პლაცებო ნინო ქოქოსაძე
პოეზია
2011-10-04 12:17:38
254/7

მე მოგიყვებით ამბავს
სადაც პერსონაჟები –
პიჟამოებში, ხალათებში და კედელ-კედელ,
მოდიან ჩემთან,
შეწამლული ძილიდან, დილით -
და მაბარებენ ართრიტივით მტკივნეულ სიზმრებს.

დეიდა ლილი.
ის ხატავდა
თვალის ჩინი ვიდრე დააკლდა,
ახლა ყვება, ვითომ წუხელ ესტუმრა შვილი.
ხვდები –
საწოლთან გამოკრული
ფოტოსურათები გაგიფერადეს…

ბატონი კოტე.
(ერთი თვის წინ მოუკვდა ცოლი)
“ეჰ, თქვენ რა იცით...”
მერამდენედ იწყებს თავიდან
ამბავს, რომელიც დამთავრდება:
“როცა მიდის მეუღლე.”
ვამბობ:
-ასეა! ნუ, მე საიდან?...
ვფიქრობ:
“მე და თქვენ, ალბათ იმათ - ცაში შევხვდებით”

დეიდა ნატა, ნატალია,
ის მთელ დღეს ქარგავს –
სოხუმის პალმებს, ზღვას, თოლიებს,
ხოლო დროდადრო
ხედავ -
როგორ სველდება კანვა...

ძია აკაკი,
მხიარული, ღაჟღაჟა კაცი.
(გვითხრეს – წლების წინ ამოეწვა სახლში ცოლ-შვილი)
იმ დღეს დავკრძალეთ.
ეს ამბავი - არასოდეს, არავისთვის მოუყოლია...

ზინაიდა ზის სავარძელში, ხმას სულ არ იღებს,
(ხელი შუბლზე, ნიკაპი მკერდთან)
ერთხელ, შემთხვევით გავიგე რომ
ის ლექსებს წერდა,
და შემეშინდა...

თავშესაფრის მე ვარ ექიმი -
სტეტოსკოპით, ხშირად უმისოდ,
ვუსმენ რა მძიმედ,
ჩაიფიქრეს –
ამოიფიქრეს.
...................
მათთვის აბია თანაგრძნობა,
უფრო პლაცებო.
სჭირდებათ.
გასცემ.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მომეწონა რათქმაუნდა+++
    მტკივნეულია...+
  • 4
  • ნათია პაპიძე
  • 2011-10-04 18:26:37
  • მახსოვს ეს ლექსი. მახსოვს და ისიც, თუ როგორ დაიარა ხერხემალში მაშინ წაკითხვისას და ახლაც...

    და ზინაიდა.....
  • 3
  • მარ-მარი
  • 2011-10-04 17:43:54
  • თანაგრძნობასავით , როგორც ჩანს, ემოციასაც კარგად გასცემ სიტყვაში,მომწონს.
    აჰ, "პლაცებო" მაინც მოხვედრილა აქ:)

    დიდი მადლობა, ბატონო სანდრო:)

    ყველას ვუსურვებ წარმატებებს.
    მადლობა, ვინც მისმენდა:)
  • 1
  • ფლე-ში
  • 2011-10-01 12:33:36
  • ნინო,ძვირფასო!
    სიმართლე გითხრა,გამაჟრიალა ტანში შენი სევდიანი პერსონაჟების ბედისწერამ. ვინ ქსოვს ნეტა, ცხოვრებას? რანაირი ყაისნაღით და რა ფერის ძაფებით? საით მიგვაქანებს ტიალი დროის ულმობელი მდინარება, რას გვიმზადებს?... ერთი რამ ვიცი, ამ ყოველივეს შეჩერება შენნაირი ნიჭიერი ადამიანის მიერ სუფთა ფურცლებზე გადატანილ სიტყვებს შეუძლია მხოლოდ, რომლითაც ვპოულობთ შვებას და, ასე თუ ისე, ვიქარვებთ გულზე ლოდივით შემოწოლილ ნაღველს.
    გაიხარე, კეთილო, გაიხარე.