ალიონია ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
26,09,2013
620/1

ცა იცვლის ფერებს,გაბზარა სარკე,
ცის შავი სარკე გაბზარა სხივმა,
ჰაერში უცხო საკმეველს აკმევს,
სანამ მიწამდე მოაღწევს წვიმა,

დამტვერილ ქუჩებს,უხალხო ქუჩებს,
ღამენათევი ლოთივით სერავს,
(ამ პლანეტაზე სუყველას უჭირს,
მოკვდა ფორტუნაც და ბედისწერაც...)

უბრალოდ დილა ირეცხავს წვიმით,
ღამის სიგიჟით შელახულ სახეს,
მყრალ მდინარეზე ირწევა ტივი
და თითქოს ღმერთიც ახლაღა ახელს

თვალებს,რომელიც დახუჭა გუშინ,
რომელსაც ხუჭავს ყოველ საღამოს.
რადგან ლოცვებთ,ყალბით და ფუჭით,
თვით ყოვლისშემძლე ღმერთიც დავღალეთ...

ვადამიანობთ,ჩვენი რა მიდის?!
ნიღბების მწკრივი ამძიმებს თაროს.
ვაშენებთ ახალ სემირამიდებს...
და ერთმანეთის დაცინვით ვხარობთ.

ცა იცვლის ფერებს,გაბზარა სარკე,
ცის შავი სარკე გაბზარა სხივმა,
ჰაერში უცხო საკმეველს აკმევს,
სანამ მიწამდე მოაღწევს წვიმა...

ღმერთი ლოცულობს...
ალიონია...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    რაღაც დეტალები მომეწონა.
    ადრეც მომწონდა ბევრი რამ შენს შემოქმედებაში.
    ამიტომ გაცილებით მეტს ველოდები.
    ეს არ არის შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი.

    იდეას დადებითად ვაფასებ.