ზღაპარ იყო... მაკო დოლიძე
იუმორისტული
2013-04-12 01:28:30
34/6

ზღაპრები (მცირეწლოვან) ბავშვებზე გავლენას რომ ახდენენ, ამაზე ბევრი ნაწერ/ნაკითხ/ნათქვამ/მოსმენილი გვაქვს. მაგრამ ეს გავლენა რამდენად დადებითია სხვადასხვა ზღაპრის შემთხვევაში, არამგონია ბოლომდე იყოს გარკვეული. ზღაპრის ძირიდათი მიზანია სხვადასხვა ზღაპრული \"hack პროგრამებისა\" და \"cheat-engine-ებით\" (როგორიცაა, მაგალითად, ჯადოსნური ჯოხი, სუფრა ან ხალიჩა, ნატვრისთავლი, \"speed-up\" ჩექმები) დაეხმაროს წუწუნა და პრობლემებიან სიკეთეს ჩლუნგ და უიღბლო ბოროტებაზე გამარჯვებაში. ეს მიზანი ზოგჯერ ისეთ საშუალებებს ამართლებს, ე.წ. \"ჰორორ\" (საშინელებათა) ფილმებსაც კი შეშურდება.
შედარებით მსუბუქი კატეგორიის ზღაპრებში ხშირად გამოიყენება ისეთი ანომალიური ანატომიურ–ფიზიოლოგიური პროცესი, როგორიცაა ცოცხალი ორგანიზმების ჩაყლაპვა–ამოყლაპვა. გახსოვთ, ალბათ, სტომატოლოგიური მიდრეკილებების მქონე კომბლეს ცხოვრების სამდღიანი ვიზიტი დათვის ფაშვში დასრულებული უკან ამოყლაპვით, პინოქიო–ბურატინოს პაპა კარლო–ჯუზეპეს ცხოვრების წლები ვეშაპის კუჭში, წითელქუდასა და ღვეზლების მოყვარული ბებიის იძულებითი ხანმოკლე სტუმრობა მგლის მუცელში ( თუმცა ამ უკანასკნელმა ფიზიოლოგიურ ამოყლაპვაზე უარი განაცხადა და საკეისრო გაუკეთეს).
მძიმე კატეგორიის ზღაპრებს უნდა დაერთოს ლოგო \"+12\", რათა იქ მოყვანილმა სპეც–ეფექტებმა სუსტი ნერვების მქონე ბავშვები პოტენციურ ჰიპერ–აგრესიულ, \"მძიმებავშვობიან\" მოზარდებად არ აქციოს.

ამ კატეგორიაში შემავალი ასორტიმენტიდან განსაკუთრებით ეფექტური სამეული ასე გამოიყურება:

III ადგილი : \"ფიფქია და შვიდი ჯუჯა\"

შეგახსენებთ ზღაპრის მოკლე შინაარსს: გარდაცვლილმა ცოლმა გაციება ვერ მოასწრო, ფიფქიას მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. სადიზმისკენ მიდრეკილმა სტანდარტულად ბოროტმა და არასტანდარტულად ლამაზმა დედინაცვალმა ქვეშქვეშა და ინტრიგანი სარკის გავლენით მსახურს ფიფქიას დაკვლა და ძირითადი შინაგანი ორგანოების ასორტის მოტანა უბრძანა. ტყეში გაურკვეველი საუბრის და კიდევ უფრო გაურკვეველი საზღაურის ფასად მსახურმა ფიფქია გაუშვა. შემდეგ ფიფქია მოხუცის მომვლელად,ძიძად, დამლაგებლად, მზარეულად და ცხოველების მომთვინიერებლად იწყებს მუშაობას არც მეტი, არც ნაკლები, შვიდკაციან სახლში. პატიოსნების განსახიერება დედინაცვალი ვერ უძლებს ოჯახის შერცხვენას და აპრობირებული ვაშლის მეთოდით ცდილობს მის თავიდან მოშორებას. თუმცა ჩვენს lucky ფიფქიას ნეკროფილი პრინცი ევლინება გამსაღებლად და ბედნიერი ცხრაკუთხედი (7+1+1) ერთად იწყებს ცხოვრებას.

II ადგილი: \"ლურჯწვერა\"


სერიულ მკვლელ ლურჯწვერას მორიგი მსხვერპლი მოჰყავს ცოლად. უნდა ითქვას, რომ გოგონა თავისი ნებით მიჰყვება. სამსახურის საქმეზე მივლინებაში მიმავალი ქმარი ერთადერთ რამეს თხოვს მეუღლეს: არ ნახოს რომელიღაც მიულაგებელი საკუჭნაო. როგორც კი ლურჯწვერა სახლიდან მიდის, მაშინვე მოქანდებიან სიდედრი და ცოლისდები და სახლის თვალიერებასა და ჭორაობას მოჰყვებიან. სულწასული, ჭორიკანა, ტრაბახა არამკითხე მოამბემ (ანუ ცოლმა) სავარაუდოდ არ იცის ანდაზა – კატამ თხარა, თხარაო, თავის დასაკლავი დანა გამოთხარაო და საკუჭნაოში შედის. აქ ენტონი ჰოპკინსის ფან – ლურჯწვერას მიერ ყელგამოჭრილ, ჭრიალა დაჟანგულ კავებზე დაკიდულ ექს–ცოლებს პოულობს. სიგნალიზაციის ნათებაზე ლურჯწვერა სახლში ბრუნდება, შემდეგ დაძაბული მუსიკის თანხლებით დიდხანს ლესავს დანას. ზუსტად ბოლო მომენტში მოუსწრებს ცოლისძმა და გადაარჩენს თავის დას.

...დააა ჩვენი გამარჯვებულიაა...

I ადგილი: \"ცეროდენა\"


ღარიბ–ღატაკი ოჯახი აჩენს და აჩენს შვილებს. შიმშილის პირას მისული უსოციალურდახმარებო მშობლები შვილებს ტყეში გაყრიან. შემდეგ მამა ნანადირევს მოიტანს და ნასადილევს, გამაძღარ და კარგ ხასითზე მოსულ მშობლებს შვილები ახსენდებათ და დედის გული მაინც რა არის, ნეტა აქ იყვნენო, ნატრობს. თურმე ნუ იტყვით და ცეროდენას, უმცროს შვილს, ჩუმად პურის ნამცეცებით გზა დაუნიშნია და და–ძმა უკან მოუყვანია. შვილების ნახვის სიხარული საჭმელთან ერთად ილევა და ჯიბეებშემოწმებულ (გზის დასანიშნი რამე არ ქონდეთო) ბავშვებს ისევ ტყეში ყრიან.
ხეტიალისას ბავშვები დევის სახლს მიადგებიან. საბედნიეროდ, ღრძილებმტკივანი, ახალგაზრდა ხორცის მოყვარული დევი სახლში არ აღმოჩნდება. მისი ცოლი ბავშვებს დაანაყრებს და დამალავს. სახლში დაბრუნებული ყნოსვაგამახვილებული დევი ბავშვებს პოულობს და დილისთვის ასევე დიდხანს ნალესი დანით უპირებს დაკვლას. ღამით ცეროდენა თავის და და–ძმების ქუდებს დევის პატარა, საყვარელბრჭყალებიან და წვეტიანკბილებიან ქალიშვილებს ახურავს, თვითონ კი მათ ოქროს გვირგვინებს იკეთებს.
ღამით შეზარხოშებული დევი ვერაფერს ამჩნევს და საკუთარ შვილებს დიდი სიამოვნებით ჭრის ყელს. დილით დრამატული სცენა ვითარდება: დევი პოულობს: ციტატა: \"საკუთარ სისხლში მობანავე ყელგამოჭრილ\" შვილებს, ცეროდენასთან შეხლა–შემოხლისას თონეში ვარდება და იწვება. მთელ ქონებას დევის ცოლი და ცეროდენა იყოფენ. გამდიდრებული უმცროსი შვილი თავის და–ძმებით მშობლიურ სახლს უბრუნდება, სადაც, ციტატა:\"ენითაუწერელი სიხარულით ხვდებიან.\"

პირველ ადგილზე გასული ზღაპარი ჩემი ფავორიტია და შეიძლება სუბიექტურიც ვიყავი. იმედია, სხვა სისხლმოწყურებული ზღაპრის გმირები არ განაწყენდებიან.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 6
  • გელა ზაზაძე
  • 10,06,2013 05:06
  • მაგარად ვიხალისე :DDD მადლობა ავტორს...მეც ძმებმა გრიმებმა მომიღეს ბოლო თორე შეიძლებოდა კიდე რაღაც ადამიანის მსგავსად მაინც ჩამოვყალიბებულიყავი :DDD
  • 5
  • მაკო დოლიძე
  • 2013-04-12 14:15:44
  • გულწრფელად დიდი მადლობა კომენტარებისთვის :)
    ვფიქრობ, ზემოთ მოყვანილი ზღაპრები არ წარმოადგენს რომელიმე ქვეყნის ეროვნულ საგანძურს ან ისეთ ლიტერატურულ შედევრს, რომ მათი მსუბუქი გაშარჟება არ შეიძლებოდეს.
    ჩემი შვილის ერთ-ერთი საყვარელი საბავშვო წიგნია "ყვითელი კოდალას ორდენი". ერთ-ერთ თავში წიგნის მთავარი გმირები სტუმრად მიიწვევენ თითქმის ყველა ზღაპრის პერსონაჟს, ლურჯწვერას გარდა. თუმცა ის დაუპატიჟებლად მაინც მიდის, რითაც განსაკუთრებით შეაშინებს პრინცესებს. ჩემი გოგონას სრულიად ბუნებრივ კითხვაზე "ასე რატომ ეშინიათ ლურჯწვერასიო", კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირდა და ზოგადი "ბოროტი იყო"-თი შემოვიფარგლე. მაშინ კი უკვე სერიოზულად დავეჭვდი, რამდენად მიზანშეწონილი და სასარგებლოა ზოგიერთი ზღაპრის ბავშვისთვის მოყოლა, მითუმეტეს, ძილის წინ.
    ნაწერს რაც შეეხება, მგონი აშკარაა, რომ მხოლოდ უფროსებისთვისაა განკუთვნილი. არ წარმოადგენს სერიოზულ კრიტიკულ წერილს ან რაიმე ღრმა კვლევით მიმოხილვას:) იუმორისტული ჟანრი კი თავისთავად გულისხმობს განსხვავებულ და გნებავთ, გაზვიადებულ ხედვას ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენებისა, რომლებზეც თვალის დახუჭვა უფრო კომფორტულია.
    აქვე გეთანხმებით, რომ შესაძლოა გადაჭარბებული ან გამაღიზიანებელი გამოდგა, განსაკუთრებით, ფიფქიას "განხილვა" და ერთი-ორი სიტყვის ამოღებით იმ "არაესთეტიური" ელფერის გაფანტვაც შეიძლება.
    პატივისცემით,
    მაკო, მომეწონა თქვენი ნაწერი. )
    ლურჯწვერა არ წამიკითხავს, ფიფქიას კიდევ არაუშავს, მაგრამ ცეროდება და კოკროჭინა მართლა საშინელებაა. ბავშვობაში წავიკითხე. დიდხანს მესიზმრებოდა კოკროჭინას მიერ მოხარშული კუდიანის შვილის თითები. )))
  • 3
  • გვანცა ერაძე
  • 2013-04-11 18:37:40
  • ავტორს ვეთანხმები იმაში, რომ ყველა ზღაპარი ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს იმ "სტანდარტებს", რომლებიც წესით ბავშვის ჯანსაღ და არააგრესიულ წარმოდგენებს უნდა აყალიბებდეს... მათი სწორად შერჩევაც, ვფიქრობ, ნამდვილად აუცილებელია, რადგან ამ ასაკში ადამიანის ფსიქიკა განსაკუთრებით ფაქიზია...

    თუმცა... თუ თქვენ ნამდვილად დიდ პრობლემას ხედავთ ზემოთ ჩამოთვლილ (და არამარტო) ზღაპრებში "სასტიკი" და უსიამოვნო სცენების გამო, იმავე პრინციპით არც თქვენი წერის სტილია გამართლებული ამ შემთხვევაში (მიუხედავად იმისა, რომ ზღაპრებისგან განსხვავებით, ეს ტექსტი ბავშვებისთვის განკუთვნილი არ არის). იმასაც გეტყვით, რატომ ვფიქრობ ასე: მე პირადად, ტექსტში ბევრგან შემექმნა ისეთი "არაესთეტიურობის" განცდა, რაც თვითონ ამ ზღაპრების წაკითხვისას არასდროს მიგრძვნია.

    და კიდევ, ვერც ზღაპრის ძირითადი მიზნის "დეფინიციაში" დაგეთანხმებით...

    იდეა გასაგებია, მისაღებიც, თუმცა ამის გადმოცემის სხვაგვარ ფორმას უფრო მოვიწონებდი.

    ვფიქრობ, სამომავლოდ საინტერესო მოულოდნელობებს უნდა ველოდოთ თქვენგან...
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2013-04-10 22:33:17
  • პირადად მე, მართლა ხშირად მიფიქრია ამ საკითხებზე და მერწმუნეთ, ძალიან დიდი სიფრთხილით ვარჩევ-ხოლმე, ბავშვებთან მოსაყოლ ზღაპრებს. თუ მაინცდამაინც მიწევს ისეთი ზღაპრის მოყოლა,სადაც ძალადობას მაინც ვერ ავუვლიტ-ხოლმე გვერდს სიუჟეტიდან გამომდინარე - ვცდილობ შერბილებულად ან სხვა ფორმით მოვუთხრო, ანუ გადავასხვაფერო და ამის აუცილებლობა კიდევ მეტად მაშინ დავინახე, როცა ჩემი სამი წლის დისშვილმა კითხვები შემომიბრუნა ისეთ საკითხებზე, რომლებზეც მას ჯერ არ უნდა ეფიქრებოდეს და არ ვიცოდი რა პასუხი გამეცა და როგორ ამეხსნა, თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩიტმა,ჩიტმა ჩიორამ- ყველა შვილი გადაუგდო მელას და ეგ როგორიღა დედაა.:))

    ასე რომ, მე ვეთანხმები ამ პუბლიკაციის ავტორს და კიდევ მეტი ზღაპრის მოტანა შეიძლებოდა აქ, მე თუ მკითხავთ.
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2013-04-10 19:43:37
  • "ზღაპრები (მცირეწლოვან) ბავშვებზე" - უნდა იყოს - ზღაპრები ბავშვებზე (მცირეწლოვან). ან საერთოდ არ უნდა ფრჩხილები.

    "რამდენად დადებითია სხვადასხვა ზღაპრის შემთხვევაში" - სხვადასახვას მაგიერ ზოგიერთი რომ ეწეროს, უფრო მართებული იქნებოდა.

    ბოროტება რამდენად შეიძლება იყოს ჩლუნგი და უიღბლო, სადავო კიარადა "საინტერესო" აზრია.