შატბერაშვილი გიორგი
გაზიარება

ბასილ მელიქიშვილი 

"... საბრალოა ოსტატი, რომელმან შეჰქმნა 
კოშკი- ფაქიზი დ ნაჩუქურთმევი. და თუ ქარმა 
შეარყიოს კოშკი და თუ ხალხმა აქლითოს 
ჩუქურთმა, ოსტატს მარჯვენა შეუწუხდეს,
 გული ეტკინოს  მარჯვენა შეუწუხდეს, 
გული ეტკლინოს და იმავე მარჯვენით
 მოშთოს ძვირფასი კოშკი პირისაგან მიწისა".
ბ. მელიქიშვილის  "თ უ რ მ ა ნ ი". 

ვერ ვიტყვი, დღიურების წერა მიყვარდეს, ამიტომ იმ ნაწყვეტს, რომელსაც ქვემოთ მოვიყვან, დღიურად ამოწერილს ვერ დავარქმევ: 
"24 ივნისი, 60, თბილისი... 
დღეს ვიყავი სოფელ პანტიანში. ბასილ მელიქიშვილის საფლავზე. 
ბასილ მელიქიშვილი ამ ოცდაათი წლის წინათ გარდაიცვალა ჭლექით. იყო ნიჭიერი, უსათუოდ დიდი მომავლის მქონე მწრალი. ვგონებ, ოცდაექვსი წლისაც არ იყო, როცა გარდაიცვალა. გამაცნო  ალექსი გომიასვილმა, რუსთაველის პროსპექტზე, 1928 წელს. მე მაშინ თვრამეტი წლისა ვიყავი, ბასილი ოცდაოთხისა არ იქნებოდა, მაგრამ ხნიერ კაცად მომეჩვენა: საოცრად გამხდარი, გაყვითლებული ლოყები, ნაოჭები. ენერგიული, მეტყველი თვალები ჰქონდა. მე მის ლაპარაკს ყურადღებით არ ვუსმენდი, სხვანაირად მყავდა წარმოდგენილი, ტანად, ახოვან ჭაბუკად. ჩემს წინ კი ვიღაც სხვა, ჯანგატეხილი კაცი იდგა. ამაზე ვფიქრობდი. უცებ გავიგონე: 
- მისი თვალები ვეფხვებივით გამოეშურნენ... 
რაღაცას გვიამბობდა გატაცებით. ამ სიტყვებმა მომხიბლა და უმალ დამავიწყა მისი გარეგნობა. 
დაახლოება ვერ მოვასწარი. უცებ წავიდა.
მე აღფრთოვანებული ვიყავი მისი "მკერდშებოლილი მერცხალით". გული დამწყდა. მას შემდეგ ეს მოთხრობა აღარ წამიკითხავს. უნდა წავიკითხო, რომ უფრო ნათელი წარმოდგენა ვიქონიო მის ავტორზე. 
... პანტიანში წავედით მანქანებით, წყნეთის გზით. ბასილი ფეხით ადიოდა წყნეთშიც, პანტიანსიც, უფრო შორსაც, წვერში, სადაც პირველი სამარე გაუთხარეს... გავიარეთ სამადლო, სადაც ბევრჯერ ვყოფილვარ. პანტიანიც სამადლოს ჰგავს ბუნებით, მშვენიერია... მკაცრი, მთიანი ადგილია. აღმოსავლეთ ნებით, მშვენიერია... მკაცრი, მთიანი ადგილია. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ბევრია ასეთი წარმტაცი კუთხე. არ კი ვიცნობთ. ბასილის საფლავზე იყვნენ: ევგენი ხარაძე, ნიკოლოზ ძიძიშვილი, მიხეილ მრევლიშვილი, ივანე ტაბიძე, ალექსანდრე ივანიშვილი - უდროოდ გარდაცვლილის გიმნაზიის ამხანაგები. აგრეთვე ვიქტორ გაბესკირია, ალექსი გომიაშვილი, ამირან გაბესკირია. 
ბასილის საფლავზეც და დის ოჯახშიც ბევრი რამ ითქვა უდროოდ დაღუპულზე. ეს ერთგვარი აღდგომა იყო მიცვალებულისა. ამ ერთ წელიწადში უნდა გამოიცეს მისი მოთხრობები და ერთი რომანი, რომელიც ავტორის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. 
საინტერესოა, რომ ბასილი თავიდან აქ, პანტიანში არ ყოფილა დასაფლავებული. პანტიანში ახლახან ჩამოუსვენებიათ. ადევს უბრალო, დიდი გრანიტის ლოდი, წაწერილი აქვს "ბასილ მელიქიშვილი" და დაბადება-გარდაცვალების თარიღი (1904-1930). მართლაც დასაფასებელია ბასილის დის სოფიოს და მეგობრების ამაგი, მათი სიყვარული უანგარო და უზომოა. 
ღმერთმა ქნას, გამოვიდეს ბასილის წიგნი, კარგად მიიღოს მკითხველმა. ეს იქნება გაცოცხლება გაუხარელი, უდროოდ დაკარგული ჭაბუკისა! 
"უნდა წავიკითხო, რომ უფრო ნათელი წარმდოგენა ვიქონიო..." 
ვკითხულობ. პირველად "თურმანი" წავიკითხე. "მკერდშებოლილ მერცხალს" შემდეგ წავიკითხავ. ვიცი, რომ ეს მოთხრობა საქართველოს ისტორიულ ბედს უტრიალებს ირგვლივ. ამ პოეტურ მოთხრობაში, რომელსაც თამამად შეიძლება პოემა ვუწოდოთ, დახატულია ქართველთა ბრძოლა ეროვნული გადაგვარების, თავისთავადობის დაკარგვის წინააღმდეგ. ამბავი კონკრეტულ ისტორიულ გარემოში ვითარდება. ავტორს მოთხრობის ერთ-ერთ ეპიზოდურ გმირად გამოჰყავს ალექსანდრე ბაგრატიონი, ძე ერეკლე მეორისა. ამ დაუდეგარი ბატონიშვილის შემწეობით ლეკთა ტყვეობაში სამუდამო დარჩენას და გადაგვარებას გადარჩება ამბის მთავარი გმირი თორელი. იგი სამშობლოს უბრუნდება, თან გამოიტაცებს პატარა ბიჭს, რომელიც ლეკის ქალ დეისთან შეეძინა. თორელი და მისი ვაჟიშვილი მშობლიურ მთებს მოაღწევენ და არ იზიარებენ ბედს საბრალო მკერდშებოლილი მერცხლისას, რომელმაც გადაგვარების შიშით საკუთარი კლანჭებით ყელი გამოიღადრა და თავი მოიკლა. 
ქართველი გმირების გვერდით ბასილ მელიქიშვილი სიყვარულით ხატავს ქართველთა ბედში მყოფი ლექკების კოლორიტულ სახეებსაც. 
"თურმანიც" დიდი პოეტური გზნებით დაწერილი მოთხრობაა. ბ. მელიქიშვილმა ამ მოთხრობის მხოლოდ დასაწყიშის გამოქვეყნება მოასწრო. მერე წავიდა "მარტოობის იქით". მისი მოუსვენარი სული შეუერთდა წინაპართა აჩრდილებს, გარდასულ დროთა გმირებს. ის მხოლოდ მათზე სწერდა. თანამედროვეთა გულში ამ წამებული აჩრდილების გამოწვევით ცდილობდა წმინდა პარიოტული სულისკვეთების  აღძვრას. 
ბ. მელიქიშვილის გმირები მთიელები არიან. ძლიერი ადამიანები. ცხადია, ვაჟას შემდეგ დაბადებული ახალგაზრდა მწერალი მთიელთა ყოფის ხატვისას ვერ ასცდებოდა მთის რწივის გზას, მის კილოს, მისი პოეტური სამყაროს გავლენას. ეს გამანაყოფიერებელი გავლენა მადლივით აცხია მწერლის თემსაც და სიტყვასაც. ბასილ მელიქიშვილის თურმანი ვაჟას კვირიას შვილია, სხვა დროისა და ვითარების შვილი. კივრიას ფხისა და უნარის გამგრძელებელი. მოთხრობის დასაწყისში დაღლილი, ნაჭრილობევი თურმანიც ტანჯულ კვირიასავით უახლოვდება სოფელს. ამ სოფელში იგი წმინდა, უღვარძლო დოლისპურის თესლის საშოვნელად მოდის თავისი მშობლიური შუქართიდან. შუქართის ველ-მინდვრები ღვარძლის ტყვეობაშია. ღვარძლს დაუპყრია, გადაუგვარებია, მტანჯველი თრობისათვის მიუცია ხალხი... ვაჟას კვირიაც ხომ თათრების მიერ დაპყრობილი კახეთიდან მიდის ფშავში. მიდის ფშაველთა მისამხრობად, ღვარძლის მოსასპობად. 
კვირია პირველად უბედურ, მგლოვიარე ფშაველ დედას სანათას შეეყრება. თურმანიც ასევე შეშლილ, უბედურ ხორეშანს წააწყდება სოფლის მისასვლელ კლდეებთან. ხორეშანის ტრაგიკული სიკვდილი შურისძიებად გადადის თურმანის სისხლში. თავისთავად თურმანის ხატიც, მისი გარეგნობა, კვირიას სურათის მსგავსია: 
"ლელიან და დაჩალულ ტბასთან ჩამოსჯექი და დაინახე შენი სხე: ვიწრო, გამხდარი და მკაცრი. მხოლოდ მაშინ დაინახე შენი თვალები - ღვარძლითა და გესლით სავსენი. შენი თვალები ქვეყანას დაცინვით რომ უმზერენ. მლაშე ტბაში დაინახე შენი სახე მიწისფერი და გაძვალტყავებული. მხოლოდ მაშინ შეამჩნიე ღაწვს გადაწოლილი და დადაღული ჭრილობა". 
როდის დაიჭრა თურმანი, სად? რა დაემართა, სად იხეტიალა აქ მოსლვამდის.. ნაგზაურ ჭაბუკს აღარაფერი ახსოვს. შეშინებული ჩაჰყურებს ტბაში თავისი სახის ორეულს: 
"შენმა სახემ შეგაშინა და გაჰშორდი ტბასა - ლელიანსა და დაჩალულსა. წამოგიდგა შენი ტანი ობოლ რცხილასავით ჩამომხმარი, ხოლო ხელები მუხლებს ჩაცილებულები. წამოგიდგა შენი შუბლი დაკოპიანებული და ფიქრით დამძიმებული".
"მაშინ კი შეგაშინა შენმა სახემ, ჩოხის კალთით დაიფარე თვალები და ტბაში ჩაუშვი დიდი ლოდი, რათა ტბა ამღვრეულიყო და ტალღათა სისწრაფეს ჩაეჩქმალა შენი სახე: ვიწრო, გამხდარი და მკაცრი. შენმა სახემ შეგაშინა და გაჰშორდი ტბასა ლელიანსა და დაჩალულსა..." 
საოცარი ჭვრეტით არის დახატული ეს უცნობი ტანჯული ჭაბუკი, მისი იდუმალი მიახლოვება სოფელთან: 
"მზეს დაესამხრა და შენივე ჩრდილი გაგწოლოდა წინა. წარმოგიდგა შენი ტანი ობოლ რცხილასავით ჩამომხმარი, ხოლო ხელები მუხლებს ჩაცილებულები. წამოგიდგა შენი შუბლი დაკოპიანებული და ფიქრით დამძიმებული". 
გავიხსენოთ ვაჟას კვირია, მისი უცნაური გამოჩენა:

უცბად გაისმა ფეხის ხმა, 
კაცი გამოჩნდა უცხო რამ, 
ჩამოგლეჯ-ჩამოწეწილი, 
ერთი ყარიბი, უშნო რამ. 
სანთლისა შუქზე წამოდგა
დატანჯულისა ფერითა, 
მხარზე თოფგადადებული, 
გაბუდებულის წვერითა, 
დანჯღრეულ-ქარქაშიანი 
ხმალი წელს ერტყა წნელითა. 
ადვილად საცნობი იყო  
კაცი ფშავურის ენითა. 
დადგა, დაეყრდნო თოფის ტუჩს, 
ცრემლებს იწმენდდა ხელითა, 
იზიარებდა ბებრის დარდს 
სახის შეჭმუხვნით ხმელითა. 

ასცამეტი წლის ბრძენი სალთუჯი, ხორეშნის მეუღლე, უგროვებს უცხო ჭაბუკს თავის სოფელში გადარჩენილ წმინდა, შეურყვნელ ხორბალს და სათესლედ გაატანს შუქართში. შუქართი - შუა ქართლია. მთამ ხელი გაუწოდა ღვარზლმოდებულ დედაქართლს, რომ ბოროტი თრობისა და გადაგვარების ბურანიდან გამოიყვანოს. 
მაგრამ ეს არა კმარა. მხოლოდ წმინდა თესლი ვერ უშველის ღვარძლით მოწამლულ მიწას. შუქართელი მოხუცი შიო აგრძნობინებს თურმანს, რომ წმინდა თესლი წმინდა ხელმა უნდა დათესოს, თორემ ხნულში ისევ ღვარძლი აღმოჩენდება: 
"როდი კმარა წმინდა თესლი. არა კმარა ელვა, ავდრისათვის საჭიროა ქუხილი და მძიმე ღრუბელი, რათა წვიმამ წალეკოს ქვეყანა. მთესვრია საჭირო და მთესვარად ბალღი უნდა იყვეს, ბალღი უბიწო და სპეტაკი". საჭიროა მსხვერპლი, გაუგონარი და აუნაზღაურებელი მსხვერპლი. თურმე ამ სოფელშიც აქამდე ღვარძლი ბატონობდა და მხოლოდ წმინდა მსხვერპლმა იხსნა გადაგვარებისაგან. ეს მსხვერპლი სალთუჯსა და ხორეშანს გაუღიათ. საკუთაი უმანკო ბალღი დაუყენებიათ მთესვრად და ზვარაკად შეუწირავთ სოფლისათვის. 
აი, რა ყოფილა მიზეზი ხორეშანის უდროო და ტრაგიკული დაღუპვისა. უბედური დედა შვილზე დარდს შეუშლია, სოფელისათვის გაურიდებია და კლდეზე გადაუჩეხავს. 
თურმანი თავზარდაცემულია. მაშ მისმა მშობლიურმა სოფელმაც უნდა გაიღოს ასეთი საშინელი მსხვერპლი. რაღა მას მიანდო ბედმა თავისი მეზობლების წინაშე უმანკო ზვარკის ამორჩევის მაცნეობა. 
შუქართში მიტანილი წმინდა ხორბალი მაინც ღვარძლიან მოსავალს იძლევა: თურმანმა შუქართელებს დაუმალა მეორე პირობა, მას უმსხვერპლოდ უნდა კეთილი მოსავლის მიღება. მაგრამ გაბოროტებული და მოწამლული მიწა არ იღებს კეთილ თესლს. შუქართში ისევ ღვარძლი ბატონობს. მოთხრობის ამ ადგილში ბერძნული ტრაგედიების სული მძვინვარებს, დაძაბულობა უმაღლეს წერტილს აღწევს. ხალხს გაუგია მიზეზი და უმანკო მსხვერპლს თხოულობს: 
- მთესვარად ლომისფაფრიანი ბალღი უნდა იყვეს! 
- ბალღი ლომისფაფრიანი და გადაუგვარებელი! 
- ლომისფფრიანი ბალღი გვინდა, თანდილ მოგვეცით! - აღრიალდა შუქართი. 
ხოლო თურმანი თვალს მოსწყდა და გადაიკარგა. 
აი, როგორ აგვიწერს ამ წმინდა, ლომისფარფრიან ბალღს მწერალი: 
"... დააზვარაკეს და დედამ თმა არ შეჰკვეცა. თმა დაჯაგნილ მტევანივით გადაეფინა, თმა ჩაგრუზული და ქერიფხისებრი, ლომის ფაფარს რომ დამსგავსებოდა. დიახ, ლომის ფაფარი ამძიმებდა ბალღის ბეჭებს, ლომის ფაფარი - სელთუჯის კვერთხივით მძიმე".
სურამის ციხის მსგავსი ტრაგედია დატრიალდა შუქართში. ქვეყნის ხსნისათვის ხალხმა აწამა და გაჰქელა უმანკო ოქროსთმიანი ბალღი.. თურმანმა შეჰკვეცა ლომის ფაფარი ნაწამებ ბალღსა და დიდ მუხას  მიაკრა. ამ ამბავს ქართლის ცხოვრების მემატიანე ამგვარად აღწერდა: "და ხალხმა აწამა ბალღი. და დადგა რყევაი ნიადაგისაი და რყევამან მისმან ქართლი მოიცვა". 
სისხლი სისხლს თხოულობს. ხალხი მარტო უმანკო სისხლით არა კმაყოფილდება. სიკეთის ნერგი - უმანკო ლომისფაფრიანი ბალღი სახალხო საქმეს შეეწირა, მაგრამ საჭიროა მოისპოს ბოროტების, ღვარძლის ნერგიც. ღვარძლის შვილიც - მახინჯი ბალღიც, რომელიც ბოროტმა დრომ შვა. ის რომ არ მოისპოს, კეთილი მსხვერპლის გაღება ამაოდ ჩაივლის. ხომ შეიძლება მახინჯი ჯათის შთამომავლობა გაგრძელდეს. ხალხი ჯათის მოკვდინებასაც თხოულობს... ჯათი უბედური ბებიას ხელით კვდება. 
მახინჯი ჯათი ღვარძლიანი დროის ნაყოფია. ნახევრად ბალღი, ნახევრად მხეცი. დაბადების დღეს შვილის სიმახინჯით შეძრწუნებული მშობლებისაგან სანეხვეში დაფლული, მაგრამ შემთხვევით გადარჩენილი. ჯათი სისხლისმსმელმა აფთარმა გადაარჩინა და იშვილა. ოსტატურად აგვიწერს მწერალი ჯათის გადარჩენის ამბავს: 
"ბნელ ღამით კუნელს აფთარი ეწვია, - აფთარი დამშეული და მსუნაგი. აფთარი დაიგეშა ბალღის გასაგლეჯად, მაგრამ უცნაური იყო ღამეც და ბალღის მკსინავი და ლოკოკინასებური თვალებიც. ნადირი შედრკა და დაწვა. მიხოხდა ბავშვთან, ძუძუ გადაშალა და მაჯლაჯუნა დააწაფა რძეს". 
სისხლი ტრიალებდა ქართლში. იღუპება ლომისფაფრიანი ბალღი, იღუპება მახინჯი ჯათი. კვდება სალთუჯი, მისი ქალიშვილი - თურმანის სატრფოს მეზისი... ყველგან სისხლის საზღაურია. ამ სისხლმა უნდა შვას კეთილი ნერგი. მაგრამ როდის? მანამდის კი თურმანი უბედურია. წამებული, წმინდანი. 
"და ამა მატიანის დამწერი. მონაი არმაზისაი განვიდა არმაზს თაყვანისცემად.. და მიუახლვოდა მემატიანე დიად კერპსა. გარნა მონამან არმაზისამან კერპი იხილა მოშთობილი და დახსნილი... სკერპესა ზედა ეგოდ შიშველი ადამიანი და ადამიანი იგი თურმანი იყო..  და დადგა ჭექა-ქუხილი და მონაი არმაზისაი მუხლთ დაეცა და თაყვანი სცა". 
აღსრულდა. თურმანიც ემსხვერპლა წმინდა საქმეს. წინ მოჩანს იმედი. იმედი იმისა, რომ წმინდა მსხვერპლი ამაო არ არის. 
წავიკითხე "თურმანი". 
ადრე წაკითხული "მკერდშებოლილი მერცხალი" და "ჯილაგიც", აქამდე უცნობი მშვენიერი ლეგენდა "მოკვეთილი თითი". მის წიგნში მხოლოდ ეს მოთხრობებია შეტანილი. მაგრამ მას აქვს სხვებიც. ლეგენდები, რომლებიც ვაჟას სამყაროდან იღბენ სათავეს. ხელნაწერებიც წავიკითხე. საოცარია მისი "გველების ტბა". ამ ლეგენდაში მეტად თავისებურად არის გააზრებული ვაჟა-ფშაველას "გველის მჭამელის" თემა. ვაჟას სიყვარული სილამაზისა და სიბრძნის დედოფალ გირხსთან - გველ-ქალთან. ეს ლეგენდა ვაჟას პოემის თავისებურ და კოლორიტულ ვიარიაციად უნდა ჩაითვალოს. ბასილ მელიქიშვილის არქივში ინახება მოთხრობები "თიდემალა", "სული გელიყარისა", მინიატურები და ქებანი. 
ეს მოთხრობები და მინიატურები იწრებოდა ამ საუკუნის ოციან წლებში, სხვა პირობებში, მძიმე სენით გაწამებული ჭაბუკის მიერ, ამიტომ ბუნებრივია ამ თავისებური შემოქმედის ზოგიერთ ნაწერს თან სდევს სევდიანი კილო. მისტიკური ხილხვა, განწყობილებათა ქაოტურობა... მაგრამ ყველაფერს ანაზღაურბს წრფელი, თავდადებული სიყვარული სამშობლოსი და მისი ენისა. მშვენიერი ენა აქვს ბ. მელიქიშვილს. მშობლიური კუთხის კოლორიტულ მეტყველებაში ეშხიანად გაისმის "ქართლის ცხოვრების", სახარების ხმა, გაზაფხულის ამღვრეული და ადიდებული არაგვის ძახილი. 
პანტიანიდან ვბრუნდებოდით. 
აწ განსვენებული პოეტი ვიქტორ გაბესკირია ყველაზე მეტად იყო აღგზნებული. ბევრი რამ გაიხსენა ბასილის ცხოვრებიდან. მისი სიკვდილისა და დაკრძალვის დღეც მოიგონა... 
... ბასილ მელიქიშვილის გარდაცვალების ამბავი მოსულა თბილისს. ვიქტორსაც გაუგია და წყნეთში წასვლა გადაუწყვეტია. უფრო ადრე მიხეილ ჯავახიშვილი, გერონტი ქიქოძე, კონსტანტინე ჭიჭინაძე და, ვგონებ, პაოლო იაშვილიც წასულან მანქანით. 
ვიქტორს მგზავრი არა ჰყოლია. მარტოდმარტო ფეხით შესდგომია წყნეთის აღმართს. ჯერ თბილისს არ ყოფილა გაცილებული, წვიმა წამოსწევია. მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა. წყნეთში გარდაცვალებულის მეგობრებს შეხვედრია დასველებული და დაღლილი. მხოლოდ იქ გაუგია, რომ დაკრზალვა წყნეთში კი არა, სოფელ წვერში უნდა შემდგარიყო. წვერი კი წყნეთს რამდნეიმე კილომეტრით არის დაცილებული. ახლა წვერის აღმართს შესდგომია... '"ცოტნეს ქვეყნიდან მოსული" ვიქტორი და მთიელი ბასილი თავისებური ხასიათითა და აზრთა დენით ერთმანეთს ჰგავდნენ და გულიც ერთნაირად უცემდათ. მათ ნაზი, მაგრამ ძლიერი სიყვარულით უყვარდათ მშობლიური ქვეყნანა, ქართული სიტყვა. ასევე წმინდად ემსახურებოდნენ მას. ისინი ალბათ ძმურად გაიყოფდნენ იმ ეპიტაფიას, რომელიც ვიქტორ გაბესკირიამ სიკვდილის წინა დღეებში დაწერა: 
ლხინს ვწევდი მე იმ ქალაქში, 
სად მტკვარი და მეტეხია... 
ცუდ კაცთან მე არასოდეს 
პური არ გამიტეხია. 
ალალი შრომაც მიყვარდა, 
ოფლი სად არა მდენია, 
"იხაროს საქართველომა" 
ტყეშიც კი წამომცდენია. 
მზეში გულღიად გასულს 
უდროოდ გამავდრებია, 
რატომ წვიმხარო, წვიმისთვის 
მაინც არ მიკადრებია. 
დამილოცია ფრინველთა 
გუნდები, მტკვარზე -ტივები.... 
სხვა საქმე თუ კი ვერ შევძელ, 
უფალო, მაპატიევი! 

ისინი სიყრმიდანვე წმინდად ეტრფოდნენ იმ კოშკს, რომლის ჩუქურთმებსაც სათუთად ძერწავდნენ.. ქარი ვერ დაანგრვს იმ კოშკს, ხალხი მუდამ გულისყურით გაიხსენებს იმ ჩუქურთმებსაც. მარჯვენა მათ არ შეუწუხდებათ.

??????