ჩოხელი გოდერძი
გაზიარება

წითელა 

წითელა აენთო გუდამაყარში. ერთიმეორის მიყოლებით გაუყენა გაზაფხულის ყვავილებივით ახლადშეღერებული ყმაწვილები საიქიოსკენ მიმავალ გზას.
 _  არ იტიროთ! არ იტიროთ! თორემ წითელა უფრო გაბრაზდება და ვინც სახლში დაგრჩათ, იმათაც მუსრს გაავლებს. იმღერეთ, წითელას სიმღერა და მხიარულება უყვარს  _  არიგებდა ხალხს ას წელს კარგა ხანს გადაცილებული, წელში მოხრილი მოხუცი ქალი, რომელსაც ზედმეტ სახელად მათუსალას ეძახდნენ.
დადიოდა სოფელ-სოფელ მათუსალა, მიიბჯენდა თავის ხელებივით დაკოჟრილ შინდის ჯოხს და თვითონაც მღეროდა, წითელას ამხიარულებდა, რომ მეტად აღარ გამძვინვარე-ბულიყო და მშვიდობით გასცლოდა გუდამაყრის ხეობას.
შეშინებული ხალხი ცრემლის ჩამოგორებასაც კი ვეღარ ბედავდა თვალებიდან, ისე დაეშინებინა წითელას. არც მაშინ ტიროდნენ, როცა მორიგ ყმაწვილს ამოართმევდა სიცხისაგან გათანგული სხეულიდან სულს წითელა და არც მაშინ, როცა მიწას აბარებდნენ გაციებულ სხეულს, ეშინოდათ, წითელას ტირილის გამო უფრო შური არ ეძია.
 _  იმღერეთ! იმღერეთ!  _  იძახდა მათუსალა და ჭირისუფლებიც მღეროდნენ.
ეს სიმღერა არ ჰგავდა სიმღერას, არც ტირილს ჰგავდა, ისევე, როგორც მათუსალას დროგადასული ბაგეებიდან ამომავალი სიმღერა არ ჰგავდა სიმღერას, ეს უფრო ვედრებას ჰგავდა  და მაინც, სიმღერა იყო, წითელას დასაშოშმინებლად ნამღერი სიმღერა.
მღეროდა მთელი გუდამაყარი, დღისით და ღამით სახლებიდან სიმღერის ხმა გამოდიოდა და ცაში აზიდულ მთის კალთებს მაღლა მიუყვებოდა, მთის მწვერვალებზე ჩამომხობილი ვარსკვლავიანი ზეცა ირეკლავდა ამ სიმღერას, ისევ ხეობაში აბრუნებდა და ამ დროს  ბნელით მოცული გუდამაყარი ჰგავდა შავებში ჩაცმულ მათუსალას.
 _  იმღერეთ! იმღერეთ!  _  კარიდან-კარზე თავის დაკოჟრილ ჯოხს უკაკუნებდა ხალხს მათუსალა. წითელა არ ნელდებოდა, უფრო მძვინვარებდა, საკირესავით ღუდღუდებდა და მოლზე ამოსულ ყვავილებივით კრეფდა მთელ ხეობაში ყმაწვილთა სულებს.
ლოგინში იწვოდა სიცხით გათანგული ხუთი წლის გუგუა. გვერდით დედა, ბებია და მეზობლები ესხდნენ და უმღეროდნენ. ბერდია, გუგუას მამა, კართან ატუზულიყო და სიმღერას ვერ ბედავდა.
 _  იმღერე, რა ხმა ჩაგწყვეტია!  _  შეუტია მათუსალამ. ბერდიამ ლოგინში მბორგავ შვილს შეხედა და ამოახველა. არ გამოუვიდა სიმღერა. ისევ გაჩუმდა და მუდარით შეხედა მათუსალას, რომელიც ჯოხით სჩხვერდა, იმღერეო.
ოთახში გუგუას ტყუპისცალი მართა შემოვიდა და გულში ჩახუტებული ყვავილები შემოიტანა.
 _  ლოგინთან მიუტანე, ლოგინთან, წითელას წითელ_ ყვითელი ფერები უყვარს,  _  ბრძანა მათუსალამ. მართამ აქეთ_ იქით შემოუწყო ყვავილები გუგუას. გუგუამ თვალები გაახილა, თავის ტყუპისცალს შეხედა, თითქოს გაუღიმა და მერე ისევ დახუჭა თვალები.
გუგუას ბებიამ სიმღერა შეწყვიტა, შეშფოთებული თვალებით მიაჩერდა შვილიშვილს, რომელიც აღარ სუნთქავდა და წითელასგან გავარვარებული მისი სხეული თანდათან ცივდებოდა.
გუგუას დედამ ტირილი დაიწყო. ბებიაც აჰყვა, მართაც.
 _  ხმა, კრინტი! რა გატირებთ? ამ ქალას რაღას ერჩით?! გინდათ უფრო გააბრაზოთ წითელა და ამასაც ხელი დარიოს?  _  შეუტია მათ მათუსალამ და იმათაც შეწყვიტეს ტირილი.
ბერდია კედელსმიყრდნობილი კანკალებდა.
 _  იმღერე!  _  ჯოხისწვერით წასჩხვირა გვერდში მათუსალამ, რა მოგივიდა? ღმერთმა თავის ნაშობი თვითონვე წაიყვანა, დამბადებელს არა აწყენინო_ რა. ერთხელ ნაშობს, ერთხელ წაიყვანს, იმღერე! ისევ უშნო ხავილი ამოუშვა ბერდიამ.
 _  იმღერეთ! იმღერეთ!  _  იძახდა მათუსალა და თითქოს მისი არაამქვეყნიური ხმის წყალობით, სწრაფად ცივდებოდა ლოგინში გუგუა, ისე სწრაფად, რომ როცა ბებიამ ვეღარ მოითმინა და შვილიშვილს შუბლზე აკოცა, მოეჩვენა, იანვრის ყინულს კოცნიდა. სიმღერით დაასაფლავეს გუგუა.
 _  ამ სახლში ტირილი არ გავიგონო, წითელა არ გააბრაზოთ და ამ ქალას ავი არა მოუწიოთ _ რა!  _  გააფრთხილა მისი დედ_ მამა მათუსალამ და ჯოხზე დაყრდნობილი, სიმღერით წავიდა მეზობელი სახლისაკენ.
მართამ მოსვენება დაკარგა. სულ იქით მიუწევდა გული, სადაც მისი ტყუპისცალი იწვა მიწაში. კრეფდა მინდვრის ყვავილებს და გულზე აფენდა ამობურცულ საფლავს.
მოენატრა ძმა, ისე მოენატრა, რომ ამ ქვეყანაზე აღარ უნდოდა ყოფნა. ერთხელ სიმღერით მიმავალ მათუსალას დაეწია და ჰკითხა:
 _  საიქიოს გზა საით არის, ბებო?
 _  რა?  _  სიმღერა შეწყვიტა მათუსალამ.
 _  საიქიო საით არის?
 _  ჰოო!  _  თქვა მათუსალამ და მართას გამჭოლი მზერით შეხედა.
 _  მერედა შენ რაისთვის კითხულობ საიქიოს გზას?
 _  ჩემი ძმა მომენატრა და ნახვა მინდა.
 _  ჯერ რა დროის შენი საიქიოა ქალშავავ, ღმერთს არა აწყენინო _ რა, იმის განგებას ვერც ვერავინ გადასულა და ვერც ვერავინ გადაუვა; თავის დროზე ყველა იქ მივალთ, აქ არავინ არ დარჩენილა, მოეშვი ავ ფიქრებს და იმღერე, რო წითელას გული გავუთბოთ.
 _  ბებო, გეხვეწები, თუ იცი საით არის საიქიო, მიმასწავლე გზა, ნუ დამიმალავ  _  შეეხვეწა მართა.
მათუსალა ჩაფიქრდა.
 _  ხმელეთი რო გათავდება, ცის ნაპირი რო გათავდება, საიქიო იქ არის. საიქიოს გზა ისე ვიწროა, ხორციელი ვერ ივლის.
 _  მა რა ვქნა?  _  შეწუხდა მართა.
 _  რა ქნა და იმღერე!  _  შეუტია მათუსალამ და თავისი უცნაური სიმღერა წამოიწყო.
მწვერვალის ზემოთ ცის ნაპირი ჩანდა.
"ნამდვილად იქიდან იწყება საიქიოს გზა", იფიქრა მართამ და მთის ფერდობს შეუყვა. საღამო ხანს მიაღწია კიდეც მწვერვალს, მაგრამ შედგა თუ არა ზედ, უცებ ელდანაცემმა უკან დაიწია, შორს კიდევ ჩანდა ასეთივე მთა და ასეთივე ცის ნაპირი, სადაც ირიბად ირეკლებოდა ჩამავალი მზის სხივები.
გვიან დაბრუნდა შინ მართა და იმ ღამეს თითქმის არ ეძინა; გადაწყვიტა იმ მეორე მთისა და ცის ნაპირის ნახვა. დილაადრიან წამოხტა და იქით წავიდა, იქედან კიდევ სხვა მთა და სხვა ცის ნაპირი გამოჩნდა შორს.
 _  ვიყავი, მაგრამ არ თავდება  _  უთხრა მართამ წყენით მათუსალას.
 _  რა არ თავდება?
 _  არც ხმელეთი თავდება და არც ცის ნაპირი.
 _  არც გათავდება  _  ჩაიჩიფჩიფა მათუსალამ.
 _  მაშ საიქიო?!
 _  საიქიოს ბჭეთა ძიება შენი საქმე არ არის.
 _  მაშ როგორ ვნახო ჩემი ძმა?
 _  სუყველაფერს თავის დრო და ჟამი აქვს; დრო მოვა და ნახავ.
 _  როდისღა? როდისღა?  _  ატირდა მართა.
 _  ნუ ტირიხარ, იმღერე!  _  გაუწყრა მათუსალა. მართამ ტირილი შეწყვიტა და ცრემლების წმენდით გუგუას საფლავისაკენ წავიდა. ახლადმოკრეფილი ყვავილებით შეამკო სამარის ამობურცული მიწა.
მართას გამო წუხდნენ მშობლები და მათუსალას რჩევით მღეროდნენ, რომ უჭმელობით დასუსტებული გოგოსთვის წითელას არ დაერია ხელი.
ერთ საღამოსაც მთლად სახეაწითლებული დაბრუნდა ტყუპისცალის საფლავზე მყოფი მართა. ძლივს მოლასლასებდა სახლისაკენ.
ბებიამ ლოგინში ჩააწვინა და შეშინებულმა სახლის აივნიდან მათუსალას გასძახა:
 _  მათუსალაა! მათუსალაა!
 _  ჰაუუ!  _  საიდანღაც გაეხმიანა მათუსელა.
 _  გვიშველე, ქალო!
მათუსალა სიმღერით მოადგა სახლს.
სიცხისაგან იწვოდა მართა. მხიარულობდნენ მისი მშობლები.
შუაღამისას ჩაეძინა.
ჩაეძინა ბებიასაც.
ჩაეძინა სიმღერით დაღლილ მშობლებსაც.
მათუსალა იქ აღარ იყო.
უცებ მართამ თვალი გაახილა და იხილა, რომ ოთახში გუგუას ლანდი შემოვიდა.
 _  გუგუავ!  _  წამოიჩურჩულა მართამ.
გუგუა დასთან მივიდა, ხელი ჩასჭიდა და უთხრა:
 _  წამო!
მართამ იგრძნო, როგორ ამოვიდა მისი სული სხეულიდან და მსუბუქად გაჰყვა ძმას.
ანგელოზები ამოუდგნენ და-ძმას აქეთ-იქით და მიაცილებდნენ სინათლით გაკაშკაშებულ გვირაბებში და ბოლოს, ასევე სწრაფად სამოთხეში აღმოჩდნენ.
ლამაზად ბიბინებდა ათასნაირი ყვავილებით მორთული ხასხასა მდელო. იქა-აქა ლამაზი, თეთრი სახლები იდგა. უცნაური შუქით განათებულ ტაძართან ანგელოსთა გუნდი გალობდა.
არაამქვეყნიური შვება და სიამე იგრძნო მართამ.
შემოეხვივნენ იქ მყოფი თავის მეგობარი გოგო-ბიჭები, რომელნიც წითელამ წაიყვანა.
ტაძრის სიღრმიდან გადმოსული შუქი დიდი სიხარულით ავსებდა მართას და ლამაზ მდელოზე მეგობრებთან მხიარულობდა, ენითაუწერელ ნეტარებას განიცდიდა.
უცებ ერთი ჭაღარა კაცი მოეახლა მათ და გუგუას უთხრა:
 _  გუგუავ, დროა, წაიყვანე უკან.
გუგუამ მართას ხელი ჩასჭიდა.
 _  წამო.
 _  სად?
 _  დედასთან და მამასთან.
 _  არ მინდა იქ, მე აქ მინდა, მე შენთან მინდა ყოფნა,  _  შეევედრა მართა.
 _  არ შეიძლება.
 _  რატომ.
 _  ჯერ შენი დრო არ არის აქ.
 _  მაშ როდის იქნება.
 _  ჯერ შენ მიწაზე დიდხანს უნდა იცოცხლო შვილო,  _  უთხრა იმ ჭაღარა კაცმა.
 _  არ მინდა მიწაზე, მე აქ მინდა, არ მინდა მეც მათუსალასავით ვიყო იქ,  _  ატირდა მართა.
 _  წადი ახლა და ორჯერ კიდევ გამოვაგზავნი გუგუას რომ აქ მოგიყვანოს, სამჯერ მეტის უფლება არა გაქვს. ანგელოზები აქა_ იქ ამოუდგნენ და_ ძმას და უკან დააბრუნეს.
მართას სული სხეულში ჩაბრუნდა და წამოიკვნესა. მის კვნესაზე ბებიას გაეღვიძა და იმ წუთას სიმღერა მორთო.
თენდებოდა.
ცის კიდურზე იცრიცებოდა ცისკრის ვარსკვლავი.
სანამ მართა წითელას ებრძოდა, მანამდე ორჯერ კიდევ მოვიდა გუგუა და ანგელოზების თანხლებით საიქიოს წაიყვანა მართა.
მესამედ ჭაღარა კაცს შეეხვეწა მართა, ცოტა ხანს კიდევ დაეტოვებინა იქ, რომ გული ეჯერა მეგობრებთან და ძმასთან ყოფნით. ჭაღარა კაცმა ნება დართო.
 _  ახლა კი დროა!  _  თქვა რამდენიმე ხანში ჭაღარა კაცმა. გუგუამ მართას ხელი ჩასჭიდა. ანგელოზები აქეთ_ იქით ამოუდგნენ.
ცისკიდურზე უკვე გაცრეცილიყო ცისკრის ვარსკვლავი. მართას სახლიდან ბებიისა და დედამისის გულსაკლავი ტირილი ისმოდა. წელში მოხრილი მათუსალა სიმღერით მი-ლასლასებდა მათი სახლისაკენ.
სულმა დაინახა რომ მისი სხეული უძრავად იწვა ლოგინზე და დედა და ბებია გულზე დასტიროდნენ. მამა კედელზე იყო მხრით მიყრდნობილი და იმასაც ცრემლები ჩამოსდიოდა.
 _  რა გატირებთ, იმღერეთ, ღმერთის ნაბოძები, ღმერთმა წაიყვანა, იმღერეთ, სოფელს რას ერჩით!  _  უწყრებოდა მათ მართას უსულო სხეულთან ჯოხზე დაყრდნობილი მათუსალა.
მართას დედა მუდარით შეჰყურებდა მას და თითქოს ეუბნებოდა მზერით:
 _  მატირე, ცოტა ხანს მაინც მატირე შვილი, ქალო, ღმერთი აღარ გწამს?!
 _  იმღერეთ!  _  ჯოხი ჩაარტყა ოთახის იატაკს მათუსალამ და ამ დროს მართას სული სხეულში ჩაბრუნდა.
 _  ვაი!  _  წამოიკვნესა მართამ და თანდათან გაუვარდისფრდა სახე.
 _  ცოცხალია! ცოცხალი!  _  დაიძახა ბებიამ.
მართამ თვალები გაახილა.
 _  ცოცხალი ხარ შვილო?!  _  გადაეხვია მკერდზე დედა. კედელზე მიყრდნობილი მამა შვილისაკენ წამობარბაცდა.
 _  ხო გეუბნებოდით, იმღერეთ _ მეთქი!  _  თქვა მათუსალამ და სიმღერა წამოიწყო. მას დანარჩენებიც აჰყვნენ.
მართამ კართან მდგარ გუგუას მოჰკრა თვალი და გაუღიმა. ძმამაც გაუღიმა და ხელით დაემშვიდობა. მართამაც დაუქნია ხელი. იქ მყოფთ კარისკენ გაიხედეს, ვინ მოვიდაო, მაგრამ მათ ვერ დაინახეს გუგუა, რომელიც დას ემშვიდობებოდა, მერე კარში გავიდა და მართას მზერაშიც გაუჩინარდა.
 _  იმღერეთ, იმღერეთ!  _  იძახდა მათუსალა.
მართა ლოგინიდან წამოდგა სრულიად ჯანმრთელი.
 _  მოულბა გული, მოულბა, წითელას გული მოულბა!  _  ყვირილით გავარდა გარეთ მათუსალა და სოფელს გასძახა:
 _  იმღერეთ, ხალხო, იმღერეთ! წითელას გული მოულბა ჩვენზე.
მღეროდა მთელი სოფელი.
მღეროდა მთელი გუდამაყარი და მართას მოეჩვენა რომ ეს სიმღერა იკარგებოდა იქ, სადაც ხმელეთი და ცის ნაპირი მთავრდებოდა.
გაკვირვებული მზერით შეხედა მართამ მათუსალას.
 _  იმღერე ქალშავავ!  _  შეუტია მართას მათუსალამ და მართამაც წამოიწყო ლაღი, არაამქვეყნიური ნეტარებით სავსე სიმღერა.
ნელ-ნელა, ფეხაკრეფით მიიპარებოდა გუდამაყრის ხეობიდან წითელა.

??????