შავი მამლის წელიწადი ექსკლიუზივი
გივი გეგეჭკორს
ერთად ვიმტვრევდით სიმწრისგან თითებს,
ერთად ვიჭერდით ყველაზე დიდ თევზს...
ერთად გვისხამდნენ თასებში შხამებს,
ერთად გვინგრევდნენ სამშბლოს ხიდებს...
რაც შენ ხარ - ის ვარ! რაც მე ვარ - ის ხარ,
და ძმობა ჩვენი ეკლებისაც ისხამს
ვარდებთან ერთად! მაგრამ ცხოვრება
ცრემლების გარდა ხომ წყალსაც გვისხამს...
მე მიყვარს შენი კაშკაშა ფრაზა,
კარს სიკვდილისას რომლითაც რაზავ,
და რომლის გამოც შენ პოეტების
უ-უ-უმაღლესს ეკუთვნი რასას!
წიგნო, ჩასმულო მომავლის ყდაში,
შე მართლა ცხვარო, მე მართლა კრავო,
შენ სამშობლოსგან გეკუთვნის ტაში,
შენ ძმებისგან გეკუთვნის „ბრავო!“
იმქვეყნად ერთხელ უკვე ნამყოფო,
მეტყვი: შენ ყველას ასე ამკობო,
და არ მიიღებ ჩემს კომპლიმენტებს,
ედემში ერთხელ უკვე ნამყოფო...
მოკვდაო! შენ თქვი: „დაუსვენია!“
მოკლესო! მე ვთქვი: „დაუსვენია!“
ვწუხვართ: პოეტი ახლაც, წინათაც,
ყველგან, ყოველთვის - დაუცველია!
და მაინც! - უცებ: ფრთა გამოგვესხა!
თითქოს დავითის ზარი მოგვესმა!
ვთქვი: საქართველო! და ჩვენ გვისმინეს!
და ჩვენ - ვითხოვეთ! და ჩვენ - მოგვეცა!
... გადაიფრინა გრუხუნით „მიგმა“ -
წავიდა სადღაც - ღრუბლების მიღმა...
მე გამეღვიძა გრუხუნის ხმაზე
და ფიქრმა თავის საკანშ მიხმო...
ერთ სასაფლაოს შეგვრთავენ ალბათ,
გვექნება ერთი გლერტა და ბალბა...
უძინარები - ძილს მარადიულს
დავეწაფებით, მე ვიცი, ხარბად...
(მას შენ - ექვსი თვით უმცროსი ბიჭი -
დამარხავ! - დღემდე იტოვებს იმედს!
ჭურჭელს თამამად შეუდგი ბეჭი! -
ძმის კუბო ძმისთვის არ არის მძიმე...)
... უძილობის და ძილის წამალი -
შავი, ლუსკუმა - ყივის მამალი,
და უარესის ავ მოლლოდინში
დუმს ახალი წლის თეთრი ტრამალი...