ჭავჭავაძე ილია
გაზიარება

დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან 

დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან,
მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი
ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,
თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;

რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან
ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან,
გულწრფელობითა და სიმართლითა
მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა:

- იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში,
შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა!
თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან - ჩრდილში -
ამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა.

1858-სა წელსა, 19-ს ნოემბერს,
ს. პეტერბურღი

??????