რაჭველები აგვისტოს ომში თენგიზ სხირტლაძე
იუმორისტული
29,05,2013
1050/9

აგვისტოში ქე რო ატყდა ომი ქართულ რუსული,
და ცხინვალი ცეცხლის ენით იქნა გადატრუსული,
ისე, როგორც საქართველოს ნებისმიერ მხარეში
რაჭაშიც, რომ არ დაგვეშვა ოკუპანტის თარეში,
ქუდზე კაცით დაკომპლექტდა ჩვენი ბატალიონი,
გავიარეთ ხიდიკარი, გადავლახეთ რიონი,
დავბანაკდით შოვში, ველით სარდლის განკარგულებას,
ჩრდილოელი ურდოს მარცხი დაგვიამებს გუნებას.
გვიყენია პერიმეტრზე რამდენიმე გუშაგი,
ცენტრთან კავშირს უზრუნველყოფს მაგთიკომის მუშაკი.
საღამოხანს შიმშილმა, რომ თავი მძლავრად იჩინა,
გეახელით ლობიანებს, მივაყოლეთ მიჩინა,
განვიხილეთ სახვალიო სტრატეგიის გეგმები,
მერე ცოტა წაუძინეთ დავიმშვიდეთ ნერვები.
სისხამ, როცა აღდგა ჩვენში საომარი გუნება,
ესემესით გადმოიცა სარდლის განკარგულება.
მორჩა ომი, დაახვიეთ რაჭველებმა სახლშიო,
არ გვჭირდება თქვენი გარჯა არც მთაში არც ბარშიო.
რაღა გვექნა, შემოვბრუნდით და დავჭექეთ რაშოვდა.
ერთ საათში ჩვენი რაზმი ფრონტს საკმაოდ დაშორდა.
დავივიწყეთ კონონადა, დავივიწყეთ ჭურვები,
ბუხარს ცეცხლი შეუკეთეთ, გადავხადეთ ჭურები.
გვეგონა, რომ ქვეყნის ვალი მოვიხადეთ პირნათლად,
მაგრამ დილით ნაქერალას წვერზე ცამ, რომ ინათა,
თავს დაგვადგენ ნიღბიანი სამართალდამცველები,
სულ კინწისკვრით წამოგვყარეს, გაგვიბაწრეს ხელები.
გვითხრეს ბრალი მიგიძღვითო სავალალო შედეგში,
რომლის არსიც პროტოკოლით მდგომარეობს შემდეგში:
ლობიანის ჭამას რომ სდევს ტოკსიკური პრუწუნი,
რაო, ეს თქვენ არ იცოდით? არ დაიწყოთ წუწუნი.
იმის გამო, რომ იმ სუნით მოიწამლა მიდამო.
ღამით ჩვენი სნაიპერი ჩამოვარდა ხიდანო.
ამისათვის წესით უნდა დაისაჯოთ მკაცრადო,
რომ შემოგრჩეთ ეს შემდგომში დაღადა და განცდადო,
მაგრამ რადგან პრეზიდენტი ტოლერანტი არისო,
გეპატიათ გამოვლენა ამ უმგვანო აქტისო.
ეს გვითხრეს და დააყოლეს, თუ სიმართლეს ვიტყვითო,
რაღა დროს ლობიანია, ევროპისკენ ვილტვითო.
ეს კი მეტისმეტი იყო, ხომ აქვს ზღვარი ყველაფერს
ვერ მივიღებთ ჩვენ ამ რჩევას ირონიით შენაფერს.
მთელი რაჭა, რომ გაგვაკრათ სამარცხვინო ფიცარზე,
ლობიანს არ შევეშვებით! არ გადავალთ პიცაზე!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    კაი იყო ;)
  • 7
  • არამითი777
  • 03,07,2013 12:18
  • გამეცინა:)))) +
    კარგი სატირაა!
    სად ეს თემა და სად იუმორისტული ნაწერი და სად თავფურცელი, კაით რა ადმინისტრატორნო ამა ქვეყნისა, მე მრცხვენია და ვისაც როგორც უნდა ისე გაიგოს, ავტორსაც ნუ ეწყინება ნურაფერის, არააა ეს იუმორისტული ნაწერი...
    მთელი რაჭა, რომ გაგვაკრათ სამარცხვინო ფიცარზე,
    ლობიანს არ შევეშვებით! არ გადავალთ პიცაზე!
    :დ:დ:დ
    კორექტურებს და სასვენ ნიშნებს რომ თავი დავანებოთ, მაინც მაცინა ამ შეფარულმა ირონიამ და სათქმელმა და აზრმა.

    ისე, ქე-ს მაგივრად -ქვეს დავწერდი და წოუძინეთ და...მოკლედ, რაჭულად.
    კორექტურებია ტექსტში და სასვენ ნიშნებს გადახედეთ... თავისებური სიხალისე ახლავს ტექსტს, რაღაც მომენტებში განსაკუთრებით. ჩემი პატივისცემა რაჭველებს და წარმატებები თქვენ...