მე და სიმარტოვე ლუ-ნე
პოეზია
11,11,2013
476/0

ვართ მარტო მე და სიმარტოვე,
გარეთ სიცილი ნიანგებს მწყემსავს,
წადი, სიმარტოვე მე დამტოვე!
სათქმელი შენთან მე მხოლოდ ეს მაქვს.
ირგვლივ მახვევიან უცხოები.
მათაც ვუზიარებ ჩემ წილ სითბოს,
მაგრამ რაღაც მინდა უფრო მეტი
გული სიგიჟეს და ფეთქას ითხოვს.
ერთი... ორი... სამი... გაიარა.
დრომ შუკაში შეუხვია სადღაც.
უცებ სიბერემაც გამიარა
და ჭაღარა ნისლისავით გაქრა.
ჩამოიარა. ერთი... ორი... სამი...
დარჩება ახლა და არ წავა!
საუკუნედ იქცა ერთი წამი...
საუკუნეც უფრო მალე გავა.
მომდგა ცარიელი სიმარტოვე.
ოთახში ქარი ფერიებს აშრობს...
სევდამ მომინდომა სიახლოვე
გონებას ჩვილი ბავშვივით ართობს.
წადი გაეკიდე გადასაყარ
ფიქრებს, ოცნებებს და იმედებს.
დრო წარსულს აწმყოდ გარდასახავს
ჩემთანაც სიხარული იმეფებს!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •