იალბუზი
“მხოლოდ მთა იგი...
იდგა მთა იგი
დემონის ხელით
მძლავრად ნახატი;”
გალაკტიონი
ბოჩი!..
დამალე შენი სოფელი.
გაშლილ მინდვრებზე ვულკანს პირი დაუღია და
ლავა ამ ჩემი სიძულვილით სავსე საშოდან
პირუტყვს შორეულ ქალაქისკენ მიერეკება.
მიდი! გადენე, გადადენე ეგ საქონელი,
სადმე იქ, სადაც ცათამბჯენებს ჯერაც აციებთ,
ვარსკვლავთმრიცხველებს არ აუხდათ ჯერ წინათგრძნობა
მოსალოდნელი ხანძრების და ქარტეხილების
იქ წაიყვანე!
ხმელი თივა ატენე მუჭით.
თვალი დასთხარე,
რადგან ბრმები ხედავენ უკეთ.
იმ გზაზე, მაგნიტდამაგრებულ ჯოხებით დგანან
მოხუცები და ღამის გზაზე ერთადერთ იმედს,
უსაფუაროდ გამომცხვარი ნაზუქებივით
უფრთხილდებიან,
თუმცა შიმშილს
ვერ სპობს შეწევნა.
გჯერა, უკვდავი უნდა გახდე. შენ ამის გჯერა.
და რომ ჩემს ყვავილს “პარფიუმი” ჰქვია სახელად.
რომ არ არსებობს სინანული. და არც სასჯელი.
და აღარც ღმერთი. არც ეშმაკი. ფართოდ გახელილ,
ლიბრგადაკრულ თვალებში მიჯრით,
ჩნდებიან ისევ აჩრდილები.
ცაც. სანახევრად.
დიდხანს მეძინა.
საღათას და ხანგრძლივი ძილით.
ჩემს მკერდზე გაშლილ ლამაზ დეკებს მშვიდად წუწნიდი.
ბოლო ყვავილი ამომგლიჯე, ახლა კი დგახარ,
გაზეთებიდან თავმომწონე ვაცივით მიმზერ.
ძუძუმოჭრილი სხეულიდან ღვარად გადმომდის
ლავა და
კრატერს გახლეჩილი ყელიდან ვიღებ.
ბოჩი! მოვდივარ, რომ გადავწვა შენი სოფელი.
ჩემს უბეში გამოზამთრებულ ადამიანებს
უნდა ვუთხრა _ მზე რა მწველია,
როცა ის ძვლებზე გადადის და ხორცი შიშხინებს,
როცა ის ხორცზე გადადის და ძვალი არა სჩანს.
და კოსმოსიდან რა უმწეო, პატარა მოსჩანს
ეს დედამიწა, გეგონება ერთი ნამცეცი,
გადმოვარდა ხორბლის პურიდან.
გჯერა შენია ეს სამყარო. უთუოდ. შ ე ნ ი,
წონის მესამედს თუ დაგიყრის თუნგზე განგება.
და ამ ქალაქებს და ამ სოფლებს შენ რომ აშენებ,
და ამ ქალაქებს და ამ სოფლებს რად ვერ აგნებენ
ზღვიდან ხმელეთზე.
ვის სჭირდება ახლა მაშველი,
როცა მიწაზე მოსვლისათვის,
მკვდრების რიგია...
ბოჩი! გადავწვი შენი სოფელი.
ახლა ვზივარ და გვამადქცეულ სხეულს დავტირი,
შენსას და ჩემსას.
და ერთადერთი სიტყვა ჩემი ცხელი ხორხიდან
რაც კი ამოდის,
ეს არის:
-შვილო!