შექსპირი უილიამ
გაზიარება

სონეტი 136 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი) 

ჩემს სიახლოვეს სული შენი თუკი გიკრძალავს,
უთხარ უგუნურს, რომ „სურვილად“ მიცნობს ქვეყანა,
ისიც უთხარი, რომ სურვილი ჰქვია იმ ძალას,
ეს ჩემი გული შენს სანატრელ გულს რომ შეჰყარა.
მეც „სურვილი“ ვარ, სხვა სურვილებს მინდა ვემგვანო, -
ერთი კუნჭული მევ დამითმე შენს სასახლეში,
გამიხსენ შენი სურვილეთი უკიდეგანო, -
რომ ვერც ძველებში გამარჩიონ და ვერც ახლებში.
სხვათა ფერხულში მეც უჩინრად მინდა ვიარო,
მსურს, შემივრდომო და დაღუპვას გადამარჩინო,
არარა მერქვას, ოღონდ შენად მეც მაღიარო,
გავუჩინარდე, ოღონდ შენთვის დავრჩე საჩინო.
და შემიყვარებ მაშინ გრძნობით შეულახველით,
რადგან, ძვირფასო, „სურვილს“ ნიშნავს ჩემი სახელიც.

??????