ლოგუა ზურაბ
გაზიარება

*** "პაემანს გინიშნავ სიზმარში" ექსკლიუზივი

პაემანს გინიშნავ სიზმარში, ქალწულო,
რომ ნისლის ბაღში გაჩუქო ვარდები.
ოცნების ხალიჩებს არ მიქსოვს საწუთრო,
მიტომაც ძილის თაროზე ვლაგდები.
მსოფლიო ქალაქის უსაზღვრო მხარეში
მანძილს ვეღარ ვგრძნობ,
ტუჩები ახლოა,
მომაკვდავ გრძნობებთან არ მიწევს თარეში
და არც ვკითხულობ, მითხარით რა დროა.
სიზმარში მშვენებამ დამალვა არ იცის,
მზერით სხეულის საფარველს გაგიქრობ,
სურვილის ახდენას ვერავინ დამიშლის
და ნისლის ბაღში უსიტყვოდ გამიცნობ.
ვიცეკვებთ სიგიჟეს ოქროსფერ ფოთლებზე,
ჭადართა ორკესტრს
მოვუკლავთ დირიჟორს,
მოჰყვება არავინ ჩვენებურ ომებზე,
დროის თვალებში სიმუნჯემ იკვირტოს.
დავტოვებთ ცხოვრების მწვალებელ აკორდებს,
ცას სათითაოდ ყველა სხივს მოვპარავთ,
დაბნეულ სამყაროს ფარანი ართობდეს,
ჩვენ კი სიზმარში თავად მზეს მოვქარგავთ.
პაემანს გინიშნავ სიზმარში, ქალწულო,
რომ ნისლის ბაღში გაჩუქო ვარდები.
ოცნების ხალიჩებს არ მიქსოვს საწუთრო,
მიტომაც ძილის თაროზე ვლაგდები.

??????