სტურუა ლია
გაზიარება

ვინ ხარ ახლა? 

ელგუჯას

ცივ ბროლს ათბობს
წითელი ღვინო,
მოდი, ვივახშმოთ
ფლამანდიური ნატურმორტებით!
მე დაღლილ ხორცს
დავდებ სკამზე,
შენ სულს ჩამოკიდებ ჰაერში
და შეგეკითხები: _ ვინ ხარ ახლა?
ქარი, რომელსაც ჩიტების თაიგული
მიაქვს ღმერთთან?
იმ დარდის სიმძიმე,
მხრები რომ დაგინგრია,
სინამდვილეში კი წონა
არ ჰქონდა?
ან იქ ვინ შეგხვდა?
გოგლიმოგლივით ტკბილი პოეტები,
თუ მკვახე ქურდები,
შეიძლება, ჰაერს კბილები მოეკვეთოს?
შეგიძლია, წარმოიდგინო,
როგორ გამეფშიკა ხელი,
რომელსაც შენი მაჯით ვივსებდი?
ვერავითარი ნაყოფი, ჭიანი,
თუ კვადრატისგულიანი ამას ვერ შეცვლის,
ინფარქტების წყვეტილ ხაზზე
ვერ მახტუნავებს!
სიმარტივისკენ გადავიხარე:
აღარ მაღელვებს რევოლუცია
მხატვრობაში, ჩიტებს ნაფშხვენებს
ვუყრი და შენ გაპურებ,
გამაძღარი ისე მაღლა ახვალ,
რომ შეიძლება ლაჟვარდს
ნერვები აღმოუჩინო
და გაგახსენდეს, რომ ჩემს თავში
დაგლეჯილი მავთულები შესაცვლელია...
კიდევ ერთი აზრი მწიწკნის,
იქნებ, საკუთარი სისხლი,
არცთუ მჩქეფარე, უარყოფითრეზუსიანი,
მაგრამ, ჯერჯერობით, ცოცხალი,
გადმოგისხა ტანიდან,
როგორც ღვინოს ასხამენ,
წითელ ღვინოს ცივ ჭიქაში
და, წინასწარ, გული უთბებათ

??????