ორი საბანი
სიყვარულსაც და სიკვდილსაც _ ორივეს უყვარს წოლა!
ცრემლები იცის ორივემ _ ვეება, მუშტისტოლა!
სულყველა მისი მონაა _ ხელმწიფეც, მღვდელიც, მოლაც,
ჯარისკაციც და სარდალიც...
შენც იმათ შორის, ლოლა...
სიყვარულსაც დ სიკვდილსაც _
უყვართ, შენსავით, წოლა...
და სიყვარულის სასმელი სულ რომ ჯამებით ისხა _
რაც პირველ ღამეს დალიე, ბოლო ღამემდე ის ხარ,
ცხრა ცხოვრებითაც იცხოვრო, ცხრა ლომს რომ ეჯდე ცოლად,
იმ ერთს შერჩები ბოლომდე ვეფხვის ნახტომზე ზოლად...
სიკვდილ _ სიყვარულს _ მშვენებას (თუმც ცალი თვალით ელამს)
რას მოუხერხებ... შეეშვი მაგ კონიაკს და “ელემს”,
თავს ნუ მოიკლავ, ნუ იზამ, სიგარეტით და ყავით,
ისეც მოკვდები სიკვდილის და სიყვარულის ზავით _
აკი გითხარი _ ორივეს საშინლად უყვართ წოლა,
როგორც შენ გიყვარს.... ან უფრო სწორად _ გიყვარდა, ლოლა...
სიყვარულსაც და სიკვდილსაც _
ორივეს უყვარს წოლა...