სტურუა ლია
გაზიარება

ჩემი ავტოგრაფი 

კიბიდან ძირს ვიხედები:
მანძილი იატაკამდე
ერთ პრიალა მორს ემსგავსება,
გადახტომის სურვილი
შიშზე წაიფორხილებს:
პოლირებული ზედაპირი
უფრო მკვლელია, ვიდრე
ამებასავით გადღაბნილი სივრცე...
რატომღაც მაგონდება,
როგორ ვუვლიდი საერთო აივანზე
მეზობლის ავადმყოფ ძაღლს,
რომლისგანაც ტკიპა შემაცოცდა
და ის ხორციანად ამოგლეჯილი
ტკივილი ბუნების საჩუქარი იყო
დღევანდელ უსაგნო
ტკივილებთან შედარებით.
ადრე დაიწყო ფოთოლცვენა
თუ ადამიანს ყოველთვის
ასე ჰგონია?
— ო, რა კარგი იყო ზაფხული!
როგორ უხდებოდა
ვაშლებს ტკბილი ხორცი!
რა ძალა ჰქონდა სიტყვას!
აღტაცებული ნაწილაკი „ო“
წარსულში დარჩა,
მძიმედ ქშინავს ქალაქი —
ჩემი მრავალსართულიანი ავტოგრაფი...

??????