(ჩემში ზამთარია) ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-12-05 10:38:52
86/7

გრძნობებს ეპარებათ ფონად დეკემბერი,
გარეთ ამინდებმა მკვეთრად აურია,
მხოლოდ ერთი მინდა,ნეტავ არაფერი
აღარ მახსოვდეს და როცა ხმაურიან
ქალაქს გავეცლები,ვეღარ გავიხსენო
ის,რაც დედამიწამ მსჯავრად მომისაჯა,
მართლა დავიღალე ,მინდა მოვისვენო.
ტაში ამ ცხოვრებას,რადგან გაიმარჯვა.
დიდი ოვაცია ყველა \"სამართლიანს\"
ყველა \"უმწიკლოა\" ყველა \"ქალწულია\"
ნეტავ შემეძლოს რომ სადმე წავეთრიო,
მაგრამ გალაქტიკაც \"ვადაგასულია\".
როგორ ავირიე,ყველა შევიძულე,
უკვე ლექსებზეც კი გული ავიყარე.
ყველა ღია კარი ისე გავიხურე
ვეღარ გავბრუნდები,როგორ დავიღალე!
თითქმის ზამთარია,მალე ჩამობარდნის,
მალე გაათეთრებს თოვლი არემარეს.
ვზივარ ფანჯარასთან და თუ ჩამოვვარდი,
ანუ თუ მოვკვდი და ისე გავიპარე,
მგონი არაუშავს,თქვენ ნუ შეწუხდებით,
რადგან სიკვდილია ბედის ირონია.
მე კი ამ სამყაროს ვეღარ მოვუხდები
რადგან ამინდიდან გამომდინარეა
ყველა სუიციდი,ჩემში შინაგანად
ცივი ჰავაა და ბარდნის უთავბოლოდ.
სანამ თვითმკვლელობის მიზეზს მივაგნებდე
ყავას სიგარეტი უნდა მივაყოლო.

ჩემში ზამთარია.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 7
  • თინანო
  • 2012-12-28 15:47:16
  • შეიძლება უხეშად გამომიდის, მაგრამ ამდენი კრიტიკა გამაღიზიანებელია, და ასეთი "ჩასაფრებული" კომენტარები.. როგორც უნდა ისე წერს რა, რას ჩააცივდით!
    თქვენი ლექსის ღირსებაა ძალდაუტანებელი სტრიქონები. ლექსი არ არის ნაწვალები, არ გაქვთ ყურით მოთრეული ყალბი ე.წ. "მეტაფორები," რაც, სამწუხაროდ, ასე "ამშვენებს" ქართულ თანამედროვე პოეზიას. ასეთი ბუნდოვანებისგან თქვენი ლექსი შორს დგას და ამიტომაც ძალიან მომეწონა. იფიქრეთ თქვენი მეგობრების შენიშვნებზე, ბევრი რამ ყურადსაღებია, მით უმეტეს, რომ ნიჭიერი ხართ.
    დიდი მადლობა ყველას,ნატიას და ირაკლის რედაქტორობა იმდენად გამიხარდა აღარაფერს აღარ ვიტყვი:)მაქვს რაღაცეები საწინააღმდეგო მაგრამ ბევრ რაღაცაშიც გეთანხმებით.დამთავრებული ლექსიდან რამის ამოღება ისე მეზარება ნუ იტყვით.გავა დრო და ალბათ გადავაკეთ-გადმოვაკეთებ რაღაცეებს:)იმედია ისევ იაქტიურებთ რედაქტორებო და საიტს ძველებური ელფერი დაუბრუნდება.
    მომეწონა +
  • 3
  • ნინო ღლონტი
  • 2012-12-05 11:20:55
  • სარითმო წყვილები მოიკოჭლებს, ჩემის აზრით.

    დანარჩენებში დასტური ირაკლის და ნათიას.

    +
  • 2
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-12-04 17:37:46
  • "მართლა დავიღალე ,მინდა მოვისვენო.
    ტაში ამ ცხოვრებას,რადგან გაიმარჯვა. "

    ამ "ტიპის" ფრაზები რომ არა, მეტი იქნებოდა ლექსის ღირებულება, ჩემი აზრით. ნაწერიდანვე ჩანს - ირიბად გამოხატული და გათქმული ემოცია უფრო ძვირად ფასობს.
    ეს, ზოგადდიდაქტიკური რეპლიკები ვერ მოიხდინა ტექსტმა.
    ავტორის ადგილას აუცილებლად ამოვიღებდი რამდენიმე სიტყვას, ან შევცვლიდი. განწყობა გასაგებია.

    დასაწყისი მომეწონა, ლიპო.
    იგივე გზით რომ გაგრძელებულიყო შემდეგშიც, ნამდვილად კარგი რამე გამოვიდოდა.

    +
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2012-12-04 15:39:52
  • ლიპო, გულწრფელად გეტყვი, იყო ლექსის შუაწელში ისეთი მონაკვეთი –ურომლისობაც უფრო დაამშვენებდა ლექსს, ჩემი აზრით.
    ბრჭალების სიმრავლეც არ მოიხდინა, თითქოს.

    "რადგან სიკვდილია ბედის ირონია."– ბედის ირონიებზე იმდენად ხშირად წერენ დაბალი და საშუალო რანგის "პოეტები",ლიპო –ვეღარ სარგებლობს კარგი რეპუტაციით ეგ იზაფეთური კონსტრუქცია. :))

    "სანამ თვითმკვლელობის მიზეზს მივაგნებდე...." რაღაცნაირად ზუსტად გამოხატავს ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მდგომარეობას.