პირველია?! მაკო დოლიძე
პროზა
2013-03-10 00:16:43
34/2

-გიო,–ჩავჩურჩულე ყურში.
ძინავს.
–გიი–ოოო!- ვანჯღრევ.
–მმმ...აააამ... ჰო...ჰა, რა იყო? დაიწყო? ვსო, ეგ არი? ავდექით? წავედით ხო? ჩაიცვი?
–არა, მოიცა, რა ჩავიცვი, რაღაც ვერ ვიძინებ და როგორ ფიქრობ, რამე ხომ არ ხდება?
–აუ, ისე მეკითხები, თითქოს ყოველ წელს ბავშვს ვაჩენდე, –ისევ საწოლზე ჩამოჯდა,–გავაღვიძო დედაჩემი?
–არა, არა, იქნებ არაფერი არ ხდება და დილის ოთხ საათზე ტყუილად ხომ არ გავაღვიძებთ?
–აბა, ექიმს დავურეკოთ?
– კაი, მოიცა, დაველოდოთ ცოტა ხანი.
როგორ შეუძლია ასე მალე დაძინება?
–ახლა კი ნამდვილად წავედით,–უკვე ჩაცმული ვაღვიძებ.
აუ, რა ხდება სახლში, ყველა დარბის, ყველა რაღაცას მეკითხება, მეც დავრბივარ, ასჯერ ჩალაგებულ და შემოწმებულ ნივთებს ხელახლა ვამოწმებთ, ყველა ოთახში შუქი ანთია, ჯერ გასაღებს ვერ ვპოულობთ, მერე მობილურებს, მერე ისევ გასაღებს.
გიოს ისედაც გიჟივით დაჰყავს მანქანა და კიდევ ეს უნდა? ჭიშკართან მისული არ ვართ, გამწარებული ასიგნალებს.
–ვახ, რა იყო, კასო, პირველად ხო არა აჩენთ, არა?–„ბუტკიდან“ დარაჯი გამოდის და ჭიშკარს აღებს. ასე ერთნაირ „კლეჩატ“ პერანგებს სად შოულობენ ეს დარაჯები?
–პირველად ვაჩენ, ხო,–გიო მანქანას კეტავს,– აქ შევიდეთ?
–ვახ, მოისა, კასო, ეს აპტეჩკაა, იქეთ შედით, ვაა.
პირველი გიო შერბის. დანარჩენებიც შევლაგდით.
–აქეთ მობრძანდით, არა, ამდენი არა, მხოლოდ ორნი შემოდით.
–სახელი, გვარი, ასაკი, სასწორზე დადექით,–გადაშალა ჟურნალი მინუს–შვიდიან სათვალიანმა ქალმა.
–ე, სამოცდაცხრა?–ისე მიყურებს გიო, თითქოს ცხრა თვეა, არ ვუნახივარ,– რაამბავია, ტო?
–რას ამბობთ, აქ ისეთები მოდიან,– გვეუბნება მრავლისმნახველი მინუს–შვიდი.
–თქვენზე დიდ...–ვერ დაამთავრა გიომ, ჩემი მუჯლუგუნი მიიღო.
–აბა, აქეთ წამობრძანდით, თქვენ არა, ახალგაზრდავ, მხოლოდ მშობიარე უნდა შემოვიდეს, აქ დაელოდეთ.
–მე რატომ არა?–გაეჭიმა გიო.
–თქვენც მშობიარე ხართ?– სათვალე თვალში გაუყარა ქალმა.
–კარგი, ჰო,– მობრუნდა, ჩემი ხელი უჭირავს,– მოკლედ, აქ ვართ და...თუ რამეა... ეგრევე მეძახი,
– აბა, შემომხედე ერთი, შემომხედე, რა გჭირს, – ვცდილობ თვალები დავუნახო,– არაა, ამას ვერ დავიჯერებ, ტირიხარ?
– ვტირივარ არა, დილის ექვსი საათია, თვალები მეწვის.
ხელს ვუქნევ ჩემებს და ექიმს მივყვები.
– მოიცადეთ, ქალბატონო, მაქეთ არ შეიძლება,– მესმის უკნიდან.
–სუსტი გული აქვს, ნო–შპა დაალევინეთ!–სანიტრებს მოარღვევს დედაჩემი.
–დაწყნარდით, ქალბატონო, მიხედავენ.
–იცით, ჩემი შვილია, –ცრემლიან თვალს ამაყად ავლებს ხალხს.
–გასაგებია ყველაფერი, ნუ ნერვიულობთ, არაჩვეულებრივი ექიმი ჰყავს, ყველაფერი კარგად იქნება.
მარცხნივ შევუხვიეთ.
- აი, ამ ოთახში იქნები, ხშირად მოგაკითხავ, შენი ექიმიც მალე მოვა.
– იცით, რა უნდა გკითხოთ, ისე ძალიან არ მტკივა, აი, რომ წივიან და კივიან ხოლმე, რამე ხომ არ მჭირს?
–მოესწრები მაგასაც,– მაიმედებს და გადის.
ზუსტად ერთ საათში მისრულდება.
აზროვნების უნარი რომ მიბრუნდება, ვხვდები, იმ ყმუილისა და მოთქმის ხმას მე ვუშვებ. წელი რატომ მტკივა, ვერ გავიგე, მუცელი არ უნდა მტკიოდეს? ნეტავ როგორი იქნება? ხელი რომ არ ჰქონდეს? ან ფეხი? აუჰ, ბრმა რომ გაჩნდეს?
ვაიმე, ისეეეეეეეეეეეეევვვვვვვვვ......
–აბა, აბა, ცოცხლად, წავედით, – მაყენებს ჩემი ექიმი.
მეტი აღარ შემიძლია. თვალები მცვივა, კუნთები მიწყდება, ძარღვები მისკდება, თავი მიგუგუნებს, ყურები მიზუზუნებს, სადაცაა კისერი მომწყდება...
–ყოჩაღ, მამა, მიდი, მამა, ცოტაც, შვილო...–ჩემზე უარეს დღეშია ექიმი.
ვაიმე, ეს რა არის? არაფერი აღარ მტკივა, საერთოდ არაფერი, თითქოს სიზმარში ვარ, ყველა მიცინის.
– აი, გაიცანი, ეს შენი დედიკოა,–ეუბნება ექიმი პატარა ვარდისფერ ლაქას და მაწვდის...
ღმერთო, რა ლამაზია...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მომეწონა )))
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2013-03-09 19:30:03
  • ძალიან საყვარელი მოთხრობაა. იუმორნაზავი და მოსალოდნელი,ლამაზი ფინალით.

    ჩემი აზრით, ყველაფერი ადგილზე აქვს.