მარტოხე ნინო ქოქოსაძე
პოეზია
2013-04-03 00:39:44
64/15

მარტოხე

რა ვიცი,
იქნება ასე სჯობს,მარტოხე,
იდგე და გრიგალებს ელოდო, ჩემფერო,
იქნება შენს მკლავზე გამოყრილ ბოლო კვირტს
აღარც კი ეფერო.
იქნება სიმშვიდე სჯობია ყველაფერს,
რომ ქარში, მორჩილად ტოტები დახარო,
ოდესმე გაახმობს ყველა ხეს,
ასეა შექმნილი სამყარო.
დრო იყო – ფოთლებზე გიბნევდნენ ალმასებს,
გითქვამდნენ სურვილებს ნაფლეთით მანდილის,
დაფიქრდი, დაფიქრდი, მარტოხე ამაზე –
შენი სილამაზე არ იყო ადვილი...
და როცა ოქტომბრის ქარებმა დაგფანტეს,
ადრე რომ სათუთად გფურცლავდა,
რატომ გეშინია, რომ უნდა დაღამდეს,
არ იცი?
ხმებიან...ხმებიან ფუჭადაც,
შენ კი, ღირსეულად დაისხი ნაყოფი
და უნდა წახვიდე ახლა ამ ბაღიდან,
შენი ყვავილები ფერგადასულია
და ალბათ თავიდან გაშლადაც არ ღირდა.
რა ვიცი, იქნება ასე სჯობს, მარტოხე,
მარადი ყოფისგან პირჯვარი გეწეროს,
შენ, თითქოს ბებერო და მაინც ლამაზო,
მარტოხე!
მარტოხე!
შე მართლა ჩემფერო!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    წავიღე რჩეულებში+++
  • 14
  • თამო ლაფერაძე
  • 2013-04-04 23:13:54
  • მიმაქვს ეს ლექსი.
    აი სწორედ ასეთი ლექსების წაკითხვა მიხარია და მივსებს გულს.
    დაუნანებელი პლუსები ავტორს!
  • 13
  • ნინო ქოქოსაძე
  • 2013-04-03 21:05:37
  • დიდი მადლობა ყველას:*

    ზოგადად ბათუმს, ამ ლექსისაგან:)

    ამასწინათ გადავათვალიერე აქაური ჩემი გვერდი და თვალში დამაკლდა "მარტოხე":)
  • 12
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-04-03 20:40:25
  • საფინალო ფრაზის "არყოფნით" მეტად მოიგებდა ნაწერი, ჩემი აზრით.
  • 11
  • ნონა კოლხი
  • 2013-04-03 18:16:45
  • მშვენიერი ლექსია-მარტოსულობის დამღით აღბეჭდილი,მაგრამ არა სასოწარმკვეთი_თითქოს მოფერებითა და სინაზით გავსებს.მელოდიურიც,სასიამოვნოც,მსუბუქად მელანქოლიურიც...,,შენ კი ღირსეულად დაისხი ნაყოფი და უნდა წახვიდე ახლა ამ ბაღიდან"_შესანიშნავია.სიკვდილ-სიცოცხლის მარადიული პრობლემა ძალზე ბუნებრივადაა განცდილი.(,,ღმერთმა გიშველოს სიკვდილო,სიცოცხლე შვენობს შენითა").სიკვდილის გარდუვალობის ასე მშვიდად აღქმა დიდბუნებოვან შემოქმედთა თვისებაა.მომწონს! ორი ++
  • 10
  • ბექა ხერგიანი
  • 2013-04-03 12:57:33
  • მაგარი ლექსია!
    არ ვიცოდი ეს ლექსი. არაჩვეულებრივია!
  • 8
  • კოტე კირტაია
  • 2013-04-03 11:11:01
  • ქალბატონო ნინო,
    ამ ლექსს ნებისმიერი პოეტი მოაწერდა ხელს.
    ,,იქნება შენს მკლავზე გამოყრილ ბოლო კვირტს
    აღარც კი ეფერო.,, -ეს გენიალური ადგილია, შინაგანი მდგომარეობა რამდენიმე სიტყვაში ასე ზუსტად და ძალადფილოსოფოსობის გარეშე გადმოცემული.
    გილოცავთ.
    პატივისცემით.
    უუუუჰ!

    აი, პოეზია!
  • 6
  • რ_____ო_____ი
  • 2013-04-03 03:02:20
  • ასეთ ნაწერებზე არაფერს ვამბობ. ძალიან კარგია და მორჩა.
    "შიშის" აკვიატება მაქვს ბოლო დროს და შესაბამისად, ყოველთვის მიხარია, როცა ნაწარმოებებში თქვენს სახელს და გვარს ამოვიკითხავ.

    პატივისცემით ..
    შენი ყვავილები ფერგადასულია
    და ალბათ თავიდან გაშლადაც არ ღირდა. ++
    უკვე ჩემიც...აუცილებლად ვისწავლი:) ძაან დიდი ++
    ერთხელ უკვე გითხარით და გავიმეორებ, ერთ_ერთი ჩემი უსაყვარლესი ლექსია <3
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2013-04-02 20:27:45
  • მახსოვს ეს ლექსი და მიყვარს...

    მარტო სიტყვა "მარტოხე" იმდენს მაძლევს შეგრძნებითს.....