ალან ბომბარი, ტურ ჰეიერდალი და სხვები ექსკლიუზივი
მარტომ გადავცურე ტივით.
გზები ზურმუხტივით მწვანე,
გავაოცე სიმარტოვით.
ტრანსატლანტიკური ღრუბლის
ნაჭრით შევიმშრალე შუბლი.
ერთხელ მომელანდა მხოლოდ
სახე გაღიმებულ უფლის.
ვუფრთხილდები წვიმის მარაგს -
ცრემლად გარდაიქმნას მინდა...
თვლემს უფსკრული - მარად, მარად,
მარად საშიში და წმინდა.
ვაკვირდები ცისარტყელას -
ცის და მიწის გამყოფ დეფისს.
მინდა ჩამოვართვა ხელი
მამით დაობლებულ დელფინს.
ცივი ცრემლის ოკეანე
მარტომ გადავცურე ტივით...
ღრუბლის ღიმილს მივამგვანე -
სწუხდი, ქაფის ქალღმერთივით...