კარდიოგრაფით ჩაწერილი ამბები ნინო ქოქოსაძე
პროზა
2011-04-16 07:41:55
295/6

\"გატკინეს?
ნუ დარდობ,
შენს მარცხნივ
მი-გუ-ლე!\"
ნინი ქადა


გამარჯობათ ,ექიმო!

მე ერთი მარტოხელა მოხუცის გული ვარ.
-ცოლ-შვილი?
მყავდა, როგორ არა. ცოლი შარშან მომიკვდა. შვილი?... დიდი ხანია არ მინახავს, საზღვარგარეთ ცხოვრობს.
-დაკრძალვაზე?არა, ვერ მოახერხა.
გამიჭირდა მხოლოდ სურათების ამარა, თუ აღარაფერი მეშველა, ნუ შეატყობინებთ- რა საჭიროა...


სიცოცხლე და გამარჯვება ჩემს მკურნალს!

მე ,ღვინის მოყვარული კაცის გული ვარ.
ეჰ! სადღა იშლება ძველებური პურმარილები.ყველგან თამადა ვიყავი! ახლაც
ბიჭები რო შევიკრიბებით, მეხვეწებიან ისევ შენ გვითამადეო. ვეუბნები, არ შემიძლია მეთქი. აჰა! ახლაც აღარ დამიჯერებენ?!
-შვილი? ეგეც ღვინის ბიზნესშია, ოღონდ თავის ჩამოსხმულსაც ვერა სვამს, საქმიანი კაცია
ისე, ჩემთვის როდიდან შეიძლება, ჰა?


დრასტი დოხტურ, ჯან!

მე ავლაბრელი ლოვიკას გული ვარ, ზაპოჟნიკის რაღა.
უბანში მეტრო არ არი? იქა მქონდა ბუტკა, რემონტ ობუვი. პურის ფულსა ვშოულომდი რა. მოვიდნენ და დამინგრიეს, უშლისო! მამაძაღლი, 1965 წლიდან მანდა დგას და არ უშლიდა, ახლა უშლიის?! ეგრევე მგლიჯა იმფაქტმა.
-აქ როგორ მოვხვდი? აი, სტრახოვკა მაქ, ბედნებს რო ურიგემენ მუქთათ. საღოლ, ძმაო, რო ეცოდებათ ჩემნაირი ხალხი.


ბონჟურ ახალგაზრდავ!

დიახ, ფრანგულის პედაგოგის გული გახლავართ.
(თუ შეიძლება პერანგი შემისწორეთ. თქვენებურად “პერიკარდიუმი” არა?)
რომ იცოდეთ რა საშინელი უბედურება დამატყდა თავს.
ვაჟიშვილი გავზარდე უქმროდ (ტირის). მე და ჩემი და თან გადავყევით. მეათე კლასშიც არ გაგვიშვია სკოლაში მარტო. სამეჯლისო ცეკვებზე დაგვყავდა, ფლეიტაზეც.
ფრანგული თავად შევასწავლე (ისევ ტირის).
დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე თითით საჩვენებელი სტუდენტი იყო, სანამ ის სატანა არ შეუჩნდა!
–არა, ბატონო! ქალი კი არა-კაცი!
ჭორებს როგორ დავუჯერებდი, თავად რომ არ შემესწრო ჩვენს ლუდოვიკოს საძინებელში (უფრო ხმამაღლა ტირის). იქვე დამემართა ეს წყეული ინფარქტი.


გამარჯობათ პატივცემულო, თქვენი!

გული ვარ მე, ბიზნესმენის სულაც.
გეცოდინებათ თქვენ, რამდენი წვალება გამოვიარე, სანამ ჩემს საწებლების ცეხს ავამუშავებდი. 10 ლარი მქონდა საწყისი კაპიტალი სულ. მერე წამივიდა საქმე წინ.
-როგორ, ბოთლებზე მიკრული ჩემი სურათი არ გინახავთ?
სულ ბებიაჩემის დანატოვარი საგვარეულო რეცეპტებით ვაკეთებდით აჯიკას. ვინ დაგიჯერა?! ფალსიფიკაციააო და დამიხურეს წარმოება. შეშურდათ ჩემი! მაგას გავუძლებდი თუ იცი მე? მომივიდა ინფაქტი.


მოგესალმებით!

უშიშროების მაღალჩინოსნის გული გახლავართ.
-სანერვიულო? როგორ გეკადრებათ! იდეალური ოჯახი მაქვს.
-სამსახურში? არა, ბატონო, არა! სამსახურში პატარ-პატარა პრობლემები ყველას გვაქვს.
-როგორ, თქვენ ჯერ არა?
უბრალოდ მომინდა და წავუინფარქტე.


პრივეტ ბრატ!

მე კაი ბიჭის გული ვარ.
ვაა... ნიუჟელი ინფაქტი ავიკიდე ტო? ისე, რაც მე მიბლატავია.
შენა და, მარფინს ვერ დაამატებ? რა კაია ტო, ნეტა ადრე მოვსულიყავი შენთან, სუფთას მაინც გამიკეთებდი.
ძმურად მეშველება?
ბოიშვილი ვიყო, წამალი თუ არ გადავაგდო...ვაა, ე რა აზრები მომივა ხოლმე...


გამარჯობა,შვილო!

შენი კოლეგის გული ვარ.
ხედავ, ექიმებსაც გვემართება თურმე ინფარქტი. თავს გაუფრთხილდი დედა,შენს ასაკში მეც ვათენებდი ავადმყოფების საწოლთან ღამეებს.
ახლა მიდი, სისტემაში პრედნიზოლონი ჩამიმატე, თორემ წამოვიდა წნევა დაბლა.
არ მინდა ჯერ გავჩერდე, ახლახანს პატარა შვილიშვილი შემეძინა, ჩემი მოსახელეა.


გამარჯობა რენუარ!

მწერლის გული გესაუბრება.
ვიცი,მხოლოდ ექიმი არ ხარ, \"რენუარი\"- შენი ლიტერატურული ფსევდონიმია,თუმცა მე, შენი წაკითხვა ვერ მოვასწარი...
-დამიჯერე, არ ღირს ჩემზე დროის დაკარგვა, ისე ვარ დაფლეთილი.
ერთს გეტყვი მხოლოდ, გული ერთია და თანაც მუშტისოდენა, სატკივარი კი უამრავი არსებობს...მწერლობა და კარდიოლოგობა ერთმანეთს ჰგავს. ორივე თავისებურად იწერს გულიდან წამოსულ ამბებს, ორივე თავისებურად მკურნალობს.შენ დაიბენი, ერთსაც ეპოტინები და მეორესაც.
გაგიჭირდება! როგორ გინდა შენ ,ერთმა, ამდენი გული ორივენაირად გაშიფრო?
იფიქრე ამაზე...

P.S. ექიმმა სამუშაო მაგიდაზე “აბულულებული“ კარდიოგრამები ხელის ერთი მოსმით გადასწია გვერდზე, შუშის ქვემოდან ამოდებულ ჰიპოკრატეს სურათს დახედა და ჩაილაპარაკა: ვფიქრობ, ლიტერატურას ვფიცავარ....
8. 10. 07.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    კარგია მართლაც!...ყველას რომ ინფაქტი ემართება:D:D:D:D wink
  • 5
  • რუსა ზოიძე
  • 2011-04-23 21:55:53
  • საინტერესოდ წამეკითხა...ძალიან მომეწონა! მართლაც რომ ყოჩაღ!
  • 4
  • ნიაკო კახიძე
  • 2011-04-21 14:21:47
  • მაგარია ძაან! ყოჩაღ!
  • 3
  • ნათია პაპიძე
  • 2011-04-16 14:00:13
  • ქ_ნო,ნინო, გკითხულობთ და ვიღებ უდიდეს სიამოვნებას !
  • 2
  • რ_____ო_____ი
  • 2011-04-15 10:14:38
  • მაგარია, მართლაც რომ!...

    +
  • 1
  • გიო გურჯი
  • 2011-04-14 19:46:57
  • ჩვენი სალამი ! წაკითხული მქონდა და ძალიანაც მომწონს. მაგარი ნაწერია. გულიანი :)

    გმადლობთ.

    დიდება თქვენს გამოჩენას აქ!