რაზიკაშვილი თედო
გაზიარება

ფითრი 

მცივა, მცივა! შემიბრალე, თავშესაფარი მომეც, სიცივით ნუ მომკლავ, ხო ხედავ, რა პატარა ვარ, ლამის ქარმა გადამაგდოს და თოვლმა დამახრჩოს! ბინა მომეც, ცისქვეშ ნუ დამაგდებ, - ასე ევედრებოდა სიცივისაგან სიკვდილის პირზე მისული პაწაწა ფითრის თესლი მსხლის ხესა, რომელსაც ამაყად თავი მაღლა აეღო და ირხეოდა. 
ქარი ჰქროდა, თოვდა, ნამქერი ტრიალებდა. 
მსხალმა წვერებიდან გადმოხედა ფითრის მარცვალსა; ეძებდა, ვინ ეძახდა, რა სულიერი იყო მთხოვნელი, ათვალიერებდა, მაგრამ არავინა ჩანდა. 
- გამოჩნდი, არ დამენახვები, ვიღაცა ხარ, ჭოგრიტით გეძებო? სადღაც შემძვრალხარ და წრიპინებ! - ჩამოსძახა გაჯავრებულმა მსხალმა. 
ფითრის მარცვალი ზედ ტოტზე აცოცდა, ქერქს ამოეფარა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, იჭიმებოდა: დამინახოსო. თან მსხლის ქერქს ეკვროდა, ებღაუჭებოდა, რომ ქარს არ ჩამოეგდო ძირსა. 
- აქა ვარ, პატარა ვარ, დაიხარე კიდევ, რო დამინახო; ჩემი ტოლ-ამხანაგებიდან მარტო მე დავრჩი. გაუმაძღარმა ჩხართვმა გადაყლაპა ყველანი, მეც ნახევრად დაგლეჯილ-დაფლეთილმა აქ შენ შემოგაფარე თავი. შენ თუ არ დამმალე, ის მსუნაგი მეც ჩამყლაპავს, არ გადვურჩები. 
მსხალიც მოიდრიკა, აიყვანა ფითრის თესლი და სინჯვა დაუწყო. 
- რა პატარა ყოფილა ეს საცოდავი! ამისი თავშესაფარი რა უნდა იყოს, ან ამისი შეჭმა ვის რა უნდა გაუხდეს, რა მუცელს გაუძღობს?! - იფიქრა მსხალმა. 
რამდენი ჭია-ღუა ზის ჩემ ქერქქვეშ, დათბება, - გამოძვრებიან, თავის გზაზე წავლენ. არც მოსვლასა მკითხავენ, არც წასვლასა. 
წეღანაც კოდალა იყო აქა. თავიდან ფეხებამდე სულ გამსინჯა, ამივლიდა და ჩამივლიდა, იმის ნისკარტს ჩემს ტანზე რაკარუკი გაჰქონდა. საწყალ ჭია-ღუებს გულები დაუსქდათ, მევედრებოდნენ: - შეგვიბრალე, ნუ შეგვაჭმევ ამ მოსისხლესაო! მე რა მეშველა? - ბევრი ჩაყლაპა და ბევრიც გადარჩა ისევ ჩემ ქერქში. 
მუხა მეძახდა: კაცო, ჭკუაზე მოდი, რამ გაგასულელა, ვინც მოგადგება, შენც კარებს უღებ, იმათაც აუღიათ თავი და ყველა შენზე მოცოცავს. მე გირჩევ, რაც ქერქქვეშ ჭიები და ბუჭყები გისხედს, გარეთ გამორეკე, კოდალამ შეჭამოსო. აღარ გახსოვს, გაზაფხულზე როგორ ჰყვავი? გამვლელ-გამომვლელი იძახის: “ძალიან მოაქვს ამ მსხალსა, ბევრს მოისხავს წლეულობითაო!” გავა ცოტა ხანი, დაიყვავილებ, წვრილი ნაყოფი ჯერ ბევრი გასხია, თითქო ფოთოლსა სჭარბობს. მოდის ზაფხული, სადღაა ხილი? მეათედი აღარ გასხია. 
- რა იქნა, სად წავიდა, რამ ჩაყლაპა? 
- რამა და სულ მაგ ჭიებმა, შენ რო შემოგხიზვნიან. თვალი გაახილე, თვალიო, - თითქო მე ბრმა ვიყო. 
- ნეტაი შენა, მუხავ, რო მაგისთანა ეჭვიანი ხარ, ნიადაგ ბევრი ნაყოფი შეგრჩება. 
მერე კაკალსა ვკითხე. 
კაკალმაც ისეთი პასუხი მომცა, როგორიც მუხამ. 
- მე მაგათი შიშით ჩემს თესლს ორნაირ ტანისამოსში ვახვევ, გარეთ მწარე წენგოს ვუკეთებ, შიგნითაც ძვალივით მაგარ ნაჭუჭს, მაგრამ მაინც კიდევ უზარალოდ ვერა ვრჩები, ნახევარს მაინც ეგ ჭიები მიჭამენ და მიფუჭებენ, მაგათგან კარგი არა გამოდნება რა, მუხაც მაგას გეტყოდა, ჭკვიანია, შენც გაფრთხილდიო. 
- მცივა, მცივა! - წრიპინებდა ფითრის თესლი, აქვე შევძვრები, თორემ ეს არის სული ამომივა. 
- შეძვერ, შე საწყალო, ადგილს როგორ დაგიჭერ, - უთხრა გულმტკივნეულად მსხალმა, - თუ თქვენები კიდევ ნახო ვინმე გაჭირვებული, მოვიდნენ, არ დავიშურებ არც იმათთვის ბინასა. თქვენ ხომ ნაყოფს არ შემიჭამთ ჭიებივით, მუხა რო იძახდა? 
- რასა ბრძანებთ თქვე დალოცვილო, ჩვენი ჯიში ხილეულს არ ეწყობა და არც მე გიახლებით, არხეინადა ბრძანდებოდე. ოჰ, რა მადლობელი ვარ, რა მადლი მიყავ, ერთი სული მომარჩინე სიკვდილსა, თუ ფითრი ვარ, გადაგიხდი შენს სიკეთესა. 
ფითრის მარცვალი შეძვრა მსხლის ქერქქვეშ, სადაც უფრო ღრმად იყო გახეთქილი და ზედ ცილაზე მიეკრა. 
- “ოჰ, რა კარგადა ვარ, არც შემცივა, არც მომშივა!” - ბუტბუტებდა ფითრი. 
- ვის ელაპარაკები, მად ყოფნა ხომ არავინ დაგიშალა? - ჩამოსძახა მსხალმა. 
- არა, გენაცვა, ნაცნობი შემხვდა, იმას გამოვეხმაურე. 
- ხომ აღარა გცივა, ვერ გათბი? 
- ახლა რაღა მიშავს, რაკი ჩხართვს თავი დავახწიე და შენ შემოგეხიზნე. 
*** 
ფითრის მარცვალმა ის ზამთარი მსხლის ქერქში გაატარა. 
არა სციოდა, არა შიოდა, მტერი ვერაფერს დააკლებდა და დუშმანი, ისე იყო შემძვრალ-შემალული, სინათლეც კი ვერ დაინახავდა. 
რამდენიმე დღეს შიშით თავი არ გამოუყვია გარეთ. სულ ჩხართვი ელანდებოდა, ან ახლა ჩამცხებს ნისკარტს და ან ახლაო. 
არ იცოდა, დღე იყო, თუ ღამე. მაგრამ დრო გავიდა, თავის მდგომარეობას შეეჩვია. პირველმა შიშმაც გადაუარა. 
ერთხელ მზის შუქი პირდაპირ თვალებში მიადგა ფითრსა. ფითრმაც ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა, გაინძრა, გაიშალა ცოტათი წელში, მზეს თვალი აარიდა და ზურგი კი უცხუნა. 
ძალიან ესიამოვნა მზის სტუმრობა. 
“ახლა აღარა მიშავს რა, რაკი ჩემს სადგომს მზემაც მიაგნო, - ფიქრობდა ფითრი, - თქვენ კი მანდ გეძინოთ, ჭია-ღუებო, ზოგს კოდალა ამოგთხრით და მძინარს ჩაგყლაპავთ, ზოგს ქარი ჩამოგყრით ძირსა. იქაც კაჭკაჭები და ჩხიკვები კაი გემოს ჩაგატანენ. მე კი აქ არხეინად ვიჯდები, პატარა, თქვენგან ათვალწუნებული ფითრი, ნახავთ, როგორ გავიზარდო და გავსუქდე. მსხალს კაი ღონიერი ფესვები აქვს, საკმაო საჭმელი გვექნება. მსხალი მომაწოდებს მიწიდან მზამზარეულს საზრდოსა. მოხმარება ჩემზე ჰკიდია”. - ასე ფიქრობდა ფითრის მარცვალი მზის შუქისაგან გახარებული. 
ქარი გრიალებდა. თოვლი მზეზე სპეტაკად ბრწყინავდა. 
მსხალი ნელა-ნელა ირწეოდა. ჭია-ღუები ღრმა ძილში იყვნენ გაზაფხულის მომლოდინენი. მართლაც ბევრი მათგანი ფრინველებისა და თაგვების წერა ხდებოდა. 
ფითრმა კი რაკი მზის შუქი დაინახა, რაღა დააძინებდა. ფიქრად გადაიქცა, სულ რაღაცას საზრობდა, დღეებიც გადიოდა და მზესაც სითბო ემატებოდა. 
რამდენიც დრო გადიოდა, იმდენი ფითრიც იცვლებოდა, მსხლის ქერქზე ტკიპასავით დაკრობილი, იზრდებოდა, იბერებოდა, სულ განგან იწევდა. მსხლის ცილა რამდენიმე ალაგას ჩაეხვრიტა და ტუჩებით დაჰკვროდა. 
მსხალს აღარც კი ახსოვდა ფითრი, ან კი რა ყურადღების ღირსი იყო! რამდენი იმისთანა შემოხიზნული თბებოდა და ძღებოდა მსხლის ოფლითა! კიდეც რო ხსომებოდა, ბევრსაც არ ინაღვლიდა ფითრის გულისთვის: ვინ იცის საწყალი სად გადავარდებოდა, რა შესჭამდაო. 
ცილაში ჩაკრობილი ფითრის თესლი კი რაც ძალი და ღონე ჰქონდა წუწნიდა ახლად გამართული ტუჩებით, ისეც სიცივისაგან გამოფიტულ მსხლის ქერქსა. 
ეს სისხლის წოვნა კი უგრძნობელი არ დარჩა მსხალსა. 
- რაღაცა მიღიტინებს, თითქო არცა მკბენს და არც მწუწნისო, - იძახოდა შეშფოთებული მსხალი და იჭროლებოდა მთელი ტანითა. - ვინ იცის დაუდეგარი ჭიები თავშესაფარს ხვრეტენ. კოდალამ მაინც ჩამოიაროს და მომაშოროს ეს აბეზრები. 
კოდალამაც რამდენჯერმე ჩამოუარა და გაარაკრაკა ნისკარტი იმის ქერქზე. დამფრთხალ ჭიებსაც ამ ხმაზე ელეთმელეთი მოსდიოდათ. შეშინებულები ხან აქ ამოჰყოფდნენ თავს, ხან იქა. 
კოდალასაც სხვა არა უნდოდა რა, სტაცებდა პირს და ყლაპ! 
- მსხალს კი მაინც ისევ რაღაცა უღიტინებდა და რამდენიც დრო გადიოდა, იმდენი მოუსვენრობა ემატებოდა. 
*** 
გავიდა ზამთარი. ჭია-ღუები დათბნენ, დაცოცხლდნენ, გამოძვრნენ მსხლის ქერქიდან, ფრთიანები ცისქვეშ გაფრინდნენ; უფრთონი ზოგი ძირს დაეშვა ნეხვის საძებნელად, ზოგი ტოტებზე გავიდა ყვავილის კვირტებში კვერცხების ჩასადებად. 
ფითრი?! იმან რაღა ქნა? 
სადაც ფითრი შეძვრა, იმ ადგილზე ერთი მწვანეთ გაღაღანებული ბატის ფრთის სისხო ყლორტი ამომძვრალიყო და ორიოდე ფოთოლიც გაჰშლოდა. 
- გამარჯვება, ფითრო! აქ რამ ამოგიყვანა, ამ ქორფა მსხალზე? - ეკითხებოდა გაკვირვებული ხავსი - ოცი წელიწადია მაგ მსხლის გარშემო ვტრიალებ, მინდოდა როგორმე ამოვსულიყავ, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე; დახე, დახე, ისევ შენ არ დამასწარ. ოჰ, რა ეშმაკი რამა ხარ! შენ მანდ არხეინად უნდა იჯდე და მე აქ უნაყოფო ქვებსა და გადამღრძვალ ხეებს შევცქეროდე! 
- რა არის, კაცო, შეგშურდა ჩემი აქ ამოსვლა, თუ რა დაგემართა. მოესწრები შენც ამოსვლასა. მეც ხომ ეს არის ახლა ვერევი ქვეყანაში, ჯერ წუთისოფელი არ მომიჭამია. ღმერთმა ააშენოს ჩხართვის ოჯახი, ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ იტყვიან, სწორედ ჩვენზე არის. ის რომ არა გვჭამდეს, ჩვენი გვარი დუნიაზე ამოვარდებოდა. მოგეხსენება, რა ღორმუცელაა ის შეჩვენებული, სადაც კი ფითრს ნახავს, იქ დაიბუდებს, აღარ მოეშვება, სანამ სათითაოდ არ გამოჰკენკავს. ჩვენც ძალიან ამტანები ვართ. ჩხართვის მუცლიდანაც კი ბევრი ისევ უვნებელი გამოდის. წავა ჩხართვიც, სადმე ქორფა მსხალზე, ან ვაშლზე მოსკინტლავს, ჩვენებთაგანიც ვინმე გაჰყვება სკინტლში უჭირველ-უტკივარი. ძალიან ბედნიერადა გრძნობს იქ თავს. სამშობლოს მოშორებული თავისთვის იწყებს წარმოებას, შეხედავ სამი-ოთხი წლის შემდეგ ერთი უშევლებელი გამხდარა, მსხლის ტოტებში მწვანე კორდივით გადაფენილა. გამრავლდება, გაამსებს ტოტებსა, და დაიჭერს მთლად, ყველა ადგილს. საკვირველი კაი ჯიში გვაქვს! ის არის კიდევ საკვირველი, რომ თუ არ ხეზე, თუ არ მზამზარეული საკვებით, ჩვენი გვარი ვერ ხეირობს. თუ სხვას არ ვასხედვართ, დედამიწაზე ჩამოყრილები ერთ დღეს ვეღარა ვცოცხლობთ, რამდენსაც განვიბნევით, იმდენი ვმრავლდებით და ვსუქდებით, ჩვენი სამშობლო იქ არის, სადაც ხეებია. საფითრეთი არსად გამიგონია. ან კი საიდან რა მეცოდინება, სულ ერთი ზამთარია რაც აქ მოვედი. ამ მსხალმა შემიფარა, ბინაც მომცა და საჭმელიც, მეც დავბინავდი და ფესვები მაგრად გავიდგი, სამუდამოდ აქ ვაპირებ დარჩენას, სანამ მე ცოცხალი ვარ, ეს მსხალიც იცოცხლებს და მეც არა გამიჭირდება რა, როცა მე აღარ ვიქნები, ჯანი გავარდეს, ვინც დარჩეს, თავისთავს თვითონ მოუაროს. შენი ჯიში ვიცი, ხავსო, მალე შენც მესტუმრები. 
- ძალიან რომ გამრავლდეთ და მსხალი აღარ გეყოთ საწუწნად, მაშინ რაღას იზამთ, ერთმანეთს ხომ ვერ დაჭამთ? - ჰკითხა ცბიერებით ხავსმა. 
ფითრი გაჩუმდა, პასუხი არა მიუცია რა. 
მსხალს ესმოდა იმათი ხმაურობა, მაგრამ რასა ლაპარაკობდნენ, კი ვერ არჩევდა. ეს ძალად სტუმრები უცხო-უცხო ენაზე ლაპარაკობდნენ; ფითრს არ იცნობდა, ხავსი კი გაეგონა და ენახა კიდეც. აგერ, აიმ ბებერ მუხას როგორი ხავსები ეკიდა. ძირზე შავად ჰქონდა ბალანივით შემოდებული და ტოტებზედაც აბლაბუდასავით ჩამოჰკიდოდა მწვანე ფოჩებივით. 
*** 
თუ სხვა წლით იზრდებოდა, ფითრი დღითა. ღერს ღერი ემატებოდა, ტოტს ტოტი, ფოთოლს ფოთოლი. 
გასუქდა, გალაღდა, გაიბარჯღა, გაიზარდა; გაშალა შორს თავისი ბრჭყალები. ფესვებიდან მომდინარე წვენს წვერებისკენ აღარ უშვებდა, სწოვდა როგორც ობობა ბუზსა, სწუწნიდა, როგორც ბალღი შაქარსა, ძღებოდა, როგორც სვავი სისხლითა. 
მსხალი კი თანდათან იმშეოდა. 
ახლა კი მწვავედ იგრძნო მსხალმა ტკივილი იმ ადგილზე, სადაც ფითრი აჯდა. მჭამელივით სჭამდა და ჰგლეჯდა რაღაცა, სჩხვლეტდა და სწვავდა შანთივითა. 
- ვინა ხარ, რა ხარ, რა სულიერი ხარ? აღარ მომშორდები?! - ეკითხებოდა ფითრსა. - თუ სტუმარი ხარ, სტუმრობა ამდენი ხანი არ გაგონილა, სხვებიც იყვნენ ჩემ ქერქქვეშ შემოხიზნულები, მაგრამ წავიდნენ თავის გზაზე, მგონი შენც ისე უნდა ჰქნა. სტუმრის წესი აასრულო. თუ მტერი ხარ, გამაგებინე; გამეცალე, რას ჩამციებიხარ?! 
- ხა! ხა! ხა! - გადიხარხარა ფითრმა ისეთი საძაგელი და საზარელი ხმითა და კილოთი, რომელშიაც გამოიხატებოდა მწარე და გულის მომკვლელი დაცინვა. - სად უნდა წავიდეთ, ვერა ჰხედავ, რამდენი ვართ?! ჩვენი სამშობლო ეს არის. აბა გაიხედე აი იმ ტოტებზე! 
მსხალს თვალი დარჩა იქით, საითკენაც ფითრი უჩვენებდა. აუარებელ წვრილსა და მსხვილს ფითრს ამოეყოთ თავები მსხლის ტოტების ქერქიდან და დაჯეჯილებულიყვნენ. 
დაფიქრდა მსხალი, თითქო ახლა-ღა იგრძნოვო, მთელმა ტანმა დაუწყო ქავილი და ჭამა. 
- არ მომშორდებით მაშა, ვიღაცეები მოთრეულხართ ამ ჩემ ტოტებზე! - დაუყვირა მსხალმა. - თქვენი ნებით წადით, თორემ სულ ძირს ჩაგყრით და ირემს შეგაჭმევთ. 
ყელმოღერებული ნაიალაღარი ხარირემი ამაყად და მსუბუქად ატრიალებდა მრავალ შტოვან რქებსა. აქა-იქ ჰგლეჯდა და ჰყლაპავდა ხეებიდან ხავსსა. იმ დალოცვილის რქებში არწივი გაიკეთებდა ბუდესა. ბაღს გარს უვლიდა და ხეებსა ჰკორტნიდა, მსხლის ხმაურობაზე თვალი მაღლა დარჩა, იქნება ჩამოყაროს რამეო. ფითრები არხეინად ისხდნენ და ყურსაც არ იბერტყდნენ. 
გაბრაზებული მსხალი კი ძირიანად ირყეოდა, უნდოდა მათი ჩამოყრა. 
ირემი კი ნაღვლიანად იღიმებოდა. 
ფითრი, თითქო ჯიბრზე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, სწოვდა მსხალსა. ახლა აღარც იმალებოდა და აღარც თავს იკატუნებდა. ისე იყო გასუქებულ-გათამამებული, რომ ყველა გაიგებდა საიდანაც მოჰქონდა საზრდო. ფოცხვერივით აჯდა კისერზე და სწუწნიდა, რაც შეეძლო. 
მიდოდა ხანი და მსხალს უფრო და უფრო უჭირდებოდა საქმე. 
ჯერ შუახნისაც არ იყო და ბებერს კი დამსგავსებოდა. დახავსებულ-დაძაბუნებული ქერქი ძონძებივით ეკიდა. ერთი ფრჩხილის ტოლა ნაზარდიც აღარ უჩანდა... 
სასოწარკვეთილი, ღონემიხდილი აქეთ-იქით იხედებოდა, ეძებდა მშველელს, არავინ კი შველოდა. 
- ქარო! ქარო, - შეევედრა ქარს, - ერთი შენებურად დაუქროლე და ეს ფითრები მომაშორე, ხო ხედავ ვკვდები. 
- როგორ მოგაშორო, შე საცოდავო, ძირიან თუ მოგტეხ, თორემ ეგენი შენ არ მოგშორდებიან, აბა რა გიყო, რა გიწამლო?! 
- კაცო, შენ მაინც მომაშორე ეს ფითრები, ლამის ზეზეურ ჩამომახმონ, ცოცხალი გამომსუტონ, - ეხვეწებოდა ძროხების პატრონს მსხალი. 
- შე დალოცვილო, ჩემთვის ისა სჯობიან, რაც უფრო ბევრი ფითრი ესხმის ტყესა; ჩემს ძროხებს ძალიან უყვართ და ძალიანაც ასუქებს. - უპასუხა მწყემსმა. 
აღარავინ იყო მშველელი, აღარავინ! 
*** 
ზამთარია. ქარი ჰქრის, თოვლსა ჰყრის, ზუის და წუწუნებს. დატიტვლებულ-დაშიშვლებული ხეები ქარის ქროლაზე ბუზებივით ბზუიან და ნადირივით ღმუიან. დახედე სიცივეს, უენოსაც კი აკვნესებს! აღარსად არა ჩანს სიცოცხლის ნიშანი. მწვანე ფოთლების მაგივრად თოვლი დაჰყინვია, ბარდანი დასდებია ხეებსა. ზაფხულის მომღერლების მაგივრად ქარი შემოჰღმუის. სიცივისაგან დაფიჩხებული ტოტები კანკალებენ და ცახცახებენ. გაყინულ-გაქვავებული ვეღარ უძლებს ქარის მოწოლას, ტყდება და პარტყა-პურტყით მოაჩახუნებს ძირსა. ყველა შეუშინებია და შეუძრწუნებია ზამთრის სუსხსა. მხოლოდ ბაიბუათაც არ იგდებს ფითრი. ის ახლა მწიფს და ნაყოფიერდება. ნახევრად დამტვრეულ-დაძაბუნებულ მსხალს, ქორის ბუდეებივით ასხმია და მწვანედ ხასხასი გააქვს. მარტო ისა ხარობს და ლხინობს. იმისთვის არც სიცივეა, არც ზამთარი, არც მიწა გაეყინება, არც წყალი დაუშრება. 
ამდენი უზარმაზარი ხეები საცოდავად შესტირიან მოღუშულ ცას! ფითრი კი აზის ზურგზე მსხალს და დღე და ღამე სწოვს და სწუწნის. 
ჰაი, ჰაი, ფითრო, აღარ გახსოვს ამ ათი-თხუთმეტი წლის წინათ როგორი იყავი, როცა მსხალს თავშესაფარს სთხოვდი. ახლა კი მსხალმა შენ უნდა გთხოვოს, რომ სიცოცხლე აჩუქო იმ საბრალოსა! 
აღარც ქარი გაშინებს, ისიც შენ გემსახურება. ქარსა და ჩხართვს მრავლად გააქვს შენი თესლი და ირგვლივ ხეებზე ჰდებს. სად არ მოუკალათნია ფითრსა, სად არ აცოცებულა და არ გამოჭიმულა! 
მსხალზე, ვაშლზე, თელაზე, იფნაზე, რცხილაზე, მურყანზე, კაკალზედაც კი აქა-იქ ამძვრალა, თხილზე, ნაკერჩხალზე, ვერხვზე. მუხის ტოტებშიაც კი ამოუყვია თავი. სად არ არის, სად არ გაჩენილა! მაგრამ ისე კი ვერსად მოუკიდნია ფესვი და გამრავლებულა როგორც მსხალზე. იმის ნაზი ქერქიდან უფრო ადვილად და გაუჭირებლად სწუწნიდა საზრდოსა, ვიდრე მუხის გაქვავებულ-გაშეშებულ ქერქიდან, არც დიდი დღე აქვს მუხაზე ამოსულსა. ცოტა ხანს იღონღიალებს, მორჩება მერე და მოისპობა, აგრეთვე კაკალზე. ბრალი მსხლისა! 
*** 
გავიდა ხანი. კოხტა თავმომწონე მსხალი უდროვოდ დაბერდა, ასი წლის ბებერივით მოიკაკვა, დახავსდა, დაიღმიჭა, დაეღრიჯა ქერქი, დაუსკდა ტანი. ტოტები დაუკოპიტდა, ზოგი დაემტვრა, ზოგიც ნახევრად ხმელი აქა-იქღა გაეშვირა. საცოდავი შესახედი იყო! 
ვაი შენი ბრალი, შე საწყალო! ხილს შენ აღარ ისხამ და შტო შენ აღარ გეზრდება! 
წლის ნაზარდი სრულებით აღარა ჰქონდა. სულ უკან-უკან მიდიოდა. 
- რა დაემართა ამ მსხალსა! - იძახდა პატრონი. - სანამ პატარა იყო, მსხმოიარობით ტოტები ემტვრეოდა, იმის ხილი პირში დნებოდა. ახლა კი მაგის ქეციან ნაყოფზე კაცს შესახედავადაც აღარ მიუვა გული. 
- უნდა მოვჭრა, მეტი ღონე არ არის, ტყუილად ადგილსა ჰსაფრავს, მართალია ცოდოა, არ არის გასამეტი, მაგრამ რა ვქნა, მაგის ადგილზე ახლა სხვას დავრგავ, რათ მოვაცდინო ადგილიო. - ენანებოდა პატრონს, არ უნდოდა იმისი ჯიშის გაწყვეტა, მერე იმისთანა იყო ის ძირკურთხეული, რომ მთელს იმ არემარეში იმაზე კარგი აღარა იყო რა. 
- რას უვლი, ფიდონ, მაგ მსხალსა, რა ცული დაგიჭერია, რას შესცქერიხარ, შეშა ხომ არ შემოგელია და ხმელი ტოტების შერთმევას უპირებ? - დაეკითხა გზაზე მიმავალი მეზობელი მსხლის პატრონს ფიდონას, რომელიც ხელცულიანი მსხალს შესტრიალებდა, უვლიდა აქეთ-იქით, და არ ემეტებოდა მოსაჭრელად. 
- რას ამბობ, კაცო, რის ხმელი ტოტები, მინდა ძირიანად მოვჭრა და მოვიშორო, მინდა ამის ადგილზე ახლა სხვა დავრგო. რა ხანია შევცქერივარ, აღარაფერს ისხამს, მომატების მაგივრად ამან სულ უკლო და ახლა თითო-ოროლასღა იბამს და იმასაც პანტასავით. ბარემ მოსაჭრელი ხილი არ არის, ამისთანა ჯიშის მსხალი არსად მეგულება. ვინც კი გემოთ ნახა, ყველამ წაიღო სამყნობი ტოტები, ალბათ, ბარაქა და იღბალი თუ გაჰყვა სადმე, აღარ ვიცი, ღმერთმანი, რამ გადააგვარა ამისთანა ბედაური მსხალი! 
- კაცო და ეს ფითრი რო შესხმია, რატომ არ უპატრონე, მაგაზე მეტად რა აფუჭებს ხეხილსა? ვისაც კი თავის ხეხილი უყვარს და ეზოგება, განა ფითრს დააყენებს ხეებზე? მოაშორე, არ იქნება, ისევ არ გამობრუნდეს, - ურჩია მეზობელმა. 
- როგორ მოვაშორო, ერთი მოვგლიჯო, იმის ადგილზე სხვა ამოვა, - უთხრა ფიდონამ, - რა ეშველება, რა ვუყო? 
- გადაკაფე დაზიანებული ფითრიანი ტოტები, სხვა ნორჩს აიყრის და გადახალისდება. ისევ ისეთ ხილს მოისხამს, როგორიც წინათ, - ურჩია მეზობელმა. 
- შენს პირს შაქარი, თუ კი მაგის მეტი არაუნდა რა. გადაკაფვა რა დიდი საქმეა, თუკი ისევ აიყრის. ვაი თუ გახმეს და აღარა აიყაროსრა. რა მომაგონებდა, ძმაო, თუ ფითრს მაგოდენა ნავნების მოტანა შაეძლო. 
- ვაი, შენ ჩემო თავო! - წამოიძახა გაბრაზებულმა მეზობელმა - მოიტა აქ ე ცული, თუ შენ არ იცი, როგორ მოიქცე! 
კაპ! კაპ! კაპ! კაპ! - მოისმოდა ცოტა ხანს შემდეგ ფიდონას ბაღიდან ცულის ხმაურობა. 
მსხალს შიშით და ელდით თავისი დაემართა. ღაპაღუპით ცრემლები ჩამოსდიოდა. 
კაპ, კაპ, კაპ, კაპ, - ისმოდა ცულის კაკუნი, თან მოჭრილი ტოტების ჭრიალი და ბარტყუნი. 
ოჰ, რა შეშინებული იყო მსხალი! რა ტკივილსა გრძნობდა, თითო ცულის დაკვრაზე თითო ლიტრა ხორცი ადნებოდა. 
ტოტებს რომ ჭრა და მორვა დაუწყეს, იმას კინაღამ სული ამოხდა. 
“ახლა კი დაითვალა ჩემი დღეებიო, - ფიქრობდა მსხალი, აღარაფერი მიხსნის!” 
დახუჭა თვალები, თითქო არ უნდა სიკვდილის თვალით დანახვაო. თავისთავი მკვდრად მიაჩნდა. 
მაგრამ აგერ, აგერ ძირიდან, მიწის ჯურღმულიდან რაღაცა ხმაურობა და დუდუნი მოესმა, რომელსაც, თანდათან უფრო და უფრო არკვევდა. 
- ჩვენ ისევ ცოცხლები ვართ, არ მოვკვდებით, ჩვენამდე ჯერ სიკვდილს არ მოუღწევია, სასოებას ნუ ჰკარგავო. 
იძახოდნენ თურმე ფესვები, ისინი ისევ ღონიერი, მძლავრი, მრავალნი, უთვალავნი იყვნენ, თავისთვის ჩუმად ბნელს, უმზეო, თვალჩაუხედველ უკუნში მიმალულ-მიჩქმალულნი, მსხალს ახალ-ახალი ტოტებისთვის უხვ საჭმელ-საზრდოს უმზადებდნენ და აწვდიდნენ. 
*** 
სამს წელს შემდეგ მომხვდა ჩამოვლა იმ სოფელზე. ფიდონას ხუთი ექვსი ბალღი სიამოვნებით შეცქეროდნენ ქარვასავით ყვითელ დაშაქრებულ მსხლებს, ან ახლა ჩამოვარდება, შევჭამოთ, ან ახლაო. 

1896 წ.

??????