ფიქრი =თავისუფლება ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
13,08,2013
625/1

-ნეტავ, ვიცოდე სად მიდიან ღრუბლის ჯარები,
უხედნავ ქარებს,ასე საით მიაჭენებენ...
იჯდა და შეშლილ ცას უცქერდა ცისფერთვალება
პატარა გოგო,ციცქნა სოფლის-ციცქნა მშვენება,

ფიქრობდა ქარზე,თეთრ ღრუბლებზე,გალაქტიკაზე,
ფიქრობდა ღმერთზე,ანუ ღმერთიც ფიქრობდა მასში,
გადამხმარ კალთებს იკეცავდა ცხელი თიბათვე,
მაყვლის ბუჩქებში თავის სევდას გალობდა შაშვი...
ფიქრობდა ღმერთი იმ გოგოში-რატომ წუხდება
უფალი ჩვენთვის,თან საკუთარ თავს დასცინოდა,
გოგონა გრძნობდა,რომ ფიქრშია თავისუფლება,
რომ მხოლოდ ფიქრით,მხოლოდ ფიქრით,იგრძნობა გრძნობა.

ღრუბლის ჯარები იმის მერეც მიდი-მოდიან,
მაყვლის ბუჩქნარმაც,უამრავ შაშვს მოუღო ბოლო...
ლამაზი გოგოც ისეთივე ციცქნა როდია,
უკვე ღრუბლებად ეჩვენება თამბაქოს ბოლი
და ახლა,ღმერთსაც ვეღარ იტევს დიდი სხეული,
ყოველ დღე უფრო ნაკლებს ფიქრობს,(თან სულ არ დარდობს)
როცა ვიზრდებით ,ჩვენი ლოცვაც თითქმის წყევლაა.
კოკრობაში ხომ ღრუბლებს ითვლის უეკლო ვარდიც.

ნეტავ ვიცოდე,სად მიდიან ღრუბლის ჯარები,
უხედნავ ქარებს, ნეტავ საით მიაჭენებენ...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ნეტავ ვიცოდე,სად მიდიან ღრუბლის ჯარები,
    უხედნავ ქარებს, ნეტავ საით მიაჭენებენ...მერე რატომ გიყვარსოოოო?ასე რომ წერს იმიტოოოომ))))++++++