დარდი ბუხართან
თოვლია გარეთ, აღარც გზებია,
ენთე, ბუხარო, და იგუზგუზე,
მე მაინც სითბო არ მღირსებია.
კვამლო, არ შეწყდე, გასწიე ზევით,
გაჭვარტლე ზეცა, ღმერთმაც ვერ გვძლიოს,
უსაზღვროება ისე შესუდრე,
რომ ჩემს პლანეტას გზა აერიოს.
წარმავალობა მიზიდავს უღრანს,
იქ არც შუქია, არც ლაჟვარდები,
არარაობა დაიწყებს ღრენას,
და იკივლებენ ეს საფლავებიც.
ჩამხრჩვალი სივრცე ყრუთ იშიშინებს,
ხმას გაიკმენდავს ზღვა და გრიგალი.
ვინ იცის, რამდენ მზეს შეაშინებს...
ჩემო პლანეტავ, შენი ღრიალი.
ზეცა ათასგან დაიღრიცება.
კვამლს მოედება დროთა ისარი.
სამყარის გაღმა ჩაივლის ვიღაც,
ჩაფიქრებული, როგორც მისანი.
ღამეა, ბუხრის ცეცხლი გუზგუზებს,
გარეთ ტირიან ცივი მინდვრები.
ვზივარ, სიცოცხლეგაბეზრებული,
სისხლი მიშრება, ვატყობ ვფითრდები.