სამკუთხედი ნინო ქოქოსაძე
პოეზია
2011-09-05 17:19:09
226/11

ნ–ს



ჩვენ სამში
პირველი აუცილებლად მე მოვკვდები,
იცი შენ მერე რაც უნდა ქნა,
მაგრამ ეგ მერე, ჯერ მე მომხედე!
ის კაბა ჩამაცვი,
რომელშიც პირველად მნახე და გაიფიქრე:
რა ლამაზი ცოლი ჰყოლია, ჩემთან რაღა უნდოდა?
და სარკისკენ გაგექცა მზერა.
სარკეში ვჩანდით: შენ, ეჭვიანი საყვარელი –
მახვილი კუთხე,
მე ლაღი და გაშლილი – ცოლი.
ეს შენ ცდებოდი
ცრემლებად რომ იღვრებოდა –
გიჟიაო...არ მიკარებსო...
ძალიანაც ვნებიანი გვქონდა საწოლი!
მაგრამ რა დროს ეგაა,
როცა მოვკვდი!
როცა უნდა დამმარხო!
ხომ მართლა მოხვალ?
უნდა განახო,
როგორ მიგლოვებს,
ან როგორი ექნება მზერა.
გინდა? ორმოც დღეს ნუ დამაცდი,
ქვეშაგები ამილაგე,
გაფინე შენი
და ყოველღამე გაიგონებ როგორ მტირის,
ძილბურანში როგორ მეძახის...
ჩვენ სამში
მეორე ეგ მოკვდება.
კუბოში ჩემი ნაჩუქარი პერანგი ეცვას,
შენი – მხრებში მოუჭერს.
პანაშვიდზე,
სკამი გამოსწიე, თავთან მიუდგი
და მომსვლელს არა,
(მათ მერეც ნახავ)
ამას უყურე!
(კიდევ კარგი უკვე მკვდარი ვარ)
მერე მოდი,
გვერდით მომიმარხე.
შებრუნდი!
წადი!
ჩემმა თვალებმა
აქ მესამედ არ დაგინახოს!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 11
  • გიორგი ლელაძე
  • 2011-12-28 14:11:29
  • ძალიან ლამაზ და გრძნობით სავსე ლექსებს წერთ smile +++
  • 10
  • ნათია პაპიძე
  • 2011-09-13 13:08:05
  • ძალიან...ძალიან...ძალიან........ ამ სი-ძალიან-ეს შევეჩვიე ამ გვერდზე.
  • 9
  • ლილია
  • 2011-09-12 13:47:13
  • შესანიშნავია! :) ძალიან მომწონს თქვენი სტილი.

    კარგია, მომეწონა :) +
  • 7
  • მაკა კოლხი
  • 2011-09-11 07:51:55
  • ქალის(ცოლის) (ქართული გაგებით) მტკიცე ხასიათი ჩანს, თუმცა არა თავმოყვარე ქალის, (თუ ცოლის)... მე ასე მგონია. smile თუმცა სიყვარულმა თავმოყვარეობა არ იცისო (დაგავიწყებსო)გამიგია და რა ვიცი აბა. smile

    მოკლედ, საინტერესოზე ბევრად უკეთესია ეს ლექსი. (აქამდე ჯერარნაფიქრ თემაზე) საკუთარ შეხედულებას რომ ჩამოგიყალიბებს ისეთი! smile

    ვიცი, მახსოვს... მძაფრი, ძალიან მძაფრი შეგრძნებები... მომწონს
    მადლობა.

    რელექსი არანაირად არ არის, ასე რომ იყოს არ გამომრჩებოდა მითითება.

    მე შევეცადე დამეხატა ფსიქოლოგიური პორტრეტი საკუთარი ღირსების გრძნობით განმსჭვალული ქალისა, რომლისთვისაც ღალატი ანუ სამკუთხედის არსებობა უკვე ნიშნავს სიკვდილს. "ჩვენ სამში პირველი მე მოვკვდებიო" ! აქ – სიკვდილზე პირდაპირი გაგებით არაა საუბარი. იმდენად ამაყია, ქმრის საყვარელს ეუბნება:ეს შენ გატყუებდა და არა მე – რადგან მე ვიცოდი შენი არსებობა მის საწოლში, შენ კი ის ცარიელი გეგონაო.
    ეს ქალი არის მაქსიმალისტი და საკუთარ თავში დარწმუნებული "მეორე ეგ მოკვდება"...უჩემობა მოკლავსო! და აქვე დასძენს, კიდევ კარგი მკვდარი ვარ და მაგის კუბოს არ ვხედავო (აქ გამოტყდა სიყვარულში) და კიდევ ფინალში, როცა გვერდით მიიმარხა ქმარი და საყვარელს სამკუთხედიდან ფეხი ამოაკვეთინა. მარადიულ ცხოვრებაში ჩემიაო!
    თქვენი არ ვიცი და , მე მომწონს ასეთი ხასიათი.
    ვახ... კარგია ძალიან :)
    ნეტავ რელექსი თუა რამის? ყოჩაღ ნინო, კარგია, ისე ნათლსადაა ყველაფერი შეგიძლია აღარ მოკვდე smile
    +
  • 2
  • მაია მიქაია
  • 2011-09-05 17:42:02
  • და ყოველღამე გაიგონებ როგორ მტირის,
    ძილბურანში როგორ მეძახის...
    ჩვენ სამში
    მეორე ეგ მოკვდება.
    კუბოში ჩემი ნაჩუქარი პერანგი ეცვას,
    შენი – მხრებში მოუჭერს. + ძალიან მომეწონა
  • 1
  • ფლე-ში
  • 2011-09-02 16:37:12
  • მინდა რაღაც დავწერო, შეგნებულად არ ვწერ იმიტომ, რომ მეშინია, ვაი, თუ ის ვერ დავწერო, რაც მე ამ ლექსმა განმაცდევინა.

    დავბრუნდები.