ისიანი სევერიან
გაზიარება

ჩემს ლურჯას 

გადარუჯული ცეცხლით ველები
და მწვანე მთების მხარგაშლილობა...
შენ დამცქეროდი გულგახელებით,
თითქოს გტკიოდა ჩემი ჭრილობა.
 
ქაფიან ნაპირს მოადგა ნავი
და ჩვენ დავშორდით ერთმანეთს მალე.
შენი ჭიხვინი გულშემზარავი
მომაგონდება და მაჟრიალებს.
 
მე განშორებას ბევრს მოვესწარი,_
ასე წავიდა ჩემი ცხოვრება,
მაგრამ ისეთი ძნელი და მწარე
მაინც არ მახსოვს მე განშორება.
 
ეს მეგობრობა რას შევადარო,_
საყვარელ მიწას ერთად ვიცავდით.
ჩემო ლურჯაო, ცეცხლში ნატარო,
ხსოვნას შერჩები კუბოს ფიცრამდი.
 
შენი მხედარი ისევ მხნედ არი,
შენთან იყო და შენთან დარჩება.
ბრძოლები გველის უფრო მედგარი
მშობელი ქვეყნის გადასარჩენად.
 
ბავშვების მკვლელებს მივსდევდით მაშინ,
ზეცა რომ იქცა ცეცხლის ენებად.
აქ, ჰოსპიტალის მყუდროებაში,
მე არასოდეს მომესვენება.
 
ფანჯრებს შორდება მზე ჩამავალი,
შორი ღრუბლების ზღვაში ვარდება.
ვფიცავ, არ მინდა მე სხვა წამალი,_
მომარჩენს ერთი განავარდება.
 
ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს მალე,
ტყვიის წვიმაში გამოვლილები.
კვლავ დაგიკოცნი ჭკვიანურ თვალებს
და დუშმანს რისხვად მოვევლინებით!
 
1942 წ.

??????