აღარ მირჩები ბექა ქებულაძე
პოეზია
2012-12-20 00:49:09
75/6

ნაძვებიდანაც აღარ ცვივა მრგვალი გირჩები,
დაველოდები გათენდება როცა ეს დილა.
შენ ჭრილობა ხარ, ვინაიდან აღარ მირჩები
და ვინაიდან ეს ჭრილობა ჩემში შეზრდილა.

თქვი: მოტანილი ქარისაგან ისევ ქარს მიაქვს,
(თუ სიმწრისაგან სამრეკლოზე ზარი კიოდა)
შენი აურით დამშვიდებულ ლოცვის ხასიათს
ანგელოზები გიკითხავენ საიქიოდან.

გადაგეჩვიო შევეცადე, თუმცა რთულია,
გახსენებისას ელვა მივლის თმიდან კოჭამდე.
გვირილებისგან აშენებულ ხუთსართულიან
პირამიდების სარკმლებიდან მინდა მოჩანდე.

მინდა გიყუროს გაცოფებით თუნდაც დუნიამ,
ყველას ესმოდეს შენი ქება, შენი დიდება.
ვისაც აქამდე ეშმაკივით უმაცდურია,
არამგონია რომ ოდესმე შეგირიგდება.

უკვე გათენდა, მიცახცახებს თითქოს მუხლები,
სასოწარკვეთა მეპარება ხმაში.. მეც ამით
ვმხიარულდები, გატანჯული და ხელუხლები
თვით სიხარულიც მითეთრდება სიბერესავით.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 6
  • გიო შენგელია
  • 2012-12-22 20:49:24
  • უკვე გათენდა, მიცახცახებს თითქოს მუხლები,
    სასოწარკვეთა მეპარება ხმაში.. მეც ამით
    ვმხიარულდები, გატანჯული და ხელუხლები
    თვით სიხარულიც მითეთრდება სიბერესავით.

    +2
    ნორმალურია, მაგრამ შენსგან უკეთესიც მინახავს.
  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-12-19 16:50:12
  • ერთადერთი, რაც ნამდვილად ვერ გავიგე ამ ლექსში - პირველი სტრიქონია. ვერ გავიგე რა დატვირთვა აქვს.

    დანარჩენი - თავისი კარგი და ნაკლებად კარგი ადგილებით, - ასე თუ ისე, მომეწონა.

    ფინალიც საინტერესო ფრაზით მთავრდება.
    ვწერ პლიუსს.
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2012-12-18 16:35:42
  • უნდა მოუბრუნდეს ავტორი.

    რაკი დაიწყო ამ ლექსის წერა, ბოლომდე მიიყვანოს საქმე.

    იყო მომენტები, რომელმაც აზრობრივად მეტად დახვეწა მოითხოვა კითხვისას და ცოტა არ იყოს, კონტექსტიდან ამოვარდნილად მეჩვენა, თუნდაც, პირველივე სტრიქონი.

    შენი აურით დამშვიდებულ ლოცვის ხასიათს
    ანგელოზები გიკითხავენ საიქიოდან. –აი,ამ ფრაზას იმდენჯერ მოვუბრუნდი –ლამაზად კი ჟღერს, ძალიან. და ზუსტად მაგიტომ მომინდა დაწმენდილი იყოს აზრობრივად და შინაარსობრივად.

    დუნია – არ ჟღერს კარგად.

    ვისაც აქამდე ეშმაკივით უმაცდურია,
    არამგონია რომ ოდესმე შეგირიგდება. – აი, აქაც გამიჭირდა დაწმენდილი აზრის გამოტანა. და საერთოდ, მემგონი, უმაგსტროფობით არაფერი დააკლდება ლექსს.

  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2012-12-18 10:37:32
  • ქარის მოტანილი რომ ისევ ქარს მიაქვს, გადამღერებული თემაა უკვე პოეზიაში.

    "დუნია" არ მოუხდა ლექსს, თანაც მხოლოდ რითმისთვის რომ არის ეს სიტყვა მორგებული, ცხადია...

    ცუდი ლექსი არ არის, მაგრამ ხელის გადავლება და დახვეწა არ აწყენდა.