წინწკალას სახლი ნუნუ ქადაგიძე
საბავშვო
10,10,2013
3832/2

სხივის მოტაცება


სახლს თუ ააშენებ, საოჯახო ნივთებზეც უნდა იზრუნო. ამას ვერავინ გაექცევა. ვერც წინწკალამ აუარა გვერდი ამ საზრუნავს. ათასი რამ იყო საჭირო: მაგიდა, სკამი, ჯამ-ჭურჭელი. ჰოდა, წინწკალას ხელი არ გაჩერებულა, რაც სახლი წამოასკუპა მარწყვის ხის ტოტზე. მთელი დღეები ჩხირკედელაობდა, ხან რას გამოთლიდა ხისგან, ხან რას... მასალა სამუშაოდ, იცოცხლე, ბევრი ჰქონდა.
ასე ჩხირკედელაობით თანდათან გამოავსო თავისი სახლი ნაირ-ნაირი ნივთებით. შეეძლო უკვე დაეტრაბახა: რაც კოხტად გამართულ სახლს სჭირდება, ყველაფერი მაქვს, აღარაფერი მაკლიაო.
მაგრამ წინწკალა ჯერჯერობით თავს იკავებდა ამისი თქმისაგან. არც თავისი უახლოესი მეგობრისთვის - კაჭკაჭისთვის უჩვენებია თავისი ნამოღვაწარი; გაგონილი ჰქონდა, რომ ადამიანები საოჯახო ნივთებს ოქრო-ვერცხლით ავარაყებენ, რათა ლამაზად გამოიყურებოდნენ. არც წინწკალა იტყოდა უარს ამაზე, მაგრამ აბა, სად უნდა ეშოვნა ოქრო-ვერცხლი?! ჭრელკუდას უკვე ვეღარ ესტუმრებოდა მღვიმეში - ცოცხალი თავით ვეღარ გამოასწრებდა იქედან.
იფიქრა, იფიქრა წინწკალამ და ბოლოს გამოსავალს მიაგნო: დილაადრიან, როცა ამომავალი მზის სხივები მისი სახლის ფანჯრებში შეიჭრა, ერთ-ერთ მათგანს სტაცა ხელი, ოქრომკედივით გამოსკვნა და ჩუმად დამალა.
მერე კი დაღამებას დაელოდა. როცა მზე ჩავიდოდა, მისგან თვალმოფარებულად არხეინად მოავარაყებდა თავის ჯამ-ჭურჭელს მოპარული სხივით.
არასოდეს მოსჩვენებია დღე ასე ხანგრძლივი წინწკალას. როგორ ეჩქარებოდა, მალე მოევარაყებინა თავისი ნივთები ოქროსფრად მოციმციმე სხივით. ო, როგორ გალამაზდებოდა ყველაფერი!
აი, როგორც იქნა, მზე ცისკიდურს მიუახლოვდა. უკანასკნელ სხივებს ჰკრეფს, საცაა მიეფარება ჰორიზონტს.
უცბად მზე შედგა, თითქოს ჩასვლა გადაიფიქრაო. წინწკალა გაფაციცდა. მიხვდა, ტყუილუბრალოდ არ შეაყოვნებდა მზე თავის ბრწყინვალე სრბოლას. მართლაც, სულ მალე მოესმა მზის ხმა:
- ჰეი, წინწკალავ, დამიბრუნე ჩემი სხივი!
ამას რომ ამბობდა, ერთიანად ალისფერმა გადაუარა მზეს სიბრაზისაგან.
- ჰო, კარგი... დაგიბრუნებ, ნუ ბრაზობ, - წაიბურტყუნა წინწკალამ და სასწრაფოდ გამოხსნა ოქრომკედივით გამოსკვნილი სხივი. თან ჰკვირობდა, რანაირად შეამჩნია მზემ ერთი სხივის დაკარგვა. უამრავი სხივი აქვს და მათი სათვალავი მაინც როგორ არ ეშლებაო...
სხივი მაშინვე გასხლტა წინწკალას ბინის ფანჯრიდან, თავზე გადაუფრინა უკვე მიმყუდროვებულ ტყეს და მზის ალისფერ ბადროს შეუერთდა. მზე მაშინვე მიიმალა ჰორიზონტს მიღმა.
- მზეს არაფერი დაემალება, ისევ მთვარის სხივი უნდა მოვიპარო, - გადაწყვიტა წინწკალამ. - მთვარე ძალიან დაბნეული ვინმეა, სულ უთავბოლოდ დაეხეტება. ალბათ იმას არ ეცოდინება ამდენი ანგარიში.
დაჯდა ფანჯრის წინ და მოთმინებით დაელოდა მთვარის ამოსვლას. როგორც კი მთვარის ვერცხლისფერი სხივი მის ფანჯარაში შესრიალდა, ხელი დაავლო, ვერცხლისმკედივით გამოსკვნა და ჩუმად დამალა.
მთვარეს თითქოს არაფერი გაუგია, გაბადრული სახით ქათქათებდა მთელი ღამე. წინწკალა მაინც შიშობდა, მთელი ღამე ფხიზლად იყო, გულისფანცქალით ელოდა მთვარის ჩასვლას.
აი, უკვე ჩასვლას აპირებს მთვარე, საცაა თვალს მიეფარება. აჰა, თითქოს მიიმალა კიდეც...
შვებით ამოისუნთქა წინწკალამ: არ შევმცდარვარ, მთვარე მართლაც დიდი დაბნეული ვინმეაო.
ეს გაიფიქრა და მოესმა კიდეც მთვარის ხმა:
- ქურდობა კაჭკაჭისაგან ისწავლე, წინწკალავ?! - დაუყვირა სიბრაზისგან ერთიანად გაფითრებულმა მთვარემ. - ახლავე დამიბრუნე ჩემი სხივი!
მისი ფერით შეშინებულმა წინწკალამ სასწრაფოდ გამოხსნა მთვარის ვერცხლისფერი სხივი. ისე ჩქარობდა, კინაღამ უარესად დაებურდა. სხივმა თავზე გადაუფრინა ჩაბნელებულ ხეებს და მთვარესთან ერთად მიიმალა.
- ეჰ, რა ტყუილად მქონდა მთვარის დაბნეულობის იმედი, - ამოიოხრა წინწკალამ, ცოტა ხანს იფიქრა და ახლა ვარსკვლავებს დაუწყო თვალთვალი. იქნებ რომელიმე მათგანის სხივი მოეტაცნა როგორმე. ვარსკვლავები ხომ გუნდ-გუნდად ანათებენ, სხივები ერთმანეთში ირევა და მათი დათვლა ალბათ ძალზე ძნელი იქნებაო, ვარაუდობდა იგი.
დაუდარაჯდა წინწკალა და როცა ერთ-ერთი ყველაზე ბრდღვიალა ვარსკვლავის სხივი შეიჭრა მისი სახლის ფანჯარაში, სასწრაფოდ გამოსკვნა და გულმოდგინედ დამალა.
ახლა შედარებით არხეინად იყო, მშვიდად ელოდა გათენებას. რაც მეტს ფიქრობდა, მით უფრო შეუძლებლად ეჩვენებოდა იმ ვარსკვლავების ზღვაში ერთი სხივის დაკარგვის შემჩნევა. არა, ვეღარაფერს გაიგებს ის ბრდღვიალა ვარსკვლავი, წინწკალას შეუძლია თავისად ჩათვალოს მისი სხივი. თანაც რა ლამაზია! მზის და მთვარის სხივებს ოდნავადაც არ ჩამოუვარდება, სულერთიანად ცისფრად ციმციმებს. შეიძლება ახლავე მიჰყოს ხელი თავისი ჯამ-ჭურჭლის მოვარაყებას. მაგრამ, სჯობია, ცოტა კიდევ დაიცადოს... საცაა ჩავა ის ცისფერი ვარსკვლავი. აჰა, ჩავიდა კიდეც...
გახარებულმა წინწკალამ სამალავიდან გამოიღო ვარსკვლავის სხივი, ნასკვი გამოხსნა და აღტაცებით დააცქერდა. ო, როგორ გაალამაზებს ეს ცისფერი სხივი მის სახლ-კარს.
უცებ ბრაზისგან ათრთოლებული ხმა ჩამოესმა:
- ჰეი, წინწკალავ, ახლავე ხელი გაუშვი ჩემს სხივს!
აიხედა წინწკალამ და ის ცისფერი ვარსკვლავი დაინახა, საოცარი ძალით ანთებული. სულერთიანად ცახცახებდა ცაზე ბრაზისაგან. ხმაც არ გაუღია, ისე უშვა ხელი წინწკალამ ცისფერ სხივს. სხივმა ერთი გაიელვა და უკვალოდ გაქრა. ვარსკვლავიც მიიმალა.
- როგორც ჩანს, ვერც ვარსკვლავებს გამოვრჩები რამეს, - თქვა გაოცებულმა წინწკალამ. - რას ვიფიქრებდი, ასე კარგად თუ იცოდნენ თავიანთი სხივების სათვალავი. რაიმე სხვა საშუალებას უნდა მივმართო ჩემი სახლ-კარის გასალამაზებლად.
იფიქრა, იფიქრა და, მართლაც, იპოვა სხვა საშუალება: ეცადა ლამაზი ფორმა მიეცა თავისი ნივთებისათვის. აიღო და ხელახლა გამოკვეთა ხისგან ყოველი მათგანი. ეს კიდევ არაფერი... ნაირ-ნაირი ჩუქურთმით და ყვავილწნულით შეამკო, გულდაგულ გამოჰყავდა ყვავილების, ხეების და ტყის ბინადრების ფიგურები. ამნაირად ალამაზებდა თავის ჯამ-ჭურჭელს და ნივთებს. ცოტათი გულნაკლული კი იყო, ისევ სხივები ერჩივნა მათ მოსავარაყებლად, უფრო ადვილიც იქნებოდა ალბათ, მაგრამ რაკი სხვა გამოსავალი არ იყო, ბოლომდე მიჰყვა ამ საქმეს. რაც კი შეეძლო, ცდა არ დაუკლია.
და სრულიად მოულოდნელად, ამ დროს მიაგნო... მზის სხივს. თურმე ნუ იტყვით, თვით ხის მასალაში ყოფილიყო მზის სხივი ჩაქსოვილი. წინწკალამ მაშინ მიაღწია იმ სხივამდე, როცა ჩუქურთმები გამოჰყავდა დიდი მონდომებით. იმ სხივზე სულაც არ ფიქრობდა, ის თავისთავად აციმციმდა მის ხელებში.
ცხადია, ძალიან გაიხარა წინწკალამ. უფრო გულმოდგინედ განაგრძო თავისი საქმე... და ახლა მთვარის ვერცხლისფერი სხივი იპოვა.
ასევე მიაგნო ცისფერი ვარსკვლავის სხივსაც.
ო, როგორ გალამაზდა წინწკალას სახლ-კარი! რისთვის ცდილობდა ამ სხივების მოპარვას, თურმე ყველა ხეში მზის, მთვარისა და ვარსკვლავების სხივები ჩასახლებულან, მხოლოდ მათი მიგნებაა საჭირო. წინწკალასაც დაუზარლად გამოჰყავდა ჩუქურთმები და გზას იკვლევდა მათკენ.
ოღონდ ერთი რამ არ ასვენებდა: უკვირდა, ნეტავი ხეებმა როგორ მოახერხეს სხივების მოპარვაო. და ერთ მშვენიერ, წყნარ დღეს, როცა ქარი აღარ ახშობდა ხეების ხმას, მათ ასეთი რამ ჰკითხა:
- ხეებო, ხეებო! მითხარით, როგორ მოპარეთ სხივები მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს?
ამის გაგონებაზე ხეები ისე შეირხნენ, ისე აშრიალდნენ, თითქოს ძლიერი ქარი ამოვარდაო.
- რას ამბობ, წინწკალა, ჩვენ სხივებს როდი ვიპარავთ. ყვავილები და ფოთლები რიღასთვის გვაქვს?.. მათი საშუალებით სხივები თვითონ შემოდიან ჩვენში...
- არ ენანებათ თქვენთვის სხივები? - იკითხა წინწკალამ. გაახსენდა, როგორ ბრაზობდნენ ცის მნათობნი თუნდაც ერთი სხივის დაკარგვისას.
- არ ენანებათ, არ ენანებათ, არ ენანებათ!.. - კიდევ უფრო ხმამაღლა აშრიალდნენ ხეები. - სრულებითაც არ ენანებათ.
- აბა, რა ვიცოდი, თუ ასეთი გულუხვნი იყვნენ ცის მნათობნი, - დანანებით თქვა წინწკალამ. - რა ამაოდ გავაბრაზე ისინი.
მერე ისევ საქმეს მიჰყო ხელი. ბევრი მშვენიერი ნივთი გამოკვეთა ხის მერქნისგან. დიდი გულისყურით რთავდა და ალამაზებდა სხვადასხვა სახეებით, ფიგურებით. მანამდე არ ეშვებოდა, სანამ არ მიაგნებდა მასში ჩაქსოვილ მზის, მთვარის ან ვარსკვლავის სხივს. და როცა ამ სხივს იპოვიდა, ყველაფერი რიგზე იყო: უბრალო ხის ნივთი უძირფასეს სამკაულად იქცეოდა ხოლმე.

























როგორ გადაცვალა სახლი წინკალამ


- ახლა ბინის გადაცვლაც შეგიძლია, თუ მოისურვებ, - უთხრა ერთ დღეს კაჭკაჭმა წინწკალას. საერთოდ, ყოველთვის დიდი მეგობრობა ჰქონდათ კაჭკაჭს და წინწკალას. ეს მეგობრობა განსაკუთრებით მას შემდეგ განმტკიცდა, რაც წინწკალა მარწყვის ხეზე დასახლდა. დღეს არ გააცდენდა კაჭკაჭი, თავისი მეგობარი არ მოენახულებინა და ქვეყნის ახალი ამბები არ ჩაეკენჭა მისთვის. თანაც გოგრისხელა მარწყვს ხშირ-ხშირად კენკავდა ხოლმე, ყელი რომ არ გაშრობოდა ლაპარაკისაგან.
- ადამიანებიც ცვლიან ბინებს? - მაშინვე ეს იკითხა წინწკალამ.
- ცვლიან რომელია! - დაიქოქა კაჭკაჭი. - ისეთს ვერავის ნახავ, ბინა ათჯერ მაინც არ გადაეცვალოს... სულ ბინების გაცვლა-გამოცვლაში არიან. ესაა მათი ძირითადი საზრუნავი. ბინებს რომ არ ცვლიდნენ, საქმეც აღარაფერი ექნებოდათ... უსაქმურობა კი, ხომ იცი, რა მომქანცველია...
წინწკალაც მაშინვე ტყისკენ გაეშურა, რათა რომელიმე შესაფერისი ბინა შეეთვალიერებინა. ბევრ ქონდრისკაცს ჰქონდა ბინა ტყეში... ზოგი ბუჩქებში ცხოვრობდა, ზოგი სოკოების მეზობლად, ზოგიც მარადმწვანე ხეზე მოკალათებულიყო გირჩებისგან აგებულ კოხტა სახლში. ყველა სახლი დაათვალიერა წინწკალამ. კაჭკაჭმა საგანგებოდ აღნიშნა, სანამ ბინას გადაცვლიდნენ, ადამიანები მთელ ქალაქს მოივლიანო... ყველაზე მეტად რკოს კაცუნას სახლი მოეწონა, მუხის ფართო ტოტზე კოხტად წამოსკუპებული.
- მოდი სახლი გავცვალოთ, - მაშინვე საქმეზე გადავიდა წინწკალა.
- გავცვალოთ, - სიხარულით დაეთანხმა რკოს კაცუნა. - მართლაც მშვენიერი აზრია. მოსაწყენია სულ ერთსა და იმავე სახლში ცხოვრება, რაც არ უნდა კეთილმოწყობილი იყოს. სულ ერთი და იმავე ხედის ყურებაც მოსაბეზრებელია, თუნდაც ეს ხედი ულამაზესი იყოს.
გადაწყვიტეს და ორივე დიდი მონდომებით შეუდგა საქმეს... დიდი ყურადღებით დაათვალიერეს ერთმანეთის სახლები, გაზომეს ფართობი. იღბლად ორივე სახლის ფართობი ზუსტად დაემთხვა ერთმანეთს. განსაზღვრეს კარ-ფანჯრების მდებარეობა, რაც ორივე შემთხვევაში საუკეთესო აღმოჩნდა; ამომავალი მზის სხივები მათი სახლების კარ-ფანჯრებს ხვდებოდა პირველად. ერთი სიტყვით, სულ ადვილად დაადგინეს წინწკალამ და რკოს კაცუნამ, რომ მათი სახლების გადაცვლას არაფერი დაუდგებოდა წინ.
მიიღეს რა ეს გადაწყვეტილება, დაიკაპიწეს მკლავები და თავ-თავიანთ სახლებს დაეჯაჯგურნენ. წინწკალას თავისი სახლი ციმციმ უნდა წაეღო რკოს კაცუნასთვის და მუხის ფართო ტოტზე დაესკუპებინა. რკოს კაცუნა კი თავის სახლს აიტანდა მარწყვის ხის ტოტზე... აბა, გაცვლა სხვანაირად როგორ შეიძლებოდა...
აქ უნდა ითქვას, რომ ქონდრისკაცები, თავიანთი სიპატარავის მიუხედავად, ძალზე ღონივრები არიან. სახლის აწევა მათთვის არაფერია. ადამიანსაც რომ შეეძლოს თავისი სახლის ზიდვა, მაშინ ისიც ქონდრისკაცივით ღონიერი იქნებოდა.
მაგრამ ამ შესაშური ღონის მიუხედავად, ვერც ერთმა მათგანმა ვერ ასწია სახლი, თუმცა ბევრს ეჯაჯგურნენ. თურმე ხეზე დასკუპებული სახლები ისე მჭიდროდ ჩაზრდილიყვნენ ტოტებში, ლამის ხის შემადგენელ ნაწილად ქცეულიყვნენ. მცენარის მკვრივი, წვენით სავსე მერქანი ირგვლივ საძირკველივით შემოკვროდათ.
ორივემ ხვნეშით გაუზიარა ერთმანეთს ეს აღმოჩენა: ოჰ, რა საწყენია, ეს სახლი ჩემი აღარც კი ყოფილა, ხის შემადგენელი ნაწილი გამხდარაო.
მერე გაერთიანებული ძალით სცადეს ტოტიდან სახლის მოგლეჯა, მაგრამ ესეც შეუძლებელი აღმოჩნდა. ამდენ ჯაჯგურში კინაღამ მთლად გააფუჭეს საქმე: რკოს კაცუნას სახლის კედელი გაიბზარა, ხოლო წინწკალას სახლს სახურავი გადასძვრა.
ორივემ მაშინვე ანება თავი ჯაჯგურს. წინწკალამ სასწრაფოდ მოძებნა ახალი სუროს ფოთოლი, რკოს კაცუნამ ფიჭით შელესა გაბზარული კედელი. არა, ასე საქმე არ გამოვიდოდა, რაღაც სხვა საშუალებისთვის უნდა მიემართათ.
- ტოტი ხომ არ მოვტეხოთ? - იკითხა რკოს კაცუნამ.
წინწკალა არ დაეთანხმა.
- შენი არ ვიცი და მე ჯერ ბალახის ღეროც არ მომიტეხია ამ ტყეში, თუ წვენი ისევ აქვს. თანაც ხე ერთიანად დამახინჯდება...
- მართალი ხარ, არ ივარგებს ტოტის მოტეხვა, - დაეთანხმა რკოს კაცუნა.
ცოტა ხანს იფიქრეს და მერე წინწკალამ გამოთქვა აზრი:
- მე მგონი, აჯობებს მთლიანად ამოვთხაროთ ხეები. მე მარწყვის ხეს გადავიტან შენი მუხის ხის ადგილას, შენ კი მუხის ხეს დარგავ მის სანაცვლოდ.
- ეს კიდევ უფრო მძიმე საქმეა, თან ძალიან სახიფათოც არის. - არ დაეთანხმა რკოს კაცუნა. - ჩემი მუხის ხე აუცილებლად გახმება, მიწისქვეშა წყაროს წყალიც ვერ უშველის.
- აბა, როგორ მოვიქცეთ? - იკითხა წინწკალამ.
რკოს კაცუნამ მხრები აიჩეჩა.
ისევ ჩაფიქრდა ორივე. იფიქრეს, იფიქრეს, მაგრამ ვერაფერიც ვერ მოიფიქრეს. ის ენაჭარტალა კაჭკაჭიც სადღაც გადაკარგულიყო, იქნებ იმას მაინც ეშველა რაიმე.
უეცრად წინწკალამ შუბლში იტაცა ხელი:
- მოდი ერთმანეთი გავცვალოთ.
- ეს რანაირად,? - გაიკვირვა რკოს კაცუნამ.
- რანაირად და... მე ვიცხოვრებ შენს სახლში, შენ კი ჩემს სახლში იცხოვრე, მარწყვის ხეზე. მარწყვი ხომ გიყვარს?
- მარწყვი როგორ არ მიყვარს, - თქვა რკოს კაცუნამ. - მაგრამ ეს სულ სხვა რამეა... გამოდის, თითქოს ჩვენ კი არ გავცვალეთ სახლები, არამედ თვითონ სახლებმა გადაგვცვალეს.
- მართლაც, ასე გამოდის, - კეფა ჩაფიქრებით მოიქექა წინწკალამ.
ორივე ისევ დაფიქრდა ამ ახალ თავსატეხზე და ახლა რკოს კაცუნას მოუვიდა თავში ბრწყინვალე აზრი:
- ყველაფერს აჯობებს, ორივემ ერთად გადავცვალოთ სახლები. ჯერ ორივემ ერთად ვიცხოვროთ მუხის ტოტზე, ჩემს სახლში. მერე კი შენთან, მარწყვის ხეზე.
- ნამდვილი ჭკუის კოლოფი ხარ, - შვებით ამოისუნთქა წინწკალამ - ეს მართლაც ყველაფერს აჯობებს.
ასედაც მოიქცნენ. ერთხანს ორივე ერთად ცხოვრობდა მუხის ხეზე დასკუპებულ რკოს კაცუნას სახლში, მერე მარწყვის ხეზე გადავიდნენ. ასე მიდი-მოდიოდნენ ერთმანეთთან. კაჭკაჭმა თქვა, ამას ბინის გაცვლა კი არა, სტუმრობა ჰქვია, ადამიანები ასე ეძახიანო. წინწკალას სულაც არა სწყენია. პირიქით, უფრო გაიხარა, როგორც არ უნდა მოვიქცე, ყველაფერი ნამდვილი ადამიანივით გამომდისო.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მიხარია თქვენი ყოფნა აქ.
    ზოგადად მიხარია, ასე რომ წერთ.
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 07,10,2013 10:06
  • ავტორმა შემაყვარა ეს ჟანრი. სულმოუთქმელად ვკითხულობ–ხოლმე ნაწერებს აქ.