სამადაშვილი ნიკო
გაზიარება

ფერისცვალება 

მარტო უზიხარ საწერ მაგიდას,
გული არ გერჩის რამე დაწერო.
გარეთ ბინდია _ ქარის მაგივრად
და ზარი კივის საბედისწეროდ.

ზიხარ მარტოკა, უცქერი კედლებს,
გარეთ ცა ელავს, თან წვიმებია _
მაღლა ვეღარ სწევ ჩაქნეულ ხელებს,
ტირილიც ვეღარ გიწამებია.

გატეხილ სარკეს, დამსხვრეულ საათს
დრო არ დაგიდევს, დრო მაინც მიდის,
რა ეშველება დაღუპულ ადათს,
ან ასე მწარედ გარეცხილ სინდისს.

შენი თვალები ლაჟვარდებს ნთქავდა,
სადღაც მისდევდი სივრცეთა მზვარეს,
ხან მთის კონცხიდან ოდნავ ხედავდი
სამყაროს იქით მიმავალ მგზავრებს.

ახლა იმ თვალებს ფხიზელი ხუჭავ,
შენი გაჩენა, ღმერთო, რა იყო!
რა სიყმაწვილე წავიდა ფუჭად.
წყალმა რამდენი თრთოლვა წაიღო!

ჩუმად იცვლები აჭრილ სისხლისგან,
გადასჭვევიხარ ლანდებთან ბაასს,
გზებზე სუყველას ჩაუწიხლიხარ,
უმზერი კედლებს, უცქერი საათს.

გარინდებაღა დაგრჩა წვალებად,
თითქოს ანდერძიც გიდნება ხელში.
ასე თავდება ცის ელვარება,
ასე ღამდება ერთ სიცოცხლეში.

??????