ჭავჭავაძე ილია
გაზიარება

პოეტი 

მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო,
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არა მარტო ტკბილ ხმათათვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.

მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.

დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვასა და სიხარულში;

ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...

მაშინ ციდან ნაპარწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!

23 ივლისსა, 1860.
პავლოვსკი

??????