე, ან ძაღლებზე თუ კატებზე, ცხენებზე, თაგვებზე, ცხვრებზე, მგლებზე (მომშორდით!), ნატკენებზე, საბრძოლო ხომალდებზე, გამოქვაბულებზე, ბუნაგებზე, გალიებზე, კნუტებზე (ფრთხილად!), ავ-ავარიებზე, ისტორიებზე, ენერგიებზე, მისტერიებზე, კოლონიებზე, კოლექციებზე (თითქმის რვა ფუტი), სადილზე, საჭმელზე, ფერებზე, ფიფქებზე, ფრთებზე, არწივებზე, ალმებზე, აგურებზე და ავ-ვ-ვ
ავაზა უკვე ხუთი ფუტის მოშორებით იყო და მიწას მიკრული ნახტომისთვის ემზადებოდა. კლივის აღარ შეეძლო ფიქრის შეკავება და უცებ, შთაგონების გაბრწყინებაში მას თავში ახალმა აზრმა გაუელვა:
დედალი ავაზა!
შემკრთალი მხეცი აღარ ჩქარობდა.
კლივი ცდილობდა, ახალ იდეაზე გადართულიყო. იგი მართლაც დედალი ავაზაა. ნეტა რას ფიქრობს ეს მამალი, ასე რომ აშინებს?! მან გაიხსენა თავისი კნუტები, თბილი გამოქვაბული რა სასიამოვნოა ციყვებზე ნადირობა!
ავაზა ნელა მიუახლოვდა და გაეხახუნა. კლივი დაძაბულად ფიქრობდა. რა ლამაზი ამინდი დაგვიდგა და, მართლაც, რა კარგი ვინმე ყოფილა ეს ავაზა  დიდი, ღონიერი, კბილებიც უზარმაზარი აქვს!
ავაზამ კრუტუნი დაიწყო.
კლივი დაწვა, გამოგონილი კუდი შემოიხვია და დაძინება გადაწყვიტა. ავაზა გაუბედავად იდგა, თითქოს გრძნობდა, რომ რაღაც მთლად რიგზე არ იყო. ერთი ჩუმად დაიღრინა და იქაურობას მოშორდა.
მზე ახალი ჩასული იყო. გარშემო ყველაფერი ლურჯად მოჩანდა. კლივის შეუჩერებლად აკანკალებდა. ცოტაც და ისტერიული სიცილი აუტყდებოდა. აი, ავაზა უფრო დიდ ხანს რომ გაჩერებულიყო
მან ნებისყოფა მოიკრიფა და დამშვიდდა. მოვიდა დრო, სერიოზულად დაფიქრებულიყო.
ყოველ ცხოველს აშკარად ჰქონდა მისთვის დამახასიათებელი ფიქრის სურნელი. ციყვს თავისი, მგელს თავისი, ადამიანსაც, ალბათ, თავისი. საკითხავი ის იყო, როგორ შეიძლებოდა მისი შემჩნევა  მას აუცილებლად ცხოველზე უნდა ეფიქრა თუ თავისუფლად აზროვნების დროს წარმოქმნილი ფიქრის სურნელიც უკვე საკმარისი იყო? ფაქტია, ავაზამ იგი მხოლოდ მაშინ შენიშნა, როდესაც კლივიმ კონკრეტულად მასზე გაიფიქრა. მაგრამ ეს შეიძლებოდა პირველი შეხვედრის ბრალი ყოფილიყო: მის უცხო და უცნობ ფიქრის სურნელს შეიძლებოდა ამჯერად დაებნია ავაზა ამჯერად.
ეს ვარაუდი, ალბათ, მალე შემოწმდებოდა, ახლა კი მხოლოდ მოცდა იყო საჭირო. ავაზა სულელს არ ჰგავდა, უბრალოდ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მას ასე გაეხუმრნენ.
ყველა ეშმაკობა მხოლოდ ერთხელ ამართლებს.
კლივი ბალახზე გადაწვა და ცას მიაჩერდა. დაღლილს განძრევა ეზარებოდა, დალურჯებული სხეული ტკიოდა. რა მოხდება ამ ღამეს? მხეცები ნადირობას გააგრძელებენ, თუ დროებით მშვიდობა დამყარდება? მას უკვე აღარ აინტერესებდა.
დაიკარგონ ყველა ციყვები, მგლები, ავაზები, ლომები, ვეფხვები და ჩრდილოეთის ირმები!
ჩაეძინა.
დილით კლივიმ გაკვირვებით აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. სასიამოვნოა! გუშინდელთან შედარებით ეს დღე შეიძლებოდა კარგიც გამომდგარიყო. იგი ფრთხილად გაეშურა ხომალდისკენ.
243-ე საფოსტო ხომალდისგან დეფორმირებული ლითონის გროვა დარჩენილიყო, რომელიც დამწვარი მიწის გარშემო ეყარა. კლივიმ ლითონის ჯოხი ამოარჩია, მოზომა და საფოსტო ჩანთის ქვეშ ქამარში ჩაუშვა. დიდი არაფერი იარაღი იყო, მაგრამ თავდაჯერებულობას მაინც მატებდა. ხომალდი უიმედოდ მოისპო.
კლივი წამოვიდა და საკვების ძებნას შეუდგა. გარშემო რამდენიმე ხილის ბუჩქი იყო. მან ფრთხილად გასინჯა ერთის ნაყოფი. ხილი მჟავე, მაგრამ გემრიელი აღმოჩნდა. იგი კარგად გამოძღა და იქვე ჩამომდინარე წყაროსთან წყურვილი მოიკლა.
ცხოველები არ გამოჩენილან. თუმცა, ვინ იცის, იქნებ ისინი უკვე უახლოვდებიან?
იგი აერიდა მსგავს ფიქრებს და თავშესაფრის ძებნა დაიწყო. მისთვის გადარჩენის საუკეთესო შანსი იქნებოდა, თუკი მაშველი ხომალდის ჩამოფრენამდე უჩინარი დარჩებოდა. იგი დამრეცი გორაკების გარშემო ბორიალობდა და ამაოდ ეძებდა რაიმე ხრამს, გამოქვაბულს ან ხეს. თუმცა, მეგობრულმა ლანდშაფტმა ექვსფუტიანი ბუჩქების მეტი ვერაფერი შესთავაზა.
შუადღე გადასულიყო. დაღლილი და გაღიზიანებული კლივი ნერვიულად შეჰყურებდა ცას. სადაა ხომალდი ამდენ ხანს? მისი ვარაუდით სწრაფი მაშველი გემი ერთ ან ორ დღეს მოანდომებდა მის მოძებნას.
თუ ფოსტის უფროსმა სწორად მიუთითა პლანეტა.
ცაში რაღაცამ გაიელვა. მან აიხედა და მღელვარებისგან გული აუთრთოლდა.
ჩიტი! მას გიგანტური ფრთები გაეშალა და თავს დასტრიალებდა კლივის. ერთი ჩაყვინთა, შემდეგ ისევ აფრინდა
იგი არაჩვეულებრივად გავდა სვავს.
კლივიმ სიარული განაგრძო და უეცრად ოთხი ბრმა მგლის პირისპირ აღმოჩნდა.
ყოველ შემთხვევაში, ეს ერთ საკითხს მაინც ფენდა ნათელს: კლივი შეიძლებოდა მისთვის დამახასიათებელი ფიქრის სურნელის მიხედვით მოეძებნათ. ეტყობა ამ პლანეტის მხეცებმა გადაწყვიტეს, რომ იგი არც ისე უცხოა, რომ მისი შეჭმა არ შეიძლებოდეს.
მგლები ნელა მიუახლოვდნენ. კლივიმ წინა დღის ნაცადი ხერხის გამოყენება დააპირა. მან ქამრიდან ლითონის ჯოხი ამოიღო და თან წარმოიდგინა, თითქოს ძუ მგელია, რომელიც თავის ლეკვებს ეძებს. ნუთუ ამ ჯენტლმენებიდან ერთ-ერთი მაინც არ დაეხმარება მას? სულ რამდენიმე წუთის წინ აქ იყვნენ: ერთი მწვანე, ერთი ლაქებიანი, ერთი კი
ალბათ ამ მგლებს ლაქებიანი ლეკვები არ ჰყავდათ ერთ-ერთი მათგანი კლივის ეცა. კლივიმ შუა ნახტომში მას რკინის კეტი ჩაარტყა და მგელიც ბარბაცით მოშორდა.
ოთხივე მხეცი მხარი-მხარ დადგა და კლივისკენ წამოვიდა.
იგი ცდილობდა ეფიქრა, თითქოს საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ ამაოდ. მგლები მოძრაობას განაგრძობდნენ.
კლივის ავაზა მოაგონდა. დიახაც ავაზა  დიდი, ღონიერი არც მგლის ხორცზე იტყოდა უარს.
ოთხივე გაჩერდა. ნერვიულად ამოიძუეს კუდები, მაგრამ ადგილზე დარჩნენ.
კლივიმ დაიღმუვლა, მიწა მოჩეჩა და წინ გაიწია. მგლებმა დაიხიეს, ერთმა კი შემოვლა დაიწყო.
კლივი გვერდულად მოძრაობდა და ცდილობდა ალყაში არ მოქცეულიყო. მგლებს, ალბათ, მაინც არ სჯეროდათ მისი  ეტყობა, კარგად ვერ თამაშობდა ავაზის როლს. მხეცები გაჩერდნენ. ერთი მის ზურგს უკან იყო, დანარჩენები გაშეშდნენ; ღია ნოტიო ხახებიდან ენები გადმოეყოთ. კლივიმ საშინლად დაიღრიალა და ერთ-ერთს კეტი მოუქნია. მგელმა სწრაფად დაიხია, მეორე კი უკნიდან შეახტა და ძირს დააგდო.
როგორც კი დაეხვივნენ, კლივის ახალი აზრი გაუჩნდა. მან წარმოიდგინა, რომ გველი იყო, ძალიან სწრაფი, სასიკვდილო, შხამიანი კბილებით, რომლებსაც წამში შეეძლოთ მგლები სიცოცხლეს გამოესალმებინა.
მხეცები მაშინვე მოშორდნენ. კლივიმ დაისისინა და თავისი გრძელი, უხერხემლო კისერი მოხარა. მგლებმა გაბრაზებით დაიყმუვლეს, მაგრამ შეტევას არ აპირებდნენ.
აქ კი კლივიმ შეცდომა დაუშვა. მან იცოდა, რომ გაუნძრევლად უნდა მდგარიყო და მოურიდებლად ემოქმედა, მაგრამ მისი სხეული სხვაგვარად მოიქცა. იგი უნებლიედ შემობრუნდა და გაიქცა.
მგლები სწრაფი ნახტომებით უკან გამოუდგნენ. მან ცას გახედა და თვალი მოჰკრა სვავებს, რომლებიც კუთვნილ ლუკმას ელოდნენ. იგი შეეცადა გონს მოსულიყო და ისევ გველად ქცეულიყო, მაგრამ მგლები არც კი შემკრთალან.
სვავების შემხედვარეს ახალი აზრი დაებადა. მან იცოდა როგორ გამოიყურებოდა მიწა სიმაღლიდან  ის ხომ კოსმონავტი იყო! კლივიმ ჩიტად გადაქცევა გადაწყვიტა და წარმოიდგინა, რომ ფრთაგაშლილი სიმაღლიდან გადმოსცქერის მწვანე ლანდშაფტს.
მგლები დაიბნენ. ისინი წრეზე სირბილს და ჰაერში ხტომას მოყვნენ. კლივი აგრძელებდა ცაში ნავარდს  სულ მაღლა და მაღლა, თან ნელ-ნელა უკან მიიწევდა.
საბოლოოდ იგი მგლების მხედველობის არედან მიიმალა. უკვე საღამო იყო. კლივი საშინლად დაიქანცა. მან კიდევ ერთი დღე გაძლო. მისი იდეები მხოლოდ ერთხელ ამართლებდა. რა უნდა ქნას, ხვალ თუ მაშველი ხომალდი არ გამოჩნდა?
დაბნელდა. იგი დიდ ხანს იწვა და ცაში იყურებოდა. მაგრამ ვერაფერი დაინახა ვარსკვლავების გარდა, ვერაფერი გაიგონა მხოლოდ მგლების იშვიათი ყმუილი ან საუზმეზე ოცნებაში გართული ავაზის ღრენა.
მალე გათენდა. კლივის ძილმა არ უშველა. იგი კვლავაც დაღლილი და მოთენთილი იყო. იწვა და ელოდა, სანამ რაიმე არ მოხდებოდა.
სად იყვნენ მაშველები? მათ საკმაოზე მეტი დრო ჰქონდათ, გადაწყვიტა მან. უკვე აქ რატომ არ არიან? თუ კიდევ დიდ ხანს იცადეს, ავაზა მან ამაზე არ უნდა იფიქროს!
საპასუხოდ მარჯვნიდან ავაზის ღრენა მოისმა. იგი წამოხტა და შეეცადა, ხმას გასცლოდა. ალბათ ჯობდა, მგლებს შეხვედროდა
არც ამაზე უნდა ეფიქრა, იმიტომ, რომ ახლა ავაზის ხმას მგლების ყმუილიც შეუერთდა.
ცხოველები ერთდროულად გამოჩნდნენ. ერთი მხრიდან ავაზა, მეორიდან კი რამდენიმე მგელი. წუთით მას იმედი მიეცა, რომ შეიძლებოდა მგლებს ავაზისთვის შეეტიათ, თვითონ კი ამ დროს გაქცევას მოახერხებდა
მაგრამ მათ მხოლოდ იგი აინტერესებდათ. რატომ დაერეოდნენ ერთმანეთს, როდესაც იგი ყველასათვის გასაგონად აფრქვევდა თავის შიშს და უძლურებას?
ავაზა პირდაპირ მისკენ გაემართა. მგლები არ განძრეულან. როგორც ჩანს, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ნარჩენებით დაკმაყოფილდებოდნენ. მან სცადა ჩიტის ილეთის გამეორება, მაგრამ ავაზამ მცირე ყოყმანის შემდეგ გზა განაგრძო.
კლივიმ მგლებისკენ დაიხია. რამეზე ასვლა რომ შეძლებოდა! სადმე კლდე ან, თუნდაც, საკმაო სიდიდის ხე რომ ყოფილიყო
კი მაგრამ, ბუჩქები ხომ იყო! მთელი თავისი განწირულობის გრძნობით წარმოშობილი ფანტაზიის მეშვეობით კლივი ექვსფუტიან ბუჩქად გადაიქცა. მან დანამდვილებით არ იცოდა, ბუჩქს რა უნდა ეფიქრა, მაგრამ მაინც ძალიან ცდილობდა.
იგი ყვაოდა. მისი ერთ-ერთი პატარა ფესვი მიწიდან ამოვარდა. ეს იმ უკანასკნელი ქარიშხლის ბრალი იყო. მართლაც, ბუჩქია  ლამაზი, კარგი ბუჩქი, რომელიც ყველაფერს ითვალისწინებს.
მან ტოტების სიღრმიდან გამოიხედა. მგლები გაჩერებულიყვნენ, ავაზა კი წრეებს უვლიდა, ქშინავდა და წამდაუწუმ ხრიდა თავს.
ვინ მოინდომებს ბუჩქის კბენას?  ფიქრობდა იგი. იქნებ გგონია, რომ სხვა რაღაც ვარ? მაგრამ, დამიჯერე, ბუჩქი ვარ მხოლოდ და მხოლოდ. არ გინდა, ალბათ, პირი ფოთლებით ამოგევსოს, არა? თანაც, შეიძლება ტოტზე კბილი მოიტეხო. ვის უნახავს, რომ ავაზები ბუჩქებს ჭამდნენ? მე კი ბუჩქი ვარ. დედაჩემს ჰკითხე. ისც ბუჩქია. ჯერ კიდევ ქვის ხანიდან ბუჩქები ვართ ყველანი.
ავაზა, როგორც ჩანს, შეტევას არ აპირებდა, მაგრამ არც წასვლას ჩქარობდა. ახლა რაღაზე ეფიქრა? ზაფხულის მშვენიერებაზე? თუ გულწითელას ბუდეზე მის თმებში?
მხარზე პატარა ჩიტი დაასკუპდა. რა საყვარელია, გაიფიქრა კლივიმ, მასაც ბუჩქი ვგონივარ! ალბათ ბუდის აშენება უნდა ჩემ ტოტებში. გადასარევია! დანარჩენი ბუჩქები შურით მოკვდებიან.
ჩიტმა ფრთხილად მიუკაკუნა კლივის კისერში.
ნელა, იფიქრა კლივიმ, რას შვები?! მომკლა გინდა? ჩიტმა საცდელად ერთხელაც დააკაკუნა. შემდეგ თავისი აპკიანი ფეხებით ჩაეჭიდა კლივის მხარს და პნევმატიური ჩაქუჩის სიჩქარით განაგრძო კაკუნი.
წყეული კოდალა, გაიფიქრა კლივიმ, თან კი ბუჩქად დარჩენას ცდილობდა. მან შენიშნა, რომ ავაზა ნერვიულობას იწყებდა. მაგრამ, როდესაც ჩიტმა მეთხუთმეტედ ჩაუკაკუნა, ვეღარ გაძლო: ჩაბღუჯა კოდალა და ავაზას ესროლა.
ავაზამ კბილები ჰაერში დაატკაცუნა. გადარჩენილმა კოდალამ რამდენჯერმე შემოუფრინა კლივის თავს და სხვა უფრო წყნარი ბუჩქებისკენ გასწია.
კლივი ისევ ბუჩქად იქცა, მაგრამ ეს თამაში დამთავრებული იყო. ავაზამ თათი მოუქნია. კლივიმ გაქცევა სცადა, მაგრამ მგელს შეეფეთა და წაიქცა. ყურთან ავაზის ღმუილმა კი მიახვედრა, რომ იგი უკვე გვამი იყო.
ავაზა შეყოვნდა.
კლივი ლეშად იქცა. იგი დღეების, კვირების წინ მომკვდარიყო. რამდენი ხანია სისხლისგან დაიცალა. მისი ხორცი ყარდა. იგი დალპა და გაიხრწნა. არც ერთი ნორმალური ცხოველი მას პირს არ დააკარებდა.
ავაზა თითქოს დაეთანხმა და უკან დაიწია. მშიერმა მგლებმა ყმუილი მორთეს, მაგრამ მაინც გაეცალნენ.
კლივიმ გაზარდა თავისი გახრწნის დრო რამდენიმე დღით. იგი ფიქრობდა, თუ რამდენად საშინელი მოსანელებელი და, მართლაც, რამდენად უგემური იყო. ეს აზრი რწმენაში გადაიზარდა. იგი გულწრფელად თვლიდა, რომ არავის შეერგებოდა.
ავაზა მგლების თანხლებით მიდიოდა. იგი გადარჩა! თუ საჭირო იქნებოდა, სიცოცხლის ბოლომდე გვამად დარჩებოდა კლივიმ მართლაც იგრძნო გახრწნილი ხორცის სუნი, მოიხედა და დაინახა, რომ მის ახლოს უზარმაზარი ჩიტი დაეშვა.
დედამიწაზე ასეთ ჩიტს სვავს დაარქმევდნენ.
კლივი მზად იყო ეტირა. ნუთუ არაფერი გამოუვა? სვავი მისკენ წამობანცალდა. კლივი წამოხტა და ფეხი დაარტყა მას. თუ იგი შეჭმას ვერ გადარჩებოდა, ყოველ შემთხვევაში, სვავის ლუკმა არ გახდებოდა.
ავაზა ელვის სისწრაფით დაბრუნდა. მის ცარიელ, ბეწვიან სახეზე, ალბათ, სიბრაზე და მრისხანება უნდა ყოფილიყო აღბეჭდილი. კლივიმ თავისი ლითონის კეტი ამოიღო. იგი ნატრობდა ხეს, რომ ამძვრალიყო, ან თოფს, რომ ესროლა, ან თუნდაც ჩირაღდანს, რომ მოექნია
ჩირაღდანი!
იგი მაშინვე მიხვდა, რომ გამოსავალი მოძებნა. მისი ალი ავაზას სახეში მოხვდა. მხეცი წკმუტუნით მოიბუზა. ცეცხლი ყველა მიმართულებით გავრცელდა. აბოლდა მშრალი ბალახი, აალდნენ ბუჩქები.
ავაზა და მგლები თვალის დახამხამებაში გაქრნენ.
ახლა კი მისი ჯერი იყო! ცხოველებს ხომ ინსტინქტურად ეშინიათ ცეცხლის! იგი აპირებდა ყველა დროის უდიდეს ხანძრად მოვლენოდა ამ ადგილს.
მსუბუქმა ქარმა გაფანტა იგი და გარშემო მიწას მოსდო. ციყვები გამოცვივდნენ სოროებიდან, ჩიტები ოჯახებით მიფრინავდნენ; ავაზები, მგლები და სხვა ცხოველები გვერდიგვერდ მირბოდნენ. აღარავის ახსოვდა შიმშილი და მტრობა. ყველა ცეცხლისგან თავის დაღწევას ცდილობდა  კლივისგან თავის დაღწევას!
კლივი ბუნდოვნად ხვდებოდა, რომ ნამდვილ ტელეპატად იქცა. თვალდახუჭულს შეეძლო ყველა მხარეს დაენახა და ეგრძნო, რა ხდებოდა. მძვინვარე ხანძარი კიდევ უფრო გაიზარდა და მის წინ ყველაფერი მოიცვა. იგი გრძნობდა იმ შიშს, ცხოველებს ცეცხლისგან შორს რომ მიაქანებდა.
ასეც უნდა მომხდარიყო. ადამიანი ხომ ყოველთვის ბატონობდა თავისი უმაღლესი ინტელექტის ძალით. აქაც სწორედ ასე მოხდა. იგი ამაყად გადაახტა პატარა ნაკადულს სამი მილის მოშორებით და მოეკიდა ბუჩქების ჯგუფს, აალდა, გაძლიერდა
და ამ დროს იგრძნო წყლის პირველი წვეთი.
იგი კვლავ ენთო, მაგრამ ერთ წვეთს მოჰყვა ხუთი, შემდეგ თხუთმეტი, ორმოცდაათი ხუთასი კლივი მთლად გაიწუწა. მისი საწვავი  ბალახი, ბუჩქები  ნელ-ნელა დასველდა.
იგი ქრებოდა.
ეს უსამართლობა იყო. წესით, მას უნდა მოეგო. იგი ამ პლანეტას მისივე საკუთარი წესებით შეებრძოლა და დაამარცხა! და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ბუნებას ყველაფერი გაექარწყლებინა?!
ცხოველები ფრთხილად ბრუნდებოდნენ.
წვიმა გაძლიერდა. კლივის უკანასკნელი ნაპერწკალი ჩაქრა. მან ამოიოხრა და გონება დაკარგა.


  კარგი ნამუშევარია! შენ ფოსტის გადარჩენა მოახერხე. ეს იმას მოწმობს, რომ კარგი ფოსტალიონი ხარ. შეიძლება ჯილდოც მიიღო.
კლივიმ თვალები გაახილა. მას თავზე ამაყად გაბრწყინებული ფოსტის უფროსი ედგა. იგი ლოგინზე იწვა და მაღლა ლითონის მომრგვალებულ კედლებს ხედავდა.
ეს მაშველი ხომალდი იყო.
 რა მოხდა?  ამოიგმინა მან.
 ზუსტად დროზე მოგისწარით,  თქვა უფროსმა,  ჯობია, არ გაინძრე. ცოტაც და გვიან იქნებოდა.
კლივიმ იგრძნო ხომალდის აფრენა და მიხვდა, რომ ისინი 3_M_22-ის ზედაპირს მოწყდნენ. იგი ფანჯარასთან მილასლასდა და მის ქვეშ გაშლილ მწვანე მინდორს გადახედა.
 ძლივს გადარჩი,  თქვა ფოსტის უფროსმა მის გვერდით,  კიდევ კარგი, ჩვენ ცეცხლსაწინააღმდეგო სისტემების ჩართვა მოვასწარით. შენ უზარმაზარი ხანძრის შუაგულში იდექი.
ისინი ფანჯრიდან იყურებოდნენ. ქათქათა მწვანე მინდორი დაბლა რჩებოდა. უფროსს წამით თითქოს ეჭვი გაუჩნდა. მან ერთხელაც გადახედა პლანეტას და მისმა გამომეტყველებამ კლივის მოტყუებული ავაზა მოაგონა.
 როგორ მოხდა, იმხელა ცეცხლში რომ არ დაიწვი?  იკითხა მან.


თარგმნა გივი ჯამბურიამ



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •