მაისის ვარდმან
მაისის ვარდმან ფურჩვნილმან,
ბეზეკმან მწვანით მკობილმან,
ბულბული ათრო სუნითა, -
რა ქნას აშიკმან თრობილმან?
მოსთქვამს: ამაყო და ზვაო,
შეუბრალეო, გულქვაო!
ხელი რად უფრო მახელე,
ოჰ, ჭირზე ჭირის დამრთაო!
სისხლითა ჩემით ღებულო,
ქვეყანად ამით ქებულო,
ესე რა მიქმენ უმადლოვ,
ოჰ, ვარდო, ლმობა კლებულო!
მარქვ, ეკლოსანობ ასე რად,
თუ არ გულისა სასერად!
უწყალოვ, რაზომცა ვსტირი,
ცრემლი ჩემი გჩანს სამღერად.
ვარდმან მიუგო ღიმილით:
მებრალვი გულის ტკივილით!
მაგრამ აშიკი ჰხამს იყოს
ხან მღერით და ხან ტირილით.
შეიმცერ ცრემლთა მრავლობა,
და ვალალებით გალობა!
ნიავმან გბეროს, გაგიქროს -
თუმც არ სახმილი, - მთვრალობა!