მე კარგად ვარ ელენე ტროელი
პროზა
2013-01-22 01:02:53
81/9

მე კარგად ვარ
ავსტრიული გაზაფხული სუნი ცხელი ყავის და ახლადგამომცხვარი კრუასანის ოხშივარს კარგად ერწყმოდა, ზუსტად ისევე, როგორც ტიროლიდან დედაქალაქში სამუშაოდ ჩამოსული ოფიციანტის წინსაფარი და ვენის ერთ-ერთი გარეუბნული კაფის ფარდების ფერი, რომლის აივნიდან სწორხაზოვნად გაკრეჭილი გაზონები და ქვებით მოკირწყლული ნამიანი ქუჩა მოსჩანდა.
კვირა დილის შესაფერისი სიზანტით კანტი-კუნტად მიმავალი მანქანებისა და შუქნიშანთან მდგარი მოხუცის გამოსახულება ფერმკრთალი ფახდა - ანასა და მათ შორის იმ სიგარეტის ბოლი ჩადგა, რომელსაც თვითონაც რომ ვერ შენიშნა, ისე მოუკიდა.
რადიო რომელიღაცა ლატარიის გათამაშებაში მოგებულის შესახებ გადმოსცემდა, თუმცა, მის ხმას შიგადაშიგ კაფის აივნის მეორე მხარეს მჯდარი სტუმრების ხმა ფარავდა. ანას მზერა ძალაუნებურად გადააწყდა პიკნიკისათვის გამზადებულ ოჯახს, სასაუზმედ ამ კაფეში რომ შემოევლოთ: სადად ჩაცმული დედ-მამა და ორი ბავშვი. მამას უმცროსი კალთაში ჩაესვა, მეორეს კი, დილის სუსხისაგან ავარდიფერებულ დიდ ლოყებზე ცრემლის კვალი რომ ემჩნეოდა, დაბეჯითებით უხსნიდა რძის უპირატესობას კოკა-კოლაზე. ნერვიულსახიანი დედა ამასობაში ოფიციანტს ფასებს ეკითხებოდა, შიგადაშიგ კი ოდნავ შურიან, უფრო შემფასებელ მზერას ანასაკენ აპარებდა.
ანამ თავი უხერხულად იგრძნო, ქურქის ზედა ღილები შეიკრა, რომ გუშინდელი საღამოს კაბა ოდნავ მაინც დაეფარა, მის გრძელ კალთებსა და ბჭყვრიალა ფეხსაცმელს კი ვერაფერი მოუხერხა და ძალაუნებურად ფეხები მაგიდის ქვეშ, სიღრმისაკენ შესწია; ისედაც დაწითლებული თვალები ხელით მოისრისა, ქაღალდის ხელსახოცით შერჩენილი პომადა მოიშორა და ცხელი ყავის ფინჯანი ორივე ხელით ნელ-ნელა აიღო, რომ სითბო ეგრძნო.
\"მე მგონი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თვითონ თუ აღარ დარეკა, სხვებთან მაინც კარგად დამახასიათებს\" - ფიქრობდა ანა - \"ისე, ჯობდა, არ დამელია, მაგრამ სხვანაირად ზიზღს ვერ გავუმკლავდებოდი\".
იგრძნო, რომ საშინლად მოუნდა ძილი. ყოველი ღამისთევის შემდეგ ფიზიკური გადაღლა სხვა ყველაფერს ჩრდილავდა: სინდისის ქენჯნასაც, მოგონებებსაც და მომავალზე ფიქრსაც.
\"ამის ხურდა არ გვაქვს, ქალბატონო\" - უკან დაუბრუნა ოფიციანტმა 500 ევროიანი კუპიურა - \"იქნებ სხვა ფული გქონდეთ!\"
ანამ უხალისოდ მოიჩხრიკა ჩანთა და ძლივს მოაგროვა 3 ევრო ხურდებით. ეს იმას ნიშნავდა, რომ ავტობუსით ვეღარ წავიდოდა და რამოდენიმე კვარტალი ფეხით უნდა ევლო.
ცვრიანი ქვაფენილი არა და არ მთავრდებოდა და ანა სახლის საწინააღმდეგო მიმართულებით მიჰყავდა, იმ ერთადერთი ადგილისაკენ მთელ ქალაქში,სადაც ფულის გადარიცხვის ოფისი კვირაობით ღიაა ხოლმე. შეციებულ ანას გზა აუტანლად ეჩვენა, ტკივილი იგრძნო და ნაბიჯი შეანელა.
\"შრომამ შექმნა ადამიანი\" - გაახსენდა უცებ დიდი ხნის წინ, საბჭოთა სკოლაში ნასწავლი შეგონება და თავისდაუნებურად გაეღიმა.
\"მთლიანად ვრიცხავთ, ქალბატონო?\" - ზრდილობიანად ჰკითხა ანას \"Western Union”-is მოლარე გოგონამ. ანამ თავი დაუქნია. გოგონამ კუპიურა აიღო, ანას ხელმოწერა სთხოვა და მშვიდობიანი დღე უსურვა.
სახლში დაბრუნებულ ანას კიდევ ერთი საქმე ჰქონდა: კომპიუტერს მიუჯდა,მეუღლეს მისწერა - \"დღეს ხელფასის დღე იყო, იქით კვირასაც რამეს გამოგიგზავნი, მე კარგად ვარ\" - და დაიძინა.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 9
  • ნათია პაპიძე
  • 2013-01-30 19:45:57
  • ანა, მის სხვა კომენტარებსაც თუ გადააწყდებით,ალბათ,
    დარწმუნდებით რომ თქვენი ეჭვი საფუძველს მოკლებული არ არის.
    ელენე ტროელი,
    ნინო ღლონტს:
    მადლობა თქვენ და ამ საიტის მესვეურებს! თქვენ ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებთ - ამდენი "მარგალიტის" წაკითხვა და რეცენზირება ხუმრობა ხომ არ არის :).
    მე ვცდილობ, რეალობა ავსახო და "ამომავალ მზეზე და ჩამავალ მთვარეზე" არ ვწერო.
    მიხარია, რომ მოგწონთ, ზედსახელიანად:).
    საუკეთესო სურვილებით,

    ნათია პაპიძეს:
    მადლობელი ვარ, მიხარია, რომ უკვე ჩამოყალიბებულმა მწერალმა, როგორიც შენ ხარ, დადებითი რეცენზია დამიწერა.
    რაც შეეხება ქართველ ქალს, მე ვთვლი, რომ ანა შეიძლება იყოს ქართველიც, რუმინელიც, სომალელიც და ა.შ. ემიგრაციას ხომ ეროვნება, რელიგია და საზღვრები არ გააჩნია.
    გამიხარდა, რომ ნაწარმოებმა შენზე იმოქმედა. ეს ჩემი წარმატებაა იმიტომ, რომ შევძელი მკითხველამდე რეალობის მიტანა, ხოლო შენი წარმატებაა იმიტომ, რომ ფაქიზი და ალალი სული გქონია.
    საუკეთესო სურვილებით,

    ირაკლი ყურუას:
    შენ აღნიშნე ფორმის უპირატესობა შინაარსზე. ეს მართლა ძალიან დიდი კომპლიმენტია. მადლობელი ვარ.


    ელენე



    ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი წინასწარ კითხვისთვის რედაქტორებსაც და ავტორსაც , მაგრამ აქ ცინიზმი მარტო მე დავინახე? :) უბრალოდ მაინტერესებს გულწრფელად.. თქვენს ნაწარმოებზე წაკითხული კომენტარების შემდეგ დავინტერესდი : ))
  • 7
  • ელენე ტროელი
  • 2013-01-29 22:52:15
  • დიდი მადლობა!
    + როგორ წერთ? აქ ახალი ვარ და ვერ ვისწავლე სხვებს + ან - როგორ დავუწერო?
  • 6
  • დეა გვარამია
  • 2013-01-29 22:51:00
  • ძალიან მომეწონა:( ++
  • 5
  • ნათია პაპიძე
  • 2013-01-22 16:05:48
  • მართალი ბრძანეთ ეროვნებებთან დაკავშირებით.

    მე მაინც "შევავიწროვე არეალი" ჩემს ტკივილამდე.
  • 4
  • ელენე ტროელი
  • 2013-01-22 15:57:15
  • ნინო ღლონტს:
    მადლობა თქვენ და ამ საიტის მესვეურებს! თქვენ ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებთ - ამდენი "მარგალიტის" წაკითხვა და რეცენზირება ხუმრობა ხომ არ არის :).
    მე ვცდილობ, რეალობა ავსახო და "ამომავალ მზეზე და ჩამავალ მთვარეზე" არ ვწერო.
    მიხარია, რომ მოგწონთ, ზედსახელიანად:).
    საუკეთესო სურვილებით,

    ნათია პაპიძეს:
    მადლობელი ვარ, მიხარია, რომ უკვე ჩამოყალიბებულმა მწერალმა, როგორიც შენ ხარ, დადებითი რეცენზია დამიწერა.
    რაც შეეხება ქართველ ქალს, მე ვთვლი, რომ ანა შეიძლება იყოს ქართველიც, რუმინელიც, სომალელიც და ა.შ. ემიგრაციას ხომ ეროვნება, რელიგია და საზღვრები არ გააჩნია.
    გამიხარდა, რომ ნაწარმოებმა შენზე იმოქმედა. ეს ჩემი წარმატებაა იმიტომ, რომ შევძელი მკითხველამდე რეალობის მიტანა, ხოლო შენი წარმატებაა იმიტომ, რომ ფაქიზი და ალალი სული გქონია.
    საუკეთესო სურვილებით,

    ირაკლი ყურუას:
    შენ აღნიშნე ფორმის უპირატესობა შინაარსზე. ეს მართლა ძალიან დიდი კომპლიმენტია. მადლობელი ვარ.


    ელენე


  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-01-22 00:04:29
  • სასიამოვნოა დალაგებული და კარგად მოყოლილი ამბის წაკითხვა.
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2013-01-21 17:15:44
  • ტრაგიკულია ეს სინამდვილე.

    ძალიან იმოქმედა. მითუმეტეს, რომ თხრობის მანერაა ისეთი მსუბუქი, ისეთი ლამაზი კადრები მოდის...ისეთი "ბრჭყვიალა" როგორიც ყველას გგვგონია რომ არის ევროპა და ევროპაში გადასახლებული ქართველების ყოფა და... უცბად ეს ფინალი...

    საშინელებაა. :( შემეცოდა ანაც, მისი მეუღლეც...და ის სინამვილე შემზიზღდა ქართველები ამ ზომამდე რომ მიიყვანა.ქართველი ქალები.
    კორექტურებს სადაც გადავაწყდი–ჩავასწორე, რაც ვერ შევამჩნიე– მეპატიოს.
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2013-01-19 19:56:47
  • კარგი ემოცია მოიტანა ნაწერმა, ავსტრიის ქუჩებიც დამიდგა თვალწინ და კაფე, სადაც ანა გულმოდგინედ ცდილობდა ბრჭყვიალა ფეხსაცმლისა და კაბის დაფარვას, როგორ ითბობდა ხელებს ცხელი ყავის ფინჯნით, როგორ მოიძებნა ჩანთაში სამი ევრო და როგორ გაუგზავნა მეუღლეს უკანასკნელი ფული.

    მომწონს ავტორის თხრობის მანერა, ზედსახელიც :)