პური ჩვენი არსობისა ელენე ტროელი
პროზა
2013-01-26 00:36:24
71/8

\"მალდივებზე ჩემი ნაცნობი ჯერ არავინ ყოფილა, თორემ, \"ფეისბუკს\" სურათებით ააჭრელებდნენ, პირველი მე ვიქნები\" - ამ სასიამოვნო ფიქრით აღსავსე ზაზამ სეიფი ჩაკეტა და კომპიუტერი გამორთო. სამუშაო დღე სტანდარტულად დამთავრდა: ცოლის ზარი, მარკეტში შევლა და რამოდენიმე ლარი მათხოვარ ბავშვებს, გზაჯვარედინებთან გაჩერებული ჯიპის ფანჯრებამდე რომ მიცოცავენ–ხოლმე.
\"ვენაცვალე ჩემს ზაზას, ცოლ-შვილისთვის არაფერი ენანება;\" - კმაყოფილებით ესაუბრებოდა ქალაქის მეორე მხარეს სიდედრი დაქალს, რომლის ქალიშვილი სკოლის მასწავლებელზე იყო გათხოვილი - \"აი, ახლაც მალდივებზე მიჰყავს. ქეთის ჯერ ახალი ბინის რემონტი უფრო ეჩქარებოდა, მაგრამ რას იზამდა, ქმარს ხათრი ვერ გაუტეხა\".
ზაზას სახლში ხტუნვა-ხტუნვით შეგებებული ბავშვები, ჩართული ტელევიზორი და რაიონიდან ჩამოსული ნათესავები დაუხვდნენ.
გაშლილ სუფრას ოხშივარი ასდიოდა. მოშიებულმა სტუმარ-მასპინძელმა დიასახლისს ხოტბა შეასხა და გრილი ღვინის შარავანდედით მოსილი დაბრაწული მწვადის და სულგუნიანი ხაჭაპურის დაგემოვნებას მიჰყო ხელი.
\"ყველა ერის ტრადიცია მის საკვებშია გამოხატული\" - არ იღლებოდა თამადა - \"მართალია, სულ 10-12 დასახელების საჭმელი გვაქვს ქართველებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე არც იცვლება და არც რამე ახალი ემატება, მაგრამ სწორედ ესაა ჩვენი უნიკალობა\".
უნიკალობას მომავლის სადღეგრძელო მოჰყვა, მომავალს - კამათი პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ, სექსუალური ორიენტაციის ჭრილში ვარიაციებით.
\"ნიძლავს ჩამოვალ, კიდევ ფულს გესესხნენ\" - ეუბნებოდა ქეთი ტელევიზორის წინ პულტით ხელში ნახევრად ჩაძნებულ ქმარს და თან ნარჩენ სუფრას ალაგებდა - \"მაგათ რა ენაღვლებათ, შენ მუშაობ\".
ყოველი ასეთი იავნანა ზაზაზე დადებითად მოქმედებდა - უპირატესობას გრძნობდა სხვებთან შედარებით - უბრალო საქმე ხომ არ არის ბანკის მენეჯერობა. ხელფასს რომ თავი დავანებოთ, ხელმისაწვდომი კრედიტები, სამსახურის მანქანა და გარემოცვის თუნდაც მლიქვნელური, მაგრამ მაინც, პატივისცემა, ქუჩაში ხომ არ ყრია.
თვითმფრინავის ბილეთი - \"ლუფთჰანსას\" პირველი კლასი; მიმართულება - მალდივები; მიზანი - დასვენება ოჯახთან ერთად.
\"ფეისბუკს\" ახალი სურათები შეემატა, ქეთის - საკუთარი თავის განსაკუთრებულობის შეგრძნება, ზაზას კი - სურვილი, მამა ცოცხალი ყოფილიყო, მისი წარმატებები რომ ენახა.
\"მრავალს დაესწარით, მრავალი ახალი წელი ამ ოჯახს!\" - თეთრჩოხიანი თამადის როხროხი ამ დღისათვის სპეციალურად დაქირავებულ, ტელევიზორში ბევრჯერ ნანახ და რამოდენიმე წლის წინანდელ, ოღონდ თბილისში ახლახანს ჩამოტანილ მაღალი მოდის სახლების კოლექციაში გამოწყობილი მომღერლების ხმასაც კი ფარავდა - \"ხვავი და ბარაქა! იხარეთ, იბედნიერეთ!\"
ახალმა წელმა ბევრი ახალი მოიტანა: ზაზამ ჯერ სამსახური დაკარგა, მერე მეგობრები და ბოლოს - იმედი. სამაგიეროდ, წარსულმა ბევრი რამ დაუტოვა კიდეც: ვალები, დეპრესია და დაგროვილი ქულები \"გუდვილის\" ბარათზე.
\"არა უშავს, კიდევ შეიცვლება რამე ამ ქვეყანაში და შენი დრო ისევ მოვა\" - გულს უკეთებდა მეუღლე - \"ლომბარდში ფული ავიღე, ბავშვების მასწავლებლები გავისტუმრე და ბაზარშიც მეყო\".
ქეთის სიყვარული ზაზას ხასიათს კიდევ უფრო უფუჭებდა; ერჩია, საყვედურები მიეღო, ვიდრე ცოლის მოჩვენებითი ხალისი და \"ნუ ნერვიულობ, მთავარია ბავშვები ჯანმრთელები გაიზარდონ\" ესმინა დილა-საღამოს.
სიღარიბეს შეეგუა, მაგრამ ბინიდან გამოსახლების პერსპექტივას - ვერა. რამოდენიმე თვის დაუფარავ კრედიტს და ყოფილი თანამშრომლების შეცბუნებულ მზერას მხოლოდ ერთი ლოგიკური დასასრული შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა: ბანკის მიერ წართმეული ბინა.
თვითმფრინავის ბილეთი: \"პეგასუსის\" ეკონომ კლასი; მიმართულება - გერმანია; მიზანი - გადარჩენა ნებისმიერ ფასად.
\"არავინ დაგეხმარება, თუ არ სჭირდები\" - ჭკუას არიგებდა ყოველდღe დიდი ხნის წინ გერმანიაში ლტოლვილად ჩაბარებული მეგობარი, ძმურად ლუდს და ნაქირავებ სხვენს რომ უნაწილებდა მიუნხენთან ახლოს - \"არავის იმედი არ გქონდეს\".
საღამოობით საშოვარზე გადიოდნენ და ინსტრუმენტებიც არ ავიწყდებოდათ: ქლიბი, დანა, ბრტყელტუჩა. ნაშოვნი ოქროს ნივთები ინტერნეტ-კაფის მეპატრონე პაკისტანელ \"რაჯკაპურასთან\" მიჰქონდათ, რომელიც ნაღდ ფულს და კმაყოფილ ქირქილს არ იშურებდა.
თბილისში ისევ ახალი წელი მოდიოდა, \"ნატო\" ისევ შორს იყო, ტელევიზორში ისევ გლობალური დათბობის საფრთხეზე გადმოსცემდნენ.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    საინტერესო იდეაა ირაკლი.
    შეიძლება ფორუმში დაიდოს კონკრეტული სათაური და მსურველებმა დაწერონ თავიანთი ვარიანტები.
  • 7
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-01-26 15:47:08
  • შეყვარება არაა უცილებელი. განწყობა სჭირდება ამ კონკრეტულ მომენტში, ჩემი აზრით.

    დრო - რამდენიც გენებოთ.
    მე როგორ შეგზღუდოთ, ფიზიკურად ვერ ვფლობ მაგის უფლებას და შესაძლებლობას.
  • 6
  • ელენე ტროელი
  • 2013-01-26 14:13:35
  • ჩემი ერთ-ერთი ლექტორი, ბ-ნი ლევან ბერძენიშვილი, ტყვიას თავს შეუშვერდა და კონსტანტინე გამსახურდიაზე კარგს ვერ ათქმევინებდი: მისი არც თხრობის სტილი მოსწონდა და არც ცხოვრების. ერთხელ, გადავწყვიტეთ კონსტანტინე დაგვეცვა და ბ-ნი ლევანის მორიგი "შეტევა" იმით მოვიგერიეთ, რომ "სტალინი" იძულების წესით დაწერა, თორემ არ უნდოდა და ეს ნაწარმოები თვითონვე არ უყვარდაო, დავიჟინეთ.
    პასუხი იმდენად ორიგინალური იყო, ამდენი წლის მერე, ისევ მახსოვს:
    "მე მყავს ერთი მეზობელი, სახელად ოთარი. ოთარმა სახლში რემონტი დაიწყო, მაგრამ რაკი თვითონაც ცოტ-ცოტა ეხერხება ეგეთი საქმეები, უნიტაზი თავისი ხელით დააყენა. ოთარი ყოველდღე შედის ტუალეტში და უნიტაზს შეჰხარის. ჩვეულებრივი უნიტაზია, მაგრამ ოთარს მისი დანახვა ახარებს, რადგან თავისი შემოქმედებაა. ოთარს უყვარს უნიტაზი".
    აქედან - მორალი: შენი ქმნილება, უნიტაზიც რომ იყოს, გიყვარს.
    ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ თუ რამე არ მიყვარს, პირიქით, ვერ ვიტან, ეს მაღალ მატერიებზე წერაა; არც შემოთავაზებული თემები ჩაჯდა ჩემს გონება-გემოვნებაში, მაგრამ - უნდა შევიყვარო :)
    დუელს თავისი კანონები აქვს :)
    ეგრე იყოს, რამოდენიმე დღე მომეცი, ირაკლი :)


  • 5
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-01-26 12:18:53
  • ოო, ეს უკვე საქმეა.

    კარგით,
    აი, უცებ რაც მომივიდა თავში ესენია:

    1) სამყარო სიტყვების გარეშე;
    2) ადამიანი - გალია გალიაში;


    თუ არცერთი მოგწონთ, რამე სხვასაც მოვიფიქრებ.
    ქართული სინამდვილე.
    მსუბუქი ნაწერია. მომეწონა.
  • 3
  • ელენე ტროელი
  • 2013-01-26 03:04:41
  • სიმართლე რომ გითხრათ, მეტი აღარაფრის გამოქვეყნებას არ ვაპირებდი, მაგრამ ბოლო კომენტარმა დამაინტრიგა.

    ირაკლი, დუელში გიწვევ: შენ მომეცი ნებისმიერი თემა "უფრო მაღალ ღირებულებებზე" და მე დავწერ.

    სეკუნდანტებად ნინო ღლონტი და ნათია პაპაძე ამყავს. არცერთს არ ვიცნობ, მაგრამ მათ მხატვრულ გემოვნებასა და მიუკერძოებლობაშ ეჭვი არ მეპარება. ვანდობ, განსაჯონ :)

    გელოდები ! :)


  • 2
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-01-25 23:48:54
  • რა "ზუსტი ხელი" გაქვთ.
    ამ გვერდზე ვგრძნობ მოზომილობას და საჭირო სიტყვებს.

    ერთი, რაც ძალიან მაკლდება აქ – იდეაა.
    სათქმელს არ ვგულისხმობ. უფრო ზოგადი, – არსობრივი. ძალიან მაინტერესებს როგორ "გაართმევთ" თავს უფრო მაღალ ღირებულებებზე(...) წერას.
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2013-01-25 10:21:52
  • "კამათი პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ, სექსუალური ორიენტაციის ჭრილში ვარიაციებით." – :))

    მომწონს აქ კითხვა, მოკლედ. რეალობის შეგრძნება არ გტოვებს კითხვისას. ბუნებრივი,ზუსტი გადმოცემა და კადრები. და ცხადია, დღევანდელი რეალობა ისე, როგორც შეიძლება იყოს ან არის.