შემოდგომაა მარიამის ექსკლიუზივი
შენ დღეს მიჰყვები იდუმალ მთვარის
ღრუბლებში წოლას, ვნებიან ლივლივს.
სხვა ჩემნაირი აღარსად არის,
რომელიც მოდის და ასე გივლის.
სხვა ჩემნაირი აღარსად არის
სტროფებს რომ კრეფს და
გიფანტავს კარად;
ვით პოეზია შეშლილი ქარის,
ვით უკვდავება მარად და მარად.
ზამბახით მორთულ პატარა გვირგვინს
თავზე დაგადგამ, გიკოცნი ტუჩებს.
შენ გაწითლდები, როდესაც ირგვლივ
თვალს მოკრავ ხალხით გაჭედილ ქუჩებს.
გაბრუებული სასმელით, შფოთით
მოვივლი ქვეყნის კუთხეებს ფრენით.
ჩემზე იტყვიან: შეხედეთ, ლოთი!
გადმომხედავენ ზიზღით და ღრენით.
მაგრამ მე მოვალ შენს აივანთან
და გკითხავ: ხომ არ დამაგვიანდა?
ვიყვირებ მარად პოეტის ენით:
ეს შემოდგომა შენია, შენი!!!