სამადაშვილი ნიკო
გაზიარება

ნაძვები 

ნაძვები კუბოს მიასვენებდნენ,
წინ ყვავილები მიჰქონდათ ქარებს,
მიწიდან მთები იმას უსტვენდნენ,
პირქვე რომ ეგდო მსოფლიოს გარეთ.

ის სივრცეს გაჰყვა ხელ აპყრობილი,
თვალებს სინათლე არ მიაკარა,
წადილი, გზნება - ტალღების ჩრდილი,
გულქვა ავდრების წინ გადაყარა.

თითქოს სიკვდილიც რჩებოდა ოხრად,
მარადისობაც დასწყევლა, დაჰგმო,
ღამე ტირილით გამოიხურა
და გათენებას ვეღარ მიაგნო.

ვერ შეუბრუნეს გზებმა გუნება,
თუმცა ბავშვივით უჭერდნენ ხელებს,
ნაფეხურს ეთქვა: არ დაბრუნდება!..
ქარი ამაოდ ეძებდა მკვლელებს.

გვარი რა არის, არც კი ახსენა,
არც მიაჭედა ლურსმანი კარებს...
ნაძვები ცხედარს მიასვენებდნენ
და გვირგვინები მიჰქონდათ ქარებს.

??????