გჯეროდეს! ბექა ქებულაძე
პოეზია
2012-09-27 00:25:24
104/7

მაშინაც ღამით ანათებდა მთვარე აღმართებს,
უსმენდა სივრცე სანაპიროს ტალღის ღაღადისს.
როცა გოლგოთას ჯვარგაკრული ქრისტე აღმართეს
და მატიანეს მოაგლიჯეს გვერდი ქაღალდის.

მაშინაც ღმერთში დალექილი სისხლი ინატრეს,
ცასდაბნეული ვარსკვლავებიც ჯვარცმას ელოდნენ
და მიანდობდნენ უფლის სხეულს სანამ პილატეს,
მანამ თავს და სულს იოანეს კვეთდა ჰეროდე.

გადაუცვალეს იესოზე ზეცას ბარაბა
და შემოაცვეს უწმინდური თეთრი ხალათი.
ბრბო კი ცოდვილი სურვილების ხროვას ფარავდა -
ეკლის გვირგვინით, უნდობლობით, ეჭვით, ღალატით.

ეპოქის გარდა ტაძრის შიგნით ფარდაც გაორდა,
მთებში ჩაწოლილ დიადემას ერქვა უკუნი.
შუა ჩაიხსნა დედამიწამ თითქოს აორტა
და კაცთა ცოდვებს შეეწირა ეს საუკუნეც.

ისევ ვერ ვხვდებით რისთვის ეცვა ჯვარზე მესია,
ვისთვის ევნო და ჩააბარა სული სამოთხეს.
ამ ისტორიის ერთადერთი რთული წესია,
რომ ვერცერთ ფურცელს დღიურიდან ვეღარ ამოხევს.

ახლაც ღამეა, სავსე მთვარე კოცნის აღმართებს
და აღდგომისას ზეციური ხარობს დიდება.
თუ უფლის ნებას სიყვარულთან ერთად აღმერთებ,
გჯეროდეს, შენშიც სულიწმიდა გადმოფრინდება.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 7
  • მზია მაღრაძე
  • 2012-10-18 16:15:41
  • თემის მრავალგზის განმეორება, მხოლოდ ამბის ან მოვლენის კვლავ აქტუალობაზე მიგვანიშნებს,სათქმელს კი ყველა სხვადასხვაგვარი მხატვრული ფორმით გადმოსცემს,პირადად მე მომეწონა ბექას გონების თვალით დანახული "გჯეროდეს." წარმატებები ავტორს +2
    მერაბ ჯიხაძეს ვეთანხმები.
    მართლაც რომ მრავალგზის დაწერილი თემაა.
    წარმათებები და მონდომებისთვის ვწერ +1
  • 5
  • მერაბ ჯიხაძე
  • 2012-09-29 13:49:37
  • ძალიან არ მომეწონა, ძალიან. როცა ათიათასგზის მონაყოლ ამბავს ყვები ყოველგვარი სიახლის გარეშე, მინიმუმ მხატვრული მხარე მაინც უნდა იყოს წესრიგში.
    მადლობა ავტორს ასეთი ლამაზი ლექსისთვის :))) +ები :))
    თუ უფლის ნებას სიყვარულთან ერთად აღმერთებ,
    გჯეროდეს, შენშიც სულიწმიდა გადმოფრინდება.
    +
    +
    აჩის ვეთანხმები, რითმებია სუსტი უმრავლესობა და ეგ მაკავებს +3 დავწერო. :) +2 მაინც! წარმატებები..
  • 1
  • ა__ჩ__ი
  • 2012-09-26 03:36:06
  • თითქმის დახვეწილი ლექსია, ოვაციასაც იმსახურებს!

    +3