წერეთელი აკაკი
გაზიარება

ილიას მოკვლის გამო 

I

ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას 
და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!.. 
ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა 
საქართველოს ბედისწერა? 
არა, არა!.. მითქმა-მოთქმა - 
ეს მშიშარა ტყუილია... 
ის მშობელი არ მოჰკვდება, 
წარმოშობა ვინც ილია! 
გრძნობა კვდება, გონება კი 
ეკუთვნის წინ, მომავალსა... 
გაჰყავს ხიდი ცხოვრებისთვის 
და უკაფავს გზა და კვალსა. 
და მიტომაც, ვინც მოჰკვდება, 
განა ყველა ითქმება მკვდრად? 
ზოგი ჩადის ბნელ საფლავში, 
ზოგი აქვე რჩება ლამპრად. 
და ილიაც არ მომკვდარა... 
მამულისთვის რჩება ლამპრად, 
მაშინ როცა მისი გვამი 
გადიქცევა მიწად და მტვრად. 
რაც კი ჰქონდა მაღლით ნიჭი 
ბუნებისგან მოცემული, 
მთლად მიუძღვნა მისს სამშობლოს, 
ფიანდაზად დასდვა გული!.. 
თავი დასდვა ქვეყნისათვის, 
მიჰბაძა ძმებს თავდადებულთ: 
მეფესა და ყიფიანსა... 
იმ ორ ქართველს, განდიდებულთ! 
მაგრამ ამათ სიკვდილშიაც 
განსხვავება არის დიდი: 
უფრო მწარე და მწვავია, 
როცა შინ გკლავს შენივ ფლიდი!.. 
მეფე მოჰკლეს მონღოლებმა, 
დიმიტრიც მტრის მოკლულია!.. 
მაგრამ ნუთუ შინ ჩვენმავე 
გამოგვტაცა ჩვენ ილია?! 
ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას!.. 
ის ქართველად არა მჯერა, 
ვინც გაბედა და ილიას 
დაუმოკლა ბედისწერა!.. 
თვით იესო მაცხოვარმა, 
ვის ხელთ ეპყრა ქვეყნის გული, 
თანაშემწედ აირჩია 
ათორმეტი მოციქული. 
და მათშიაც გაერია 
გამცემელი ის იუდა, 
შურმა, მტრობამ, ბოროტებამ 
ვისაც გულში დაიბუდა!.. 
მაგრამ რჯული რჯულად დარჩა 
და იუდა მხოლოდ კრულად. 
ამას საღმრთო ისტორია 
საუკუნოდ ამბობს სრულად!.. 
და მთელ ქართლში რომ გამოჩნდეს 
მოღალატე ერთი-ორი, 
მსგავსი ისკარიოტელის 
და იუდას თანასწორი, 
ამით ჩირქი მთელ ქვეყანას 
გაურჩევლად არ ედება! 
მხოლოდ ხალხს კი, ჭირისუფალს, 
გულში ცეცხლი ეკიდება!.. 

II

ახლა შენთან მაქვს საქმე, იუდავ, 
წინ წამოდექი! ნუ იმალები! 
და ვერაგობით ძლევამოსილი 
გამოაჩინე შენი თვალები! 
ღრმა მოხუცებულს და ნაამაგარს 
რომ ჰკლავდი, მაშინ არ გითხრა გულმა, 
გარეშე მტრების სასიხარულოდ 
ისევ მათგანვე მოტყუებულმა, - 
რომ მაგ სიკვდილით იმასთან ერთად 
შენ გულს უკლავდი თვით ქართველობას 
და, შემბღალავი წმინდა-წმინდათა, 
იორკეცებდი თვით საძაგლობას? 
მაგრამ შენ ვინ ხარ? ვინ მოგცა გრძნობა? 
ვით ჰეროსტრატემ, დასწვი ტაძარი 
და გეგონა, რომ ორივე მხარეს 
საშვილიშვილო დაეც თავზარი? 
რა შემცდარი ხარ!.. თვით ილიასთვის 
მაგგვარ სიკვდილში არის სიცოცხლე 
და საქართველოს კი ძველი აღთქმა 
ისტორიული მით გაუახლე. 
დროებით დაღლილს და მიძინებულს, - 
ის გამოახელს მაგითი თვალებს 
და შეაჩვენებს საშვილიშვილოდ 
შენებრ მეთაურს და ნაძირალებს. 

1907 წ. 

??????