მატარებელში. მ-ე-რ-ცი
იუმორისტული
30,01,2014
761/2

წესიერად სახლშიც არ ვიყავი შესული,კარებშივე შემომევედრა დედაჩემი:
-უნდა წახვიდე შვილო...
-კი მაგრამ,სად მიშვებ,არც მეკითხები,მცალია თუ არა?-შევუტიე საფიცარს.
-ვერ გეკითხები,შვილო,ნუ გადამივარავ,თავი არ გამომეყოფა მერე სანათესაოში.-სასოჩამდგარი თვალებით ამომხედა დედამ-მახარაძიდან(ახლანდელი ოზურგეთია) დარეკეს,ჩემი უფროსი მაზლის ცოლის დას უფლისთვის მიუბარებია საცხონებელი სული,ჩემს ბარობაზე შენს მეტი არავინ დადის,ვერ გამოვრჩები ხალხს.შაბათსაა დაკრძალვა.პარასკევს წახვალ,კვირას წამოხვალ,ორშაბათს სამსახურშიც მოასწრებ მისვლას-მომიხაზა უცებ სამოძრაო მარშრუტი.
...ჩემდა გასაოცრად მატარებელი მხოლოდ თხუთმეტი წუთის დაგვიანებით დაიძრა.ბავშობიდანვე მიყვარდა მისი სუნი,მაგრამ კარგა ათი წელი იყო გასული,რაც არ მემგზავრა და ვაგონში შესვლისთანავე უსიამოდ მომეწურა გული.
მუქმა სპილოსძვლისფერმა ატლასის ფარდებმა,რომლებიც დერეფანში თოკებით და ლურსმნებით იყო დაკიდებული, რატომღაც მეორე დღის პროცესია გამახსენა!ძლივს განათებულ დერეფანში გადათვლით მივაგენი კუპეს,სადაც უნდა მოვთავსებულიყავი.მეზობელი მგზავრები ადგილზე დამხვდნენ.ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი.ეტყობოდათ ერთმანეთისთვის უცხონი არ იყვნენ,ერთად მიირთმევდნენ ვიწრო მაგიდაზე გაშლილ მწირ ვახშამს.კუპის კარი ნახევრად მივხურე.ცოტაოდენი სინათლე მაინც შემოდიოდა და სალმის მერე კუთხეშივე ჩამოვჯექი.
ხანმოკლე პატიჟის შემდეგ წავწვდი მათ მიერ მოწოდებულ მჭადს და ყველს, პოლიეთილენის ერთჯერადად წოდებული ჭიქით სამიოდე სადღეგრძელოც შემასვეს.ყოველ მოწოდებაზე ბატონი კალე(ასე გამომეცნაურა)აყოლებდა-"ჟვანთქი" არ გეგონოს,ჩემი დაწურულია"-ო.ბავშვობაში გურიაში გატარებული დღეებიდან ამოტივტივდა:"ჟვანთქს"წყალწყალა ღვინოს ეძახიან.ხალისიანი მოხუცები იყვნენ.ქალბატონმა მაგიდა შეძლებისდაგვარად მიალაგა და თეთრეულის მოსატანად გამცილებლის კაბინისკენ გასწია.უკვე ხაშურს ვუახლოვდებოდით.
ღია კარიდან დავლანდე-აჩქარებული ნაბიჯით ვაგონის ბოლოსკენ მიეშურებოდა.უკან დაბალი ხმით მოხვეწარი ქალბატონი ქსენია მიყვებოდა.სმენა დავძაბე და ვაი,დავიწვი საცოდაობით:
-"იქ მტერს არ ვუსურვებ შესვლას,მარა წნევიანი ვარ,აი მატარებელი ისე მიმაქნევს-მოძრაობისას მე ვერ ვიმაგრებ თავს,გაჩერებებზე დაკეტილია და მისაშველე დედაშვილობას,თლა ორი წუთი არ დაგაყოვნებ"-ო.
-5 წუთში სადგურში ვიქნებით,დიდი გაჩერებაა და ჩაბრძანდით,მშვიდად და გაუქანებლად მოიგვარებთ პრობლემას-უპასუხა გამცილებელმა.
-თქვენნაირი მე 36 მყავს და მე ერთი ვარ,ყველას ხომ არ დაგიდგებით ყარაულად-დაგვამადლა ისედაც უსარგებლო საპირფარეშო,გულმოდგინედ გადარაზა და ტამბურისკენ გაუტია-მატარებელი ჩერდებოდა.
უხერხულად რომ არ ეგრძნო თავი,მინერალური წყლისთვის ჩასვლა მოვიმიზეზე და ქსენიაც დავპატიჟე სუფთა ჰაერზე...
სახეზე აღბეჭდილი სიმწარე ოდნავ შვების ღიმილმა შეუცვალა და კიბეზე ჩასვლისას -"მიპოჭიკე"-ო შემომცინა.დიდსულოვნად მივაცილე და მერე მოვაბრუნე მატარებლისკენ ისევ "ვუპოჭიკე"-უკან მდგარმა ციმციმ ავსვი ვაგონის კიბეზე და სიგარეტის მოსაწევად შევყოვნდი.ბატონი კალეც შემომიერთდა.მგზავრობის მიზანი მკითხა,შეწუხებული სახით მხრებზე ხელის მძლავრი შემორტყმით მომისამძიმრა ბიცოლის უცნობი დის გარდაცვალება და სიმხნევე მისურვა.
ელმავალმა გასვლის სიგნალი მისცა და ჩვენც მივაშურეთ ჩვენს ადგილებს.ქალბატონ ქსენიას ქვედა საწოლებზე მოესწრო თეთრეულის გაშლა,ჩემი კუთვნილი"როგორ შეგაწუხებთ"-ს ძახილით ხელიდან გამოვსტაცე და თითქოს სახლში მატანდნენ,გულში ჩავიკარი.დერეფანში გამოვედი-ვიფიქრე თავისუფლად მოემზადება დასაძინებლად მეთქი.
სიფრიფანა ცელოფანს შიგნიდან წყლის წვეთები ეტყობოდა"."VH"-ს "ბელიო-ბაზა"რემონტშია და რომელიღაც კოოპერატივი დროებით ასე გვირეცხავს და გვიფასოებს"-ო,ამიხსნა მდგომარეობა გამცილებელმა.ღია ფანჯრიდან ზესტაფონამდე ვაშრობდი 2რუხ ზეწარს.ბატონმა კალემ-"სამტრედიაში ჩავდივარ,ღრმა ძილი ვიცი,არ გავცდეო"-და ტანთ არც გაუხდია,ფეხსაცმელები მაგიდის ქვეშ მოათავსა და ისე მილულა თვალი.
...ძილ-ბურანიდან ძლიერმა ჭანჭყარმა გამომიყვანა.ფანჯარაში გავიხედე,ენათა უკვე,სადგურის ბოლოსაც მოვკარი თვალი,ვიცანი-დედულეთში მიმავალი აქ ჩამოვხდებოდით ყოველთვის...გვერდით საწოლს გავხედე,კალე ჩასულიყო.
-მშვიდობა ხომაა,ნეტავი,რატომ ვიდექით ამდენხანს?მკითხა იმ წუთს გამოფხიზლებულმა ქსენიამ.
-საკვანძო სადგურია,ქალბატონო-მინდოდა ჩემი ცოდნით დამეწყნარებინა შეშფოთებული,მაგრამ ჩვენმა მეოთხე მგზავრმა სიტყვა მომიჭრა:
-"დედა ღორი იწვა ლიანდაგზე,გოჭებს აჭმევდა და ხომ უნდა გვეცლია"-ო-ისეთი სერიოზულობით იყო ნათქვამი,რომ არ მცოდნოდა საქართველოს რომელი კუთხის წარმომადგენელი იყო,ალბათ დავიჯერებდი.
ასადგომად წამოვიმართე და ისეთი ვრეხვე თავი მესამე თაროს-სადაც ლეიბები და დღესასწაულების დროს უბილეთო მგზავრები თავსდებოდნენ,იმ წამს დამავიწყდა საკუთარი გვარი,სახელი,მგზავრობის მიზეზი.შეშინებული,წელში მოხრილი ჩამოვხტი,მაგიდის მეშვეობით დავიცავი წონასწორობა,რომ ქსენიას არ ჩავხუტებოდი.ასკინკილად მდგომმა მარჯვენა ვტუცე ფეხსაცმელში და მეორეს მოსაძებნად დავიხარე...ფეხზე შავი მაცვია,მაგიდის ქვეშიდან კალეს ღია ყავისფერი პირღიად შემომცერის!!
ტირილი მომინდა.თანაკუპელები მიხვდნენ,კარგი არაფერი მჭირდა და ჩემს მზერას გააყოლეს თვალი.ახსნა არ დამჭირვებია.
ქსენიამ ისეთი იტკიცა ლოყაზე ხელი-"ნენა, ჩემი სიქვტილი"-ო, მე მეტკინა.არც წყევლა დაიშურა შორეული ნათესავისთვის-"მაგი ვნახე მოტაფული,ბაღნობიდან ამისთანა გოუნკლოველი იყო"-ო.ხსნად ისევ თვითონ მომევლინა:
-შვილო შენს პატივისცემას რა დამავიწყებს,იმისთანა სიკეთე მიყავი წუხელ-ალალად შემომხედა და ლოგინის ქვეშიდან მოზრდილი ჩანთა გამოათრია.კაპრონის ძაფით გაკერილი თავი ცალ მხარეს მოარღვია და გაზეთში შეხვეული შეკვრა ღიმილით მომაწოდა.დაბნეულმა მაშინალურად ჩამოვართვი,გაუაზრებლად შემოვაცალე "სოფლის ცხოვრების"ფურცლები და ხელში კედები შემრჩა:-ლურჯები,თეთრი ბურთებით გვერდებ დამშვენებული.
"ჩემი ყაძახიზა დამირჩა ნაყიდი,მარა რა უჭირს, იქნება ქე მეგეზმანოს"-ო.
უარის თქმას ჰქონდა აზრი?ალვის ტანით ვერ დავიკვეხნი,შესაბამისად კედებიც ორი ზომით დიდები აღმოჩნდა,მაგრამ,"მათხოვარი და წუნია" გაგიგიათ?
"ალალი იყოს შენზდა,მზით და გზით გაცვითე"-ო,გულით დამლოცა დედისტოლამ.
სიმწრის და სიხარულის(?) ცრემლი მომადგა თვალზე.დაძარღვული ხელები და თეთრი თმები დავუკოცნე,მისამართი ჩავიწერე მისი-სიკეთის დაკარგვას არ ვაპირებდი.
....თბილისში ბიძაშვილის შელახული"ინსპექტორებად"წოდებული ფეხსაცმლით დავბრუნდი,კედებში გავუცვალე ორიოდე დღით.
მას მერე ჩვევა,რომელიც მანამდე გაკვირვებას იწვევდა ჩემში-მგზავრი თავის ფეხსაცმელს ბალიშის ქვეშ რომ ინახავდა,მეც გავითავისე...რას იზამ,ეშმაკს არ ძინავს,კალესნაირი დაბნეული რამდენია,ვერც ბედით დავიკვეხნი!!


"მიპოჭიკე"-მომეხმარე
"გოუნკლოველი"-მიუხვედრელი



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 2
  • არამითი777
  • 22,02,2014 10:34
  • :))) კარგი იყო ადრინდელივით ;)
    დიდი ინტერესით ჩავიკითხე და დავტკბი გურული (ნაცნობი) კოლორიტით. გმადლობთ ++