..ოჰ, ეს თბილისურ-იტალიური ეზო პაატა ტეტუნაშვილი
იუმორისტული
2012-07-24 14:50:00
181/2



თავი 1
იყო დრო და ახლაც ალბად ასეა, რომ მზის სხივს მოსდევს თბილისურ-იტალიურ ეზოებში მყუდროების გაქარწყლება. ინათლებს და ატყდება რია-რია აივნებზე, ჟივილ-ხივილი, გადაძახილ-გადმოძახილი, სიმღერა, ტირილი, სტვენა, ლანძღვა... სუნთქვაცკი თავის ექოს გამოსცემს აქ. სიცოცხლე და ხალისი ჩქეფს ირგვლივ.
ადრე, ვიდრე ეზოში მხოლოდ ერთადერთი წყლის ონკანი იდგა, მავანნი სათლებით გარბოდნენ წყლის მისამარაგებლად, მავანნი ჯამ-ჭურჭლის გასარეცხად ჩარბოდნენ ეზოს ონკანთან, მავანნი იატაკის ჯოხებით გადი-გამოდიოდნენ საერთო აივნის პირველ რიგში მისასუფთავებლად, მავანნიკი სულაც ტყუილად, მაგრამ მაინც, გარბოდნენ და გამორბოდნენ და სხვებთან ერთად ნებით თუ უნებლიედ არღვევდნენ ეზოს მყუდროებას. რა აღარ ხდებოდა ამ ეზოებში, რას აღარ გაიგონებდა კაცი. მეორე მსოფლიო ომით დაწყებული, მსოფლიო პოლიტიკით გაგრძელებილი და ლოთი ნოდარას ბოზი ცოლის გაჭორვით დამთავრებული ყველაფერზე მსჯელობდნენ, კამათობდნენ, ხუმრობდნენ, კაფიობდნენ და ბოლოს ეს ყველაფერი ან საერთო პურ-მარილით და ანკი ჩხუბითა და დავიდარაბით მთავრდებოდა. თუმცა ჩხუბის შემდეგ შერიგდებოდნენ და მეზობლბი მაინც კეთილ მეზობლებად რჩებოდნენ.
ერთ სანახაობად თოკზე გამოფენილი სარეცხი ღირდა. ძაფზე დაკიდული მარიონეტი თოჯინებივით პანწიალობდნენ ღამის საცვლები და ჭრელა-ჭრულა ხალათები, შარვლები და კაბები, წინდები და ლოგინის ზეწრები... პატარა ნიავზე ისე ამოძრავდებოდნენ, კარგად დაკვირვებული თვალის წყალიბით იფიქრებდით, თითქოს დადგმული სცენის განსახიერებას ცდილობენო..
ბედნიერი იყო ის ვინც ეზოს ერთადერთ საპირფარეშოში პირველი შეასწრებდა, თორემ მერე გაიმართებოდა რიგი და ატყდებოდა აქაც ერთი გნიასი, ლანძღვა, „გამოდი-ჩავიფსის“ ძახილი და სიცილ- ხარხარი.
ჭირიც საერთო ჰქონდათ და ლხინიც. ვინმეს სადღაც შორეული ნათესავიც რომ გარდცვლოდა, მთელი სამეზობლო, მომდურავიც და მოლაპარაკეც ერთად შეიკრიბებოდა და ცხრა მთას იქით რომ ჰყოლოდათ მეზობელი დასაფასებელი იქ ჩააკითხავდნენ.
ჰო, უცნაურია იტალიური ეზოს ყოფაც, ცხოვრებაც და ისტორიებიც . კიდეც ჩხუბობენ და კიდეც ეფერებიან ერთმანეთს, კიდეც მღერიან და კიდეც ტირიან, მაგრამ ეს ყველაფერი საერთო აქვთ...
ვიდრე თანამედროვე იტალიური ეზოს ამბის თხრობას დავიწყებდე , მინდა ცოტა რამ წავუმძღვანიო წინ არსებულ ეზოს ძველი ისტორიიდან.
ერთი დღეც იყო და:
_ ტფუუ, შენი აქ დამდების დედა ვატირე! - გაისმა ჯუჯღუნა ჯემალას ავლაბრულად დახვეწილი გინება ფურთხების „მისტიურ“ ფონზე. -ეს რკინები ვინ დაყარა აქ, ასე შეიძლება კაცო? კინაღამ კისერი არ წავიმტვრიე?! - ღრენდა ნაბახუსევი ჯემალა და თან თავის სახლის კარიდან ოდნავ მოშორებით მიყრილ რკინის ნაჭრებს გამწარებული ერთ კუთხეში აგროვებდა.
_შენ არ მოათრიე ეგ რკინები გუშინ ბიჭო? - ჩამოსძახა ეზოში აკრიახებულ 55 წლის ‘ბიჭს“ ფანჯრის თაროზე შემომდგარმა, მისივე ტოლმა, ციალამ, მესამე სართულიდან, თან ფანჯრის მინებს (პირით) ორთქლავდა და წმენდდა.., ორთქლავდა და წმენდდა...
_ ვა, მე მოვათრიე?!- ეჭვში ჩავარდა ჯემალა და სახე უკმაყოფილოდ დაეღრიჯა.
_ უფრო სწორედ შენ მოგათრიეს გუშინ მაგ რკინებთან ერთად. ისეთი მთვრალი იყავი ზამბარასავით იგრიხებოდი. გაწყდნენ საწყალი ბიჭები წელში ცალკე შენი თრევით, ცალკე - მაგ ხარახურის. - კვლავ გაეპასუხა ციალა და თან ორთქლავს - წმენდს.., ორთქლავს - წმენდს... და ისეთი ხმაურით ორთქლავდა, რომ ალბათ მისი დაბადებისას რომ განეჭვრიტათ მისი ფილტვების სიმკვირცხლე აუცილებლად „ორთქლმავალას“ ჩაუწერდნენ დაბადების მოწმობაში.
_ვა, ეგეთი მთვრალი ვიყავი? არ მახსოვს...
_რომ გხსომებოდა გასაკვირი ის იქნებოდა, ჩემო ჯემალ! ეგრე დათრობა შეიძლება ? –( ნეტავ საიდან ჰქონდა ამ გალეულ ქალბატონს ამდენი ენერგია, რომ თან ორთქლავდა, თან წმენდდა და თანაც ჯემალას ელაპარაკებოდა... )
_ვახ, როგორ დავმთვრალვარ?! მაგრამ, თუ იმ ბიჭებმა მოგვათრიეს მეც და ჩემი რკინებიც, გამოდის, რომ ეს რკინები აქ მე არ დამიყრია... -
_ მერე მაგით რისი თქმა გინდა ჯემალ?
_ რისი თქმა მინდა და ამ რკინების აქ დამყრელის დედა ვატირე მე... აქ სად დაუყრიათ, კინაღამ კისერი არ წავიტეხე, კაცო? - გააგრძელა ჯუჯღუნი ზუსტი ინფორმაციის მიღებით უკვე კმაყოფილმა ჯემალამ.
ეს იმ დღის მხოლოდ დასაწყისი იყო იტალიურ ეზოში ალიონის შემოძახილისა.
მეორე სართულის თამარამ მათ ხმაურზე გადმოიხედა. დილიდანვე აქოთქოთებულ მეზობლებს ერთი უბრალოდ მიესალმა და პირველი სართულის სომეხ კატუშას ისეთი ომახიანი ხმით გასძახა, თითქოს დილის რვის ნახევარი კიარადა შუადღე ყოფილიყო გადასული:
_ კატუშა, გოგო, კარტოფილი და ცოტა მაკარონი ხომ არ გაქვს? „სუფზე“ მიმაკლდა...
კატუშაც თითქოს ჩასაფრებული ყოფილიყო მყისვე გაეპასუხა:
_ აბა საიდან თამარ-ჯან, ჩემი რაფო აღარ მუშაობს, სახლში ფული არ არი, პური არ არი...
_რა გჭირს შექალო, ოჯახის ქალს კარტოფილი და მაკარონი არ უნდა გქონდეს სახლში? - შეიცხადა უკმაყოფილო „ოჯახის ქალმა“ და ახლა სხვა მეზობლისკენ იბრუნა პირი „სუფის“ საჭირო , უფრო სწორად აუცილებელი ატრიბუტების მოსაგროვებლად.
_ ვა, მე მებნები? მე არ არის ოჯახის ქალი და შენ არის? - გულს შემოეყარა სომეხ კატუშას ოჯახის ბურჯის და დიდი დიასახლისის, თამარას ნათქვამი.
ხმაურზე ვინც დასაღვიძებლები იყვნენ ყველამ გაიღვიძა და ზოგი ღია ფანჯრებს და ზოგიც აივნებს, დიდიან-პატარიანად მოაწყდნენ ახალი ამბის გასაგებად თუ სეირის საცქერლად. ოთხმოც წელს გადაცილებული მარუსაცკი, რომელიც ბოლო დროს ხშირი ავადმყოფობის გამო იშვიათად თუ გამოჩნდებოდა, დიდ ვარდისფერ ტრიკოსა და მოკლე საღამურში გამოწყობილი ძლივს გამოფამფალებულიყო აივანზე და დიდი გულისყურით ადევნებდა თვალს მიმდინარე მოვლენებს.
ჰო, ინტერესი დიდი იყო, რადგან ყველამ კარგად იცოდა გიჟმაჟუა თამარას ამბავი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეეძლო თავისი ფსელით სავსე ღამის ქოთანი თავზე გადმოექცია ნებისმიერისთვის, როცა ეს მოუნდებოდა.
თუმცა არც კატუშა იყო ნაკლები ჩხუბისთავი, თამარასგან იმის განსხვავებით, რომ თავის ღამის ქოთანს თავზე არავის გადმოაცლიდა; და ალბათ ესეც იმიტომ, რომ პირველ სართულზე ცხოვრობდა...
სწორედ ამ დაძაბული ორთაბრძოლის მომსწრე ხდებოდნენ ახლა მეზობლები, რომელ ბრძოლასაც ჩუმჩუმად გულში თავიანთი ხალისისთვის ნატრობდნენ კიდეც. ჰო, ნატრობდნენ, რადგან ამ ორ ქალს რომლებსაც დალანძღული ჰყავდათ მთელი ეზოს მოსახლეობა, ერთმანეთში არასდროს ეჩხუბათ და ამიტომაც დიდ ინტერესს იწვევდა ლანძღვის დიდოსტატთა „ორთაჭიდილი.“
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეზო გარეთ იყო, ცა გარინდულიყო და სუნთქვაცკი არ ისმოდა არავისი. ჯუჯღუნა ჯემალაცკი ხმას არ იღებდა.
_ჰო, აბა ვის ვეუბნები, ქალი ხარ ქალო შენ? კარტოფილი და მაკარონი არ უნდა გქონდეს სახლში?
_აბა უყურე ამ გათახსირებულსა... - ტანზე შემოიბრდღვნა აჩაჩული ხალათი კატუშამ - მაშ მე ოჯახის ქალი არ არის და შენ არის? ყოველ დილით პური მამე, კარტოფელი მამე, ეს მამე ის მამე და სულ მამე?
_ მათხოვარი და გათახსირებული შენ ხარ, შე ქუჩის ქალო შენ! მეზობლისთვის ორი კინკილა კარტოფილი როგორ უნდა დაგენანოს, მაგრამ ძუნწი რომ იქნბა ადამიანი სხვას რას უნდა ელოდე მისგან.
_ მე არის ქუჩის ქალი? ხალხნო გესმით რა უთხრა ამ მართლა ქუჩის ქალმა და გათახსირებულმა? შენი ბოზობა ავლაბრიდან დიღმამდე ყველა იცის, მე არი კიდე ქუჩის ქალი? ჩამო ერთი თავი უნდა გადაგიხეთქო ამ ქვითა...- შეჰკივლა კატუშამ და იქვე მიგდებულ კარგა ბარაქიან ქვას წამოავლო ხელი...
მართლაცდა ვის დასცდებოდა აუგი კატუშას ქუჩის ქალობაზე, ანკი გულითაც რომ მოენდომებინა მისი ამჟამინდელი ვიზუალურობიდან გამომდინარე მამალი ბუზიც არ დააჯდებოდა მხარზე, თუმცა თავისი ანჯელინა ჯოლობით თამარაც ვერ დაიკვეხნიდა...
_აააა, თავიც უნდა გამიხეთქო? მანდ დამელოდე თუ ქალი ხარ! - მიაძახა თამარამაც და ფანჯარაში გაუჩინარდა...
სწორედ იმ დროს ეზოში მემაწვნე ვენერამაც შემოაბიჯა და მაწვნის ქილებით სავსე ორი ჩანთაც ძლივს შემოათრია. თავი აწია და ის იყო უნდა დაეძახა „მაწონიო“, რომ ამ დროს კვლავ გამოჩნდა თამარა ფანჯარაში და თავის ნაღამური ღამის ქოთანი კატუშასკენ მთელი ძალით გამოიქნია...
კატუშასი რა გითხრათ, მაგრამ ვენერა რომ ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს ეს ფაქტია. თუმცა თამარას გამონაყოფი ღამის „წვენით“-კი კარგა გვარიანად გაილუმპა.
მაშინ კი იკადრეს სეირის მაყურებლებმა და მოჩხუბარი მეზობლები დააშოშმინეს, მაგრამ რაღადროს, უნებლიედ განტევების ვაცად შემოსწრებულ ვენერას რაღა ეშველებოდა დაბანა-გასუფთავების გარდა...
ჩხუბიც მიმთავრდა და თითქოს ამას ელოდნენო, ხის კიბებზე ფეხის ბრახაბრუხიც ატყდა. ვიღაც ჩამორბოდა და საპროტესტო ჩხავილით აყრუებდა იქაურობას:
_ არ მინდა ბებოოოოოოოო... - ტიროდა გაანჩხლებით და კიბეზე სწრაფი ნაბიჯით გამოწვეული ხმაურიც უფრო და უფრო მატულობდა.
თუ ხმით ვიმსჯელებდით ბავშვი უნდა ყოფილიყო, მაგრამ თუ კიბის ზანზარს გავითვალისწინებდით უფრო ზრდასრული ადამიანის შთაბეჭდილება რჩებოდა.
თუმცა, ეს მოვლენა უცხო ადამიანისთვის თუ იქნებოდა ამოუხსნელ ამოცანად, თორემ სახლის ბინადართათვის ყოველდღიური მოვლენა იყო მას შემდეგ, რაც ათი წლის გიორგიმ დაბადების შემდეგ კიბეებზე ჩამორბენა ისწავლა. ყოველ დილას, შუადღეს და საღამოს, გრაფიკულად, გიორგი გამორბოდა და უკან ბებია მოსდევდა სადილით სავსე ჯამითა და „მოდი ჭამეს“ ძახილით. ბავშვი დასაწყისში ღნაოდა, შემდეგკი, დროთა განმავლობაში, ხმა შეეცვალა, რადგან გაიზარდა. ბებიაკი, წლების განმავლობაში თანაბარად უცვლელი სტაბილური ტონით გულისგამაწვრილებლად ქოთქოთებდა:
_ ასეთი უჭმელი როდემდე უნდა იყო დაგენაცვლე.- მშობლიურ ქართულ-ებრაულ კილოზე უქცევდა მოხუცი. - ხომ ხედავ, რომ ამდენი უჭმელობით ძვალი და ტყავი ხარ დარჩენილი, სანთელივით ხარ ჩამოყვითლებული დაგენაცვლე. აი, ეს რაც არის დარჩენილი ეს შეჭამე და მეტს აღარ მიგაძალებ, დაგენაცვლოს ბებოომ...
„გაძვალტყავებული“ ათი წლის გიორგიკი რატო სამოცდაათ კილოგრამს არ იწონიდა უკვე და სიმძიმისაგან შეწუხებული ძლივს დაძანძალებდა.
_ აღარ მინდა ბებოოო, აღარ მინდააააააა... - ტიროდა ბავშვი და ამ ტირილით კიბეებიც ჩამოათავა..
ხის კიბეებმა თითქოს შვებისგან ამოისუნქეს. ზანზარი შეუნელდათ და თითქოს აღარც უნდა ყოფილიყო ზედ არავინ, თუ არ გავითვალისწინებთ მოხუც სიფრიფანა, ებრაელ მართას, რომელიც „აჯაფსანდალით“ სავსე ჯამითა და ნახევარი პურით ხელში შვილიშვილს პეპელასავით მსუბუქად მოსდევდა.
ეზოში ჩამოსულმა მართამ შვილიშვილს ონკანთან მიუსწრო და ეცადა ჯამიდან ხელით ამოლუკმული ვებერთელა ლუკმა ძალით გადაეყლაპებინა გიორგისთვის. ბიჭი თავს იქნევდა და კრიჭაშეკრული ხმამაღლა ზმუოდა.
_ ჭამე დაგენაცვლე, თორემ, აი ჯემალა შეგიჭამს იცოდე, ნახე როგორ მშიერი თვალებით გიყურეეებს, თუ არ შეჭამ ჯემალას ვაჭმევ იცოდე, დაგნაცვლეე... - ნაცადი ხერხი იხმარა მართამ და თან ცდილობდა ამოღებული ლუკმა შვილიშვილისთვის პირში ჩაეეტენა.
გიოც თან ღნაოდა და თან იმის გაგონებაზე, რომ ჩამზიარებელი გამოუჩნდა და ემანდ მართლა არ შემისანსლოს ჩემი კუთვნილი საჭმელიო, იმხელა პირი დააღო ლამის ბრმანაწლავი გამოუჩნდა.
_ ეგრე დაგენაცვლე, ეგრეეე, არ მოგასწროს ჯემალამააა, - ეუბნებოდა კმაყოფილი ბებია და ახლა მეორე მოზრდილ ლუკმას იგროვებდა გამჭკნარ თითებში „ჩამომხმარ- ჩამოტყავებული „ ბავშვის ფერზე მოსაყვანად.
ჩხუბის მიზეზად საქმეს მოწყვეტილმა ჯემალამ, რომელიც კვლავ დაწყებულ საქმეს მიბრუნებოდა და რკინების ერთ ადგილზე მიგროვებით მიქანცულს ნაბახუსევ სახეზეც ოფლი ღვრად ჩამოსდიოდა, ერთიც ამრეზით გამოხედა მართას და ვერ გეტყვით ხუმრობით თუ სერიოზულად, მარჯვენათვალმოჭუტულმა მოხუც ებრაელს ჰკითხა:
_ დეიდა მართა, მაგ ბალღს ლუდს არ ასმევთ?
გაოცებულმა მართამ ჯემალას იჭვნეულად გადახედა:
_ რა დროს ამისი ლუდის დალევაა?! რადა მკითხე, დაგენაცვლე?
_ რათა და მაგ ბალღს რომ ახლა ლუდის დალევას აძალებდე სიამოვნებით ჩავეზიარებოდი, თორემ აბა „აჯაფსანდალი“ რა ბედენაა ნაბახუსევზე...
_ აიიი, ვინც შენ არ გიცნობს ჯემალაა, ვინც შენ არ გიცნობს! - გადაიკისკისა ფანჯრის რაფაზე კვლავ შემომდგარმა „ორთქლმავალა“ ციალამ ხმამაღლა და მხიარულ გუნებაზე დამდგარმა ფანჯრის მინა უფრო მძლავრად დაორთქლა და გაწმინდა, დაორთქლა და გაწმინდა. (მაინც რა ენერგია აქვს ამ ქალს...)
_ მოგიკვდა ჩემი თავი ჯემალა, ლუდი გინდა? - მზრუნველი ხმა გაისმა ებრაელი მართას ხმაში. - ერთი ეს დავაპურო და მოგიკვდა მართა თუ კარგად ჩაციებული ლუდით შენი გული არ გავახარო.
გაოცებულმა ჯემალამ ჯერ „ორთქლმავალა“ ციალას ახედა, ხომ არ მომესმაო - გაიფიქრა, შემდეგკი ისევ მართას შეხედა და გულისყურით დააკვირდა, ალბათ ფიქრობდა: -„ეს ხომ მართლა ებრაელი მართააო...“ - მერეკი ცოტაარიყოსდა მორიდებით გაეპასუხა:
_ რას ამბობ დეიდა მართა, გავიხუმრე...
ოთხმოც წელს გადაბიჯებულ მოხუც მართას ცელქი ბავშვივით აუციმციმდა კეთილად გაღიმებული თვალები. ერთხანს თავი მიანება მოზრდილი ლუკმით პირგამოტენილ გიორგის და ჯუჯღუნა ჯემალას დედაშვილურად დამთბარი ხმით სიყვარულით უთხრა (ძალიან უცნაურად იქცეოდა დღეს მოხუცი ებრაელი) :
_ ის რა ხუმრობაა დაგენაცვლე, ნახევარი სიმართლე რომ არ იყოს. ერთ ლუდს როგორ დავამადლი ჩემს ხელში გაზრდილ მეზობელსა. თანაც დღეს პასექის დღესასწაულია, ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლას ვზეიმობთ დაგენაცვლე და ისედაც მინდოდა ჩემს მეზობლებთან ერთად ამეღნიშნა ეს დიდებული დღე დაგენაცვლე. აბრაამის ღმერთის, ისააკის ღმერთის და იაკობის ღმერთის მადლმა, რომ ასე იქნება...
ახლაკი მიხვდნენ მეზობლები, თუ რატომ იყო დღეს მოხუცი ებრაელი განსაკუთრებულად ასეთი ხელგაშლილი...
მართლაც, რამოდენიმე ხანში მართას ოჯახმა ეზოში პურმარილი გამოიტანა. მართამ პირადად მიართვა ჯემალას გერმანული ფირმის ხუთი ბოთლი, საუკეთესო ლუდი „კასტელი.“
ის დღე დროსტარებაში გალიეს.
მართალია ქეიფს მორჩნენ, მაგრამ არ დაშლილან... იცინეს, იკამათეს. იმღერეს, ნარდი ითამაშეს და გვიან-გვიან უკვე დასაძინებლადაც მიწვნენ. ვიღას ახსოვდა მოჩხუბარი მეზობლების ამბავი...
ან რა გასახსენებელი იყო, როცა თამარა და კატუშა ერთ სუფრას შემოსხდომოდნენ და უკვე თვითონაც აღარ ახსოვდათ თავიანთი დილანდელი „ხუშტურ-ბუშტურები.“ არ მინდა გამომრჩეს და აქვე დავძენ, რომ ჩხუბის მორჩენისთანავე მემაწვნე ვენერა კარგად გაწმინდეს, გაასუფთავეს, ახალი სამოსით შემოსეს და ისე გაისტუმრეს თავის გზაზე. სოლიდარობის ნიშნადკი ყველა ოჯახმა სამ-სამი ქილა მაწონი შეიძინა...
მეორე დილა ცოტა უცნაურად გათენდა. როგორ და რა დროს ვერ გაიგეს, მაგრამ „ორთქლმავალა“ ციალას მამალი ეყიდა და სახლის მობინადრეთა გაღვიძების გრაფიკმაც ამ დილიდან ერთი საათით უკან გადაიწია. თუ აქამდე დილის შვიდ საათზე იწყბოდა ხმაური და გადაძახილ-გადმოძახილი, ახლა ეზოს ახალმა „მობინადრემ“ თავის ჩვეულ რეჟიმში მოუნდომა მეზობლებს ჩაყენება და დილის ექვს საათზე ჩახრინწული ხმით გულიანად შემოჰყივლა. ამ შემოყივლებითკი ისეთი კბილალესილი მტრები შესძინა, რომლებიც ალესილ კბილებთან ერთად დანებსაც ლესავდნენ მისი ლიკვიდაცია-განადგურებისთვის და ალესილი კბილებით ჩახრამუნებას უწინასწარმეტყველებდნენ. უფრო მეტადკი ახალგაზრდები აქტიურობდნენ:
_ რა ხდება ხალხო, ძილი არ გვიწერია ამ ეზოში? - წუწუნებდა აივანზე თვალების ფშვნეტით გადმომდგარი ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც თავისი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან გვიან ბრუნდებოდა რეპეტიციიდან და თავისთავად დაძინებაც გვიან უწევდა. - ოღონდაც ეგ მოაშორეთ და ორ დედალს მე ვუყიდი ვისიცაა...
_ ვისი მამალია, მამალიღა აკლდა ამ ეზოს, დაკალით და გააწყვეტინეთ ხმა თუ ღმერთი გწამთ! - უკმაყოფილად პრუწავდა ტუჩებს ოცდაექვსი წლის ასპირანტი ვერიკოც და თან ნახევრად მძინარი ფანჯარაში გადმოყოფილ თავს ასკილივით აქანქარებდა.
_ მემაწვნე ვენერას ხომ არ დარჩა ნეტავ? - ყოველშემთხვევაში იკითხა თამარამაც, რომელსაც ისე ფხიზლად ეჭირა თავი, რომ ეტყობოდა მისთვის ამდროს უძილობა ბევრს არაფერს არ ნიშნავდა.
_ ვენერას საიდან მამალი? რა, მაწონი მამალი არის? - გაეპასუხა სომეხი კატუშა წინადღის ნაჩხუბარ მეზობელს, რითაც საბოლოოდ გადააბარა ისტორიას მათი ჩხუბის ამბავი და მშვიდობის ახალ დასაწყისს დაუდო საფუძველი.
_ რა ვიცი, რა არის გასაკვირი ამ ქვეყანაზე. ისეა არეული ეს ქვეყანა მამალი კიარა და ნიანგები რომ არ დაჰყავთ მემაწვნეებს არ გიკვირს? - მიზეზი მიეცა თამარასაც მეზობელთან გამოსალაპარაკებლად და ხუმრობის მსგავსი მცდელობით შანსიც გამოიყენა.
_ ვაიიი, მეხი დაკა მაგ მამალას თავში! - შეასრულა დილის ექვსი საათისთვის ექსპრომტად წამოსული წყევლა-კრულვის რიტუალი კატუშამაც და ის იყო სახლში შებრუნებას აპირებდა, რომ თამარას ხმაც წამოეწია:
_ კატუშა, გოგო, შენთვის მაინც უნდა დამეძახა და რახან აქა ხარ გკითხავ: ერთი ორი კვერცხი ხომ არ გექნება? ერბოკვერცხსა ვწვავ და კვერცხი მიმაკლდა. ისე ცხიმსაც თუ გამოაყოლებ კარგი იქნება...
_ როგორ არა მაქვს თამარა-ჯან, გუშინ რაფომ ხელფასი აიღო და ყველაფერი მომიტანა, ჩამოდი და წაიღე, ცავატანემ! - გაეპასუხა კატუშაც.
_გაიხარე გოგო შენ, შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა?!
მამალასკი დეზებზე ეკიდა მეზობლების ჩივილ-ყვირილ-გადაძახილ-გადმოძახილი და იმ დღიდან მოყოლებული ერთგულად განაგრძობდა თავის ფუნქციურ-რიტუალურ მოვალეობას იქამდე ვიდრე ერთ დღესაც მისმა პატრონმა „ორთქლმავალა“ ციალამ თავის კარებზე ჩიჩახვით ჩამოკიდული არ ნახა, ხოლო მის ადგილასკი ორი ახალგაზრდა ვარიკა ჩუმი ღუღუნით დაკაკანობდა.
აი ასეთი იყო ძველი თბილისური სახლების იტალიური ეზოს უცნაური ამბები.


თავი2

დრო გადიოდა, წლები გარბოდა, ცივილიზაცია იზრდებოდა, დედამიწის გეო-პოლიტიკური რუქა იცვლებოდა, ომი და მშვიდობა ერთმანეთს ენაცვლებოდა, საბჭოთა წყობა მიდიოდა, კაპიტალისტური მოდიოდა... მაგრამ ძველი თბილისური სახლების იტალიური ეზოები თავისი ხასიათით და ბუნებით იგივე რჩებოდა, იმ გარკვეული ცვლილებების განსხვავებით, რომელიც ჟამთა-ცვლის აბობოქრებულმა დინებამ, ყველასგან დაუკითხავად თავისთავადარ შემოატივტივა ძველი თბილისური სახლების სიცოცხლით სავსე სანაპიროებთან და თანამედროვე სახით ჩაანაცვლა მოძველებულ ცივილიზაციას. მაგალითად:
1.თუ მაშინ ერთი საერთო საპირფარეშო იყო, დღეს ყველას საკუთარი აქვს თავისი აბაზანით და სხვა სველი წერტილებით. ამითკი ისტორიას ჩაბარდა „საპირფარეშოს გრძელი რიგებიც“ და ეზოს საერთო ონკანთან დასარეცხად ჩატანილი ჭურჭელის რახარუხიც.
2.ძველი, საბჭოთა ავტომობილებიც სადღაც გაქრა, მათი ადგილი „მერსედესებმა,“ „ბმვ“-ებმა და კაპიტალისტური ცივილიზაციის სხვა სამარკო ავტომობილებმა დაიკავეს.
3.თუ მაშინ ერთ საერთო ფერად ტელევიზორში უყურებდნენ თბილისის „დინამოს“ თამაშებს, დღეს ყველა საკუთარი პლაზმური ტელევიზორებით (სატელიტური ანტენებისა თუ საკაბელო არხების საშუალებით) ადევნებენ თვალყურს მსოფლიო ფეხბურთს.
4.რაც მთავარია, გაჩნდა ინტერნეტი და თითქმის ყველა ოჯახში კომპიუტერმა დაიკავა საპატიო ადგილი.
სამაგიეროდ ძველებურად ჩხუბობენ და რიგდებიან. ძველებურად ისმის ეზოებში მემაწვნეებისა და მემწვანილეების სარეკლამო შეძახილები. ისევ იკრიბებიან საღამოობით, მაგრამ ადრინდელი ქართული პურმარილის ნაცვლად უფრო ყავა და ნამცხვარია მიღებული სტუმართ-მასპინძლობისთვის, თუმცა შიგადაშიგ ქართული სუფრაც გაიელვებს-ხოლმე.
ახალმა ცივილიზაციამ თანმდევი კურიოზებიც შემოიყოლა.
ხუმრობით ვიტყვი, რომ: თუ ჯუჯღუნა ჯემალა ადრე მამაპაპური გინებით აღვიძებდა მეზობლებს, ახლა მათ სოც. ქსელების პირად გვერდებზე დაღრეჯილ სმაილებს უგზავნის. „ორთქლმავალა“ ციალაც photoshop -ის საშუალებით წმენდს თავის ფანჯრის მინებს და მეზობლებს სკაიპით აჩვენებს: ნახეთ რა დაწმენდილი ფანჯრები მაქვსო. თამარაც „ოდნოკლასნიკებს“ მიჯდომია და მისი საშუალებით თხოვს კატუშას ყოველ დილას ორ კინკილა კარტოფილს. კატუშაც არ დააყოვნებს და კარტოფილის ისეთ ფოტოს გადაუგზავნის, რომ კარტოფილის უნახავს გახდის კაცს. თუ ჩხუბი მოუნდებათ მუშტმოღერებულ სმაილს გაუგზავნიან ერთმანეთს, თუ სიცილი მოუნდებათ პირდაფჩენილ და ყბააქანავებულ ყვითელ კაცის თავს ციმ-ციმ აფრენენ ერთმანეთთან. ალბათ, მემაწვნე ვენერაც ინტერნეტის საშუალებით უგზავნის ხოლმე მაწონს მიჩვეულ მობინადრეებს. თან ასე მოსახერხებელიცკია მისთვის. გზის ხარჯებს ზოგავს, ძროხაც აღარაა სადევნი, მაწვნის ქილებსაც 3D სა და photoshop-ში დაამზადებს და ეგაა. თანაც დაზღვეულია იმისგან, რომ გამწარებული თამარა თავზე სავსე ღამის ქოთანს არ წამოამხობს.
ჰო, ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი ხუმრობით ითქვა, თუმცა ერთ ამბავს აუცილებლად მოგიყვებით და თქვენზე მომინდვია მისი განსჯა, კურიოზია თუ გასატრადიციებელი, დასაწუნია თუ მოსაწონი და მამა-პაპათა ადათ-წესებზე მისაბმელ-მისაკერებელი.
მოხუც მართას, რომელიც „ორთქლმავალა“ ციალას მეზობლად ერთ ოთახში ცხოვრობდა, ორი ქალიშვილი ჰყავდა და ორივე საქართველოში გამეფებული ეკონომიკური სიდუხჭირის გამო იძულებულნი საზღვარგარეთ გადახვეწილიყვნენ საარსებო პურის საშოვნელად და ავადმყოფი დედის ფინანსურად უზრუნველსაყოფად. ერთი ესპანეთში ცხოვრობდა და იქ უვლიდა მოხუცს, მეორეკი საბერძნეთში ზრუნავდა მოხუც ავადმყოფზე. ხოლო ორივე ავადმყოფი მოხუცების მოვლაში აღებული ფულით თავიანთი ავადმყოფი დედის მომვლელის ხელფასს ანაზღაურებდნენ საქართველოში თანაბარწილად. ბედის ირონიაც სწორედ ესაა...
და, ერთ დღესაც საბერძნეთში მყოფი, მართას ქალიშვილი, მედეა, ორი, დიდი გატენილი ჩემოდნით მშობლიურ კერას მოადგა.
ჩამოვიდა და რა ჩამოვიდა, ჩამოუტანა დედას ნაირნაირები, - საბერძნეთში დატოვილი, თავისი მოსავლელი მოხუცის ნაქონი: ჭრელა-ჭრულა კაბები, ხალათები, შლიაპა ქუდები, წითელ-ყვითელი ფეხსაცმელები, გეტრები, წინდები, ჩულქები და თქვენ წარმოიდგინეთ ჯინსის შარვლებიცკი. ჰო, არ დამავიწყდეს, ლეპტოპიც ჩამოუტანა... მაგრამ რად გინდა, დრომოჭმულ, ლოგინად ჩავარდნილ მოხუცს აღარც ჭრელა-ჭრულა კაბები უნდოდა და აღარც წითელ-ყვითელი ფეხსაცმელები (ლეპტოპი მითუმეტეს...) მხოლოდ ერთი რამ დარჩენოდა საცოდავს ნატვრად, რომ თავისი შვილების ხელში დაელია სული და მათი ცრემლის გარეშე არ ჩასულიყო ცივ სამარეში.
არავის გამოპარვია მედეას ჩამოსვლა. მთელმა სამეზობლომ მასთან მოიყარა თავი. მის ვიწრო ბინაში რას დაეტეოდნენ და ფართო აივანზე ატყდა ხვევნა-კოცნა-მტლაშა-მტლუში.
ამით არ დასრულებულა მედეას დახვედრა და მეზობლების თავგამოდებით საღამოსპირას ეზოში არნახული სუფრა გაიშალა. არ დააკლდა სუფრას ცხელი ხაჭაპურები და ცივი ფხალეული, ზეთში გამომცხვარი მჭადები და იმერული ჭყინტი ყველი, მრგვლად მოხარშული “მუხრანის“ ქათმები და ვაზის ფოთოლში გადახვეული სომხური ტოლმა, იმერულად ამოკმაზული ნიგვზიანი ლობიო და მჟავის ასორტი. არც „ლაღიძის“ ლიმონათები და „ბორჯომის“ ცივი მინერალური წყალი დავიწყნოდათ სუფრის გემოვნებიან გამწყობებს, რომლებიც „მაგდუს ნამცხვრების“ ვაზების გვერდით წყვილ-წყვილად ჩაერიგებინათ. ამ ყველაფერსკი ხერხემალივით გასდევდა ჯუჯღუნა ჯემალას შვილის ხელით დაწურული ალადასტურის სუფთა ნაჟური, რომელზეც ძირითადად იყო დამოკიდებული სუფრის მსვლელობის შემდგომი განვითარება და თანამესუფრეთა ხალისი.
სუფრის თამადად ძია ბაქარი დააყენეს, რომელიც მეზობლებში დარბაისელი და წიგნში კარგად ჩახედული კაცის ავტორიტეტით სარგებლობდა. ჰო, განათლებული კაცი იყო ძია ბაქარი და როგორც ამბობდნენ „ჩუმ-ჩუმად“ წერდა კიდეც, თუმცა გამოქვეყნებული ჯერ არაფერი ჰქონდა.
მისი მეუღლე, ქ-ნი მადლენა მუსიკოსი გახლდათ. ამიტომ, მათი ბინიდან ხშირად გამოდიოდა როიალის, უმეტესწილად მომაბეზრებელი გამები. უფროკი მაშინ, როცა მოსწავლეები აკითხავდნენ.
ერთადერთი ვაჟი ჰყავდათ, რომელსაც სიბერის იმედს უწოდებდნენ, რადგან ძალიან გვიან შეეძინათ, ცხრამეტი წლის ბექა და ისიც საქართველოს ჯარში ნებაყოფლობით იხდიდა სავალდებულო სამსახურს.
ერთი სიტყვით ენაწყლიანი თამადის მაღალფარდოვანი სადღეგრძელოებითა და ალადასტურის ტკბილი ბახუსის წყალობით ქეიფი ეშხში შევიდა. მღეროდნენ, ხუმრობდნენ, იცინოდნენ, ბავშვობას იხსენებდნენ, ცეკვავდნენ...
შეზარხოშებულმა და საერთო ფერხულში ჩაბმულმა, უკვე ასაკში კარგად შესულმა რაფომ, რომელსაც ასაკის მატებასთან ერთად მღრნელი ფოლადის კბილების ნაცვლად მხოლოდ დაცვეთილი ღრძილებიღა შერჩენოდა ტკბილი ამბების მოგონებისას, შედეგის გაუთვალისწინებლად, გემრიელად ჩაკბიჩა მწიფე პომიდორი. ჩაკბიჩა და რა ჩაკბიჩა... ერთი საცოდავად გაიჭყივლა რაფოს ღრძილებში მომწყვდეულმა პომიდორმა და ბომბივით გამსკდარმა ნახევარი სუფრა თავისი ტომატით სისხლით მორწყულ ბრძოლის ველს დაამსგავსა.
ყრუ აფეთქებას რათქმაუნდა ხმაურიანი შეძახილები, უკმაყოფილო წუწუნი და მხიარული სიცილ-ხარხარიც მოჰყვა. უხერხულობაში ჩავარდნილი რაფოკი ხაფანგში გაბმული მაჩვივით დამნაშავედ კუსავდა თვალებს და ტომატით დასვრილ ტუჩებს სახელოთი იწმენდდა.
რაფოს „დიდი აფეთქება“ ხუთ წუთში აღარავის ახსოვდა, რადგან გიტარისა და ხალხური საკრავების ტკბილმა ჰანგებმა სულ სხვა ატმოსფერო შემოიტანა ისედაც ხალისით სავსე სუფრაზე. ქალაქურმა და ხალხურმა სიმღერებმა ერთმანეთი ჩაანაცვლეს და ქეიფმაც საბოლოო სახე მიიღო.
კარგად დამთავრდებოდა ის საღამო, რომ არა მედეას დედის გარდაცვალება. ნახევარწილად სულდამშვიდებულმა მოხუცმა, მშვიდად მიხუჭა შვილის ნახვით გახარებული თვალები და სამუდამოდ მიიძინა...
არც ჭირში მიუტოვებიათ მეზობლებს მედეა. პატიოსნად მიაგეს პატივი მოხუცს. არ დააკლეს ტაბლები და შესანდობრები... ყველაფერი ქართული ტრადიციებისამებრ მიდიოდა და არც არაფერი იქნებოდა გასაკვირი, რომ არა დაკრძალვის დღეს მომხდარი ფაქტი, რომელიც 21-ე საუკუნის თანამედროვეობამ ტაატით შემოატარა თბილისურ-იტალიურ ძველ ეზოში და აპრობირება გააკეთებინა მობინადრეებს ინტერნეტ-სივრცის ქართულ სამგლოვიარო პროცესში თანამედროვე ცივილიზაციის გასატრადიციებლად.
ჰო, იმას ვამბობდი, რომ დაკრძალვის დღეც დადგა. დიდი სიფრთხილით ჩამოასვენეს ცხონებული და უკანასკნელად დაასვენეს საყვარელ ეზოში საგანგებოდ გაწყობილ ტახტზე. წრფელი გულით დაიტირეს მეზობლებმა და უკვე გაყვანის დროა, რომ მედეამ შეჰკივლა:
_ ასე ვერ გაგიშვებ, დეეეეეეეეეეეედა..! თამროს ცრემლის გარეშე ვერ დაგმარხავ დეეეეეეეეეეეედა..! ახლავე გალაპარაკებ თამროს დეეეეეეეეეეეეედა..! ლეპტოპი მომიტანეთ ჩქაააააააააააარა..!
უცებ მართლაც დაფაცურდა რამოდენიმე კაცი. მედეას ჩამოტანილი ლეპტობი მოარბენინეს, , ლეპტოპი გარდაცვლილ მართას თავთით დაუდგეს და wi-fi -ს საშუალებით სკაიპში შევიდნენ...
ვინაიდან ლეპტოპს პატარა ხმა ჰქონდა თამროს სიტყვები კარგად არ ისმოდა, მაგრამ ვირტუალური ცრემლების ზღვა რომ გაავებით ღელავდა ეს უდაოა, რადგან მრავლად მოფრინავდნენ ესპანეთიდან მტირალა და ცრემლიანი სმაილიკები.
უცხო აღმოჩნდა იქ მყოფებისთვის მსგავსი ცერემონიალი. ჩაიცინეს კიდეც და გაიოცეს კიდეც. ერთმა ხმამაღლა ასეცკი იხუმრა:
_ _ ყურსასმენები გაუკეთეთ მიცვალებულს ყურებზე, რომ სიტყვა არ გამორჩეს ...
მავანმაც არ დააყოვნა და ხუმრობა გაუგრძელა:
_ ა, ბატონო 21 საუკუნის გასვენება , სკაიპით ტირიან და მალე ალბათ ბლუთუზით დაასაფლავებენო...
დამსწრე საზოგადოება დაბნეული შეჰყურებდა თანამედროვე ეპოქის ცივილიზაციას და გულში შიშ-შეპარულები მსჯელობდნენ, თუ როგორ დაკრძალავდნენ სამომავლოდ მათ ბლუთუზით, ანკი ფეისბუკით როგორ დააქორწინებდნენ...



თავი 3

მართას დაკრძალვიდან ერთ თვეში, 2008 წელს, აგვისტოს ავად სახსენებელი დღეები დადგა საქართველოში.
„ერთმორწმუნე“ მეზობელი რუსეთისგან უსამართლოდ წიხლნაკრავი და ფერდებ-ჩალეწილი ჩვენი ქვეყანა ენით აუღწერელი სიმამაცით თავის პატრიოტულ სისხლს ასხამდა სახეში დორბლმორეულ წითელ გველეშაპს, რომელიც ერთობ ბოროტი მიზნით „გვსტუმრებოდა“ და (უკვე მერამდენედ) სამხედრო საჰაერო თავდასხმებით



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ნათი, ეს მოთხრობა საერთოდ გადავაკეთე და დარწმუნებული ვარ მართლაც შტამბეჭდავი გამოდის. მთელ გულს ვდებ ამ მოთხრობაში. ეს ერთი ამოსუნთქვით დაწერილია, ახლაკი ისე ვიმუშავე, რომ ვფიქრობ მართლა კარგი უნდა გამოვიდეს. და ეს არ იქნება მხოლოდ იუმორისტული... დანარჩენს როცა წაიკითხავთ, თქვენგან ველოდები რეაქციას. მალე დავდებ ახალი ფორმით :)
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2012-07-31 19:58:12
  • ბ–ნო პაატა, არ მქონდა წაკითხული და კიდეც ვიცინე ბევრი. არ ვიცი კომპიუტერმა რა შეცვალა, ჩემს ეზოში აშკარად არაფერი შეუცვლია –სწორედ გუშინ ვიხილე როგორ მიიკოტრიალ–მოიკოტრიალეს მთელი ეზო ერთმანეთის თმებში ჩაფრენილმა ორმა მეზობელმა ქალმა. თუმცა, დღეს დილით ერთ–ერთი თავზე სერჩენილ თმას ისევ პირველი სართულის სხვა მეზობელს ავარცხნიდა სარეცხზე და ახალი "ნაღმიც" ჩაიდოოოოო.


    ბ–ნო პაატა, აქვე მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჩემი "გაქრობის" გამო. ვფიქრობ, სულ ცოტა დროც და... იმ საქმეს დავუბრუნდები.